საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საერთაშორისო დამკვირვებლებს ითხოვს

საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საერთაშორისო დამკვირვებლებს ითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილის თორნიკე გორდაძის თქმით, სანამ რუსეთის საზღვრები უფრო გამჭვირვალე არ გახდება, საქართველო ამ ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. მოსკოვი 18 წელია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის

„ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ. მსო-ს წევრობა მოითხოვს საზღვრების გამჭვირვალობას და ჩვენც სწორედ ეს გვსურს“ – გორდაძემ კრინიცაში (პოლონეთი) განაცხადა თავის ინტერვიუში – „მაგრამ რუსეთი თავიდანვე არღვევს ამ პრინციპს“. საქართველოს, ყველაზე ცოტა „საზღვრებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა“ სურს.

ამ თვეში საქართველო და რუსეთი შვეიცარიაში განაგრძობენ მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. რუსეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს, ამ მხრივ მან ჩინეთის რეკორდსაც გაუსწრო, რომელიც მსო-ს წევრობას 15 წელი უცდიდა. მაშინ როდესაც, რუსეთის გაწევრიანებას აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ, მისი სამხრეთელი მეზობელი საქართველო წინააღმდეგია, რაც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ამწვავებს.

„ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი მსო-ს წევრი გახდეს. ეს აიძულებდა მას წესების დაცვას, რომელსაც ამ ეტაპზე არაფრად აგდებს, მაგალითად უკანონო ემბარგო, რომელიც ქართული პროდუქციის იმპორტზე ვრცელდება“ – განაცხადა გორდაძემ.

რუსეთმა ქართული პროდუქციის იმპორტი 2006 წელს შეაჩერა და მოგვიანებით მისი მოქმედების ვადა გაახანგრძლივა: შეწყდა საქართველოსთან საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა, საფოსტო კავშირი, ასევე დაიბლოკა ფულადი გადარიცხვებით მომსახურება და ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველომ ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი სამხედრო დააკავა. 2006 წლის 2 ოქტომბერს ეს სამხედროები რუსეთს გადასცეს, რის შემდეგაც რუსეთმა უამრავი სანქცია აამოქმედა.

რუსეთში ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ ექსპორტი, რაც ხუთი წელია შეწყვეტილია, შეიძლება მომენტალურად აღდგეს, თუკი რუსი და ქართველი ჩინოვნიკები შეთანხმდებიან – თბილისიდან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა კომპანიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნიცა ჩოლოყაშვილმა.

უმსხვილესი ბაზარი

რუსული ეკონომიკა – უმსხვილესი ეკონომიკაა და ერთადერთია დიდი ოცეულის ქვეყნებიდან, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ არის. ამ ორგანიზაციის 153 წევრზე მსოფლიო ვაჭრობაში ბრუნვის 79% მოდის. მსოფლიო ბანკის ვერსიით, მსო-ს წევრობამ, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება რუსეთის 1.5 ტრილიონიანი ეკონომიკის დაახლოებით 3%-ით გაზრდას შეუწყოს ხელი. ახალი წევრის მიღების დროს გაწევრიანების პირობებზე მსო-ს ყველა მოქმედი წევრი უნდა შეთანხმდეს.

„ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინოს და სულაც არ ვცდილობთ იმის თქმას, რომ რუსეთს მსო-ში გაწევრიანებაზე თანხმობას მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის სანაცვლოდ მივცემთ“ – ამბობს გორდაძე – „ეს უბრალოდ სულ სხვა თემაა“.

2008 წლის ომში სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთმა საქართველოს არმია დაამარცხა და მოგვიანებით ამ სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთმა საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის სახელმწიფოებრიობაც სცნო. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უარს ამბობს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებაზე, რომელსაც კონფლიქტის ინიცირებაში ადანაშაულებს.

გორდაძის თქმით, საქართველო რუსეთთან მოლაპარაკების მცდელობებს განაგრძობს და სიტუაციის განვითარებას იმედოვნებს.

„ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკებები გრძელდება და არ შეიძლება მათ აბსოლუტურად არაპროდუქტიული უწოდო“ – სთქვა მან – „მოლაპარკებები უნდა გაგრძელდეს“.