სტურუას მოხსნა

სტურუას მოხსნა

ჩვენ შოკირებულნი დავრჩით, როდესაც შევიტყვეთ, რომ საქართველოს კულტურის მინისტრმა რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან ქსენოფობიის საფუძველზე გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა. ჩვენი ურთიერთობა ამ საერთაშორისოდ აღიარებული თეატრის მოღვაწესთან (ის ჩვენი მეგობარიცაა და კოლეგაც) უკვე 30 წელია რაც გრძელდება, იმ დღიდან, რაც მან უკიდურესად დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში 1979 წელს, ლონდონში მისი საკულტო სპექტაკლი რიჩარდ მესამე წარმოადგინა.

ჩვენ არასდროს არანაირი ქსენოფობიური გამოვლენის მოწმენი მისი მხრიდან არ გავმხდარვართ. ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს არის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი, ან რომ მსგავსი ბრალდება შეიძლება გამოყენებულ იქნას, ქართული თეატრიდან მისი ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ცოცხალი განძის გასათავისუფლებლად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ ძალიან მცდარი გადაწყვეტილების შეცვლის აუცილებლობას.

ვანესა რედრგეივი, ალან რიკმანი, ტელმა ჰოლტი

ვანესა რედრგეივის, ალან რიკმანის და ტელმა ჰოლტის 29 აგვისტოს წერილში გამოთქმულია შეშფოთება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თანამდებობიდან მოხსნასთან დაკავშირებით, რაც მისი მხრიდან ქსენოფობიურ განცხადებებს მოჰყვა. მე ვეთანხმები ავტორებს, რომ ბატონმა სტურუამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ ხელოვნებაში და ხელოვნების მიღმაც, მაგრამ ისინი შესაძლოა არ იცნობენ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს. უამრავ ინტერვიუში, მან შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა უმცირესობების მისამართით და განაცხადა, რომ მიუღებელია მისი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი (კერძოდ, სომეხი). მართალია, რომ ბატონი სტურუას ნამუშევრებში არაფერი ქსენოფობიური არ არის, მაგრამ მან არ უარყო საკუთარი განცხადებები. მულტიკულტურულ საქართველოში ასეთი გამონათქვამები პროვოკაციული და სახიფათოა. კულტურული თავისუფლება ქართული ცხოვრების ქვაკუთხედია, მაგრამ სახელმწიფო მოხელის გზავნილი, რომელიც ასეთ ქსენოფობიურ განცხადებებს შეიცავს, მიუღებელია.

ნიკოლოზ რურუა,
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საქართველოს მთავრობა, თბილისი
foreignpress.ge