ზაალ ჩიქობავა რუსთაველის თეატრში „დოი“-ს ეპოქის დაწყებას არ ადასტურებს

ზაალ ჩიქობავა რუსთაველის თეატრში „დოი“-ს ეპოქის დაწყებას არ ადასტურებს

თბილისობის დღესასწაულზე რუსთაველის თეატრში მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ განასახიერებენ, რაც მიუზიკლის რეჟისორ დავით დოიაშვილისთვის ალბათ მოულოდნელი სიურპრიზი იქნებოდა. რობერტ სტურუას შემდეგ როგორი იქნება მისი ერთგული მსახიობების კარიერა, ძნელი სათქმელია, მაგრამ თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცხოა ვინმეზე შურისძიება. მით უფრო, ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას ვერც წარმოედგინა, რომ დასს სხვანაირი რეაქცია ექნებოდა რობერტ სტურუას გათავისუფლების გამო.

 

მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები გავრცელდა. საინტერესოა ამ მიუზიკლის მიმართ თქვენეული შეფასება? ბათუმის შემდეგ მისი გადმოტანა რუსთაველის თეატრის სცენაზე რატომ გადაწყვიტეს?

- მე მგონი, აქ ორი აზრი არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ასეთი დიდი დარბაზები ყველგან დაკეტილია, სადაც შეიძლება ასეთი სპექტაკლის გამართვა.

 

ფილარმონიაში? იქ ხომ, დიდი ფართია?

- ეს ალბათ ფილარმონიისთვის მორგებული სპექტაკლი არ არის, არამედ გახლავთ თეატრის ფორმატის სპექტაკლი, საოპერო ან დრამატული სცენისთვის მორგებული. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ნანახი ეს მიუზიკლი, ამიტომ ვერაფერს გეტყვით მის შესახებ. ამდენად, მეც პირველად მომიწევს ამ მიუზიკლის ნახვა თბილისში მათი გასტროლების დროს.

 

ამ მიუზიკლში მასშტაბური სცენებია, მონაწილეობს არაერთი მომღერალი, მოცეკვავე. თქვენ აცხადებთ, რომ რუსთაველის თეატრში დიდი დარბაზებია, ამის მიუხედავად, რამდენად დაიტევს კოლოსალური რაოდენობის ხელოვანებს ეს სცენა?

- როგორ ფიქრობთ, ჩვენზე დიდი სცენაა იქ, სადაც ითამაშეს?

 

სამწუხაროდ, ბათუმში მეც არ მინახავს ეს მიუზიკლი  და ამიტომ გეკითხებით.

- მეც არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დიდი წარმოდგენა განხორციელებულა, მრავალი ხელოვანის მონაწილეობით.

 

„ქეთო და კოტეს“ რუსთაველის სცენაზე გადმოტანა თბილისობის დღესასწაულს დაემთხვევა?

- დიახ. 9 ოქტომბერს შედგება პირველი სპექტაკლი და შემდეგ მიყოლებით იქნება კიდევ ხუთი წარმოდგენა.

 

რამდენადაც ვიცი, რუსთაველის თეატრის ორ მსახიობიც მონაწილეობს მიუზიკლში. სპექტაკლის ფორმატი არ შეიცვლება?

- სპექტაკლის ფორმატი არ შეიცვლება. ეს გახლავთ შემოსული სპექტაკლი, ესაა ცალკე პროექტი, რომელიც განხორციელდა ბათუმის მუსიკალური ცენტრის მიერ და ალბათ ზუსტად იგივე შემადგენლობა იქნება, რაც ბათუმში იყო. 

 

ეს პირველი პროექტია, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე გადმოიტანეს? მანამდე ხომ არ ყოფილა მსგავსი პროექტი, რომ სხვა მიუზიკლები თქვენს სცენაზე გადმოეტანათ?

- როგორ, მოწვეული სპექტაკლები და საგასტროლოდ ჩამოსული სპექტაკლები არ იდგმება ჩვენთან? 

 

საგასტროლო სპექტაკლებს არ ვგულისხმობ, ყველამ ვიცით, რომ გასტროლები თეატრისთვის განუყოფელი ატრიბუტია. არამედ ბათუმში დადგმული სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ბათუმში შედგა, თბილისშიც რომ განხორციელდება.

- ესეც იგივე პრინციპია. უბრალოდ, ჩვეულებრივად შემოდიან და ჩვენს დარბაზში თამაშობენ.

 

ვარსიმაშვილის სახელიც გაჟღერდა, თითქოს ისიც მონაწილეობს რუსთაველის თეატრის სცენაზე დოიაშვილის ამ მიუზიკლის განხორციელებაში. ამჟამად ვარსიმაშვილს რაიმე ფუნქცია აკისრია თქვენთან და ამ მიუზიკლთან მიმართებით?

- ვარსიმაშვილი რა შუაშია?! ამ მიუზიკლთან მიმართებით ვარსიმაშვილს არანაირი ფუნქცია არ აკისრია. მიუზიკლის რეჟისორია დოიაშვილი, მემარნიშვილი გახლავთ არანჟირებისა და მუსიკალური ავტორი. გარდა ამისა, მონაწილეობენ სხვადასხვა ვარსკვლავები, როგორც საოპერო, ისე საესტრადო და ბალეტის, ანსამბლი სუხიშვილები  და ა.შ.

 

საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ რობერტ სტურუას თეატრიდან წასვლის შემდეგ რამდენად მორალურია, რომ სხვა რეჟისორის მიუზიკლი განხორციელდება თქვენს სცენაზე? იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, სეზონზე აიკრძალოს რობერტ სტურუას სპექტაკლები?

- კიდევ ერთხელ უარვყოფ ამ ინფორმაციას, არანაირი სპექტაკლის აკრძალვა არ იგეგმება. ჩვენ სეზონს ვხსნით ჩვენი სპექტაკლებით და რობერტ სტურუას პრემიერით. რაც შეეხება მორალურ მხარეს, ვერ ვხვდები, რა არამორალურობასთან გვაქვს საქმე?!

 

საუბარია სხვა რეჟისორის - დოიაშვილის მოწვევაზე თქვენს თეატრში.

- მოწვევა რა შუაშია? ეს არის გამზადებული სპექტაკლი. ისინი ქირაობენ თეატრს, თამაშობენ და მიდიან. ამ შემთხვევაში, რუსთაველის თეატრი არაფერ შუაშია. მასე, ჩამოდის კიდევ საერთაშორისო ფესტივალზე ჯონ მალკოვიჩის სპექტაკლი, ჩამოდის საერთაშორისო ფესტრივალზე პეტერბურგის დიდი თეატრი. ამ შემთხვევაში, ეს არაფერ შუაში არ არის რობერტ სტურუას წასვლასთან.

 

საგასტროლო ტურნეს არ ვგულისხმობ, არამედ ქართველი რეჟისორების დადგმებს.

- ეს ერთი და იგივეა.

 

აქამდე გადმოუტანიათ თქვენს სცენაზე ქართველი რეჟისორების დადგმები?

- როგორ არა. იყო ასეთი შემთხვევები - გია ყანჩელის სპექტაკლი, რომელიც დოიაშვილმა დადგა, არ განხორციელდა რუსთაველის თეატრის სცენაზე? დავით საყვარელიძის საოპერო დადგმა არ განხორციელდა რუსთაველის თეატრის სცენაზე? არ ხორციელდება საბალეტო დასის სპექტაკლები რუსთაველის თეატრის სცენაზე?

 

რობერტ სტურუას წასვლის შემდეგ როგორ გესახებათ რუსთაველის თეატრის მომავალი? დათანხმდება ბატონი რობერტი შეთავაზებას, პერიოდულად თქვენთანაც დადგას სპექტაკლები?

- ვერ გეტყვით, მან ითხოვა დრო, რათა გაეცა ჩემთვის პასუხი. ეს ვიცი მე მისგან პირადად. სხვა პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს. სანამ ეს დრო არ გავა, ის ორი თვე, რაც მან ითხოვა ამ გადაწყვეტილებაზე დათანხმებისთვის, პასუხს ვერ გაგცემთ. 

 

როგორც ერთგან განაცხადეთ, რობერტ სტურუასთვის არანაირი თანხა არ შეგითავაზებიათ?

- თანხა დასახელებული ნამდვილად არ ყოფილა. თავისთავად, თანხაზე საუბარი საერთოდ დგება მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ფორმდება და რეჟისორი ასახელებს კონკრეტული სპექტაკლის მოცულობას და კონკრეტულ სპექტაკლს. ყველა სპექტაკლს აქვს თავისი ნიხრი, რის მიხედვითაც განისაზღვრება თანხა. თუ, ბატონი რობერტი იღებს და მოაქვს ისეთი სპექტაკლი, როგორიცაა, დავუშვათ,  „ვეფხისტყაოსანი“, როცა ასეთი ნაწარმოების დადგმაზეა საუბარი, იქ ჰონორარი თავისთავად სხვა არის. არის სპექტაკლი, როგორიცაა „მტრის ნიღაბი“ და არის სპექტაკლი „შობის მეთორმეტე ღამე“, მათი ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაოდან გამომდინარე. იმის გამო, რომ ბატონი რობერტი უმაღლესი კლასის რეჟისორია, თავისთავად, მისი ჰონორარი ყველაზე მაღალია, მაგრამ, რაოდენობრიობა მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

 

ალბათ, გვეთანხმებით იმაში, რომ რობერტ სტურუას მსგავსი გენიოსი საქართველოში არ მოიძებნება, შეგიძლიათ, გაგვიქარწყლოთ საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ რუსთაველის თეატრში დოის ეპოქა იწყება? 

- დღესდღეობით ეს პოსტი გაუქმებული არ არის, არამედ ვაკანტურია. რაც შეეხება დავით დოიაშვილის ეპოქის დაწყებას, არანაირი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა. მე მგონი, ამ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროს ძალიან სწორი და ზუსტი დამოკიდებულება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ, მივცეთ საშუალება სხვადასხვა ტიპისა და სახის რეჟისორებს, რომ განახორციელონ დადგმები. უნდა დავაკვირდეთ, რამდენად გახდებიან ისინი ორგანულნი ამ თეატრისთვის. რამდენად შეძლებენ, რომ ამ თეატრის მაყურებელს შესთავაზონ ის პროდუქცია, რასაც ელის მაყურებელი.

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას? მით უფრო, ამ ეტაპზე მხატვრული რეჟისორის პოსტზე რობერტ სტურუას შემცვლელი ვერ მოიძებნა.

- ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება, ეს  პოსტი რომელიმე რეჟისორს შესთავაზონ. ასეთი აზრია დღეს კულტურის სამინისტროში, მაგრამ ჯერჯერობით,  კონკრეტული სახელი და გვარი ან კონკრეტული დრო, რომ ვინმე დაინიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელად, არ არის დასახელებული და განსაზღვრული.

 

თუ უხერხული არ იქნება თქვენთვის ეს შეკითხვა- ვარსიმაშვილი, დოი, გოჩა კაპანაძე - ამ სახელებიდან ვინ გესახებათ სტურუას პოსტზე?

- ნამდვილად უხერხულია ჩემგან ასეთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ამ შემთხვევაში, არც მე მაქვს ასეთი მიზნობრივი შეხედულება და გადაწყვეტილება. ეს ალბათ უფრო კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა, მე ვერც ვნიშნავ და ვერც ვხსნი სამხატვრო ხელმძღავნელს. ამ საკითხში რომც მქონდეს რაიმე აზრი, ამ ადამიანების მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ იქნებოდა სწორი, რომელიმე მათგანის გვარი დამესახელებინა.

 

სტურუას მხარდამჭერ აქციებს რა შეფასებას მისცემდით? იქ თქვენი მისამართითაც ითქვა, რატომ არ ესწრება ზაალ ჩიქობავა ამ აქციებს, რატომ არ თანაგვიგრძნობს?

- ის, თუ რატომ არ ვიყავი აქციებზე და სტურუას მხარდამჭერთა სიაში ხელმომწერთა შორის, ჩემი პირადი აზრია. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი აქციების. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ნამდვილად მესმის დასის გულისტკივილიც, მორალური მხარდაჭერაც, ყველანაირად ვეთანხმები მათ ამ გადაწყვეტილებაში და სხვანაირად ვერც წარმომედგინა, რომ დასს სხვა რეაქცია ექნებოდა ბატონი რობერტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მაგრამ მე ვთვლი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გახლავთ ჩემი პირადი დამოკიდებულება, რაზეც ნებას ვიტოვებ, რომ კომენტარი არ გავაკეთო.

 

ანუ, სტურუამ განაცხადა თქვენზე, რომ რაღაცნაირად ვეღარ გცნობთ და თქვენ შეიცვალეთ. ალბათ ეს იგულისხმება, რაზეც ამ ეტაპზე თავს იკავებთ გააკეთოთ კომენტარი?

- მე არ ვიცი, ბატონმა რობერტმა ჩემს შესახებ რა განაცხადა.

 

მსახიობების დევნას ვერ დავარქმევდი, მაგრამ რობერტ სტურუას მხარდამჭერი მსახიობების მიმართ რაიმე სახის ანგარიშსწორება ხომ არ დაიწყება? რომ მათ არ მიაღებინებენ ახლადდაგდგმულ სპექტაკლებში მონაწილეობას და ა.შ? 

- იცით რა, არასოდეს მიფიქრია და არასდროს ყოფილა ჩემი პრინციპი, რომ, საერთოდ, ცხოვრებაში ვინმეს მიმართ შურისძიების მომენტი მქონოდა. ჩემი პირადი მოსაზრება და ჩემი შინაგანი ყოველთვის მკარნახობს, რომ ყველას აქვს თავისი აზრი, თავისი მოსაზრება და აქვს უფლება, გამოთქვას ეს მოსაზრება. ვერასდროს ვუკარნახებ ვერავის, როგორ და რანაირად მოიქცეს.