მოძრაობა „ქართველი ემიგრანტების“ ხელმძღვანელი ზვიად ყუშიტაშვილი დაკარგულია. ამ ინფორმაციას მოძრაობა „თეთრების ახალგაზრდულის“ ხელმძღვანელი გიორგი ფარესიშვილი ავრცელებს.
როგორც ფარესიშვილმა პრესაგე.ტვ-ს განუცხადა, ისინი მერაბიშვილის უწყებას თხოვენ, დაეხმაროს ზვიად ყუშიტაშვილის ადგილსამყოფლის დადგენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ ყუშიტაშვილის გატაცების უკან შს სამინისტრო დგას.
„ზვიად ყუშიტაშვილი ერთ კვირაზე მეტია დაკარგულია. მის გაუჩინარებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ მოძრობა „ივერიელები“, „თეთრების ახალგაზრდული“ და მოძრაობა „ქართველი ემიგრანტები“ ოთხდღიანი საპროტესტო აქციების გამართვას ვაპირებდით როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, ევროკავშირის საელჩოს წინ. აქციაში მონაწილეობა ქართველ ემიგრანტებს უნდა მიეღოთ. ზვიად ყუშიტაშვილი კი პარასკევს გაქრა“, - გვითხრა გიორგი ფარესიშვილმა.
მანვე გაიხსენა ზვიად ყუშიტაშვილის დაბარება მინისტრ პაპუნა დავითაიას პირად მრჩეველთან, ზაზა როსტიაშვილთან. როსტიაშვილმა ყუშიტაშვილისგან მოითხოვა, შეეწყვიტა აქციები, გამოყოფოდა დანარჩენ ოპოზიციურ მოძრაობებს, რის შემდეგაც მის ორგანიზაციას ყველანაირად ხელს შეუწყობდნენ. სამინისტრო მათ ყველანაირად დაეხმარებოდა.
„როდესაც ზვიადმა სასტიკი უარი განუცხადა, მას ასე უთხრეს: „მე გაგაფრთხილე“. ამის შემდეგ ზვიადთან მოდულიდან განხორციელდა ზარი. მას უთხრეს, რომ მოდულის შენობაში 14.00 საათზე უნდა მისულიყო და მის სახელზე საშვს დაუშვებდნენ. ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ ზვიადი მოდულის შენობაში არ წავიდა, რადგან ეს არ იყო მისი ოფიციალური დაბარება. მას შემდეგ, პარასკევ დღიდან მოყოლებული, ზვიადი გაქრა. ჩვენ ის უნდა გაგვეცილებინა თურქეთში, სადაც აქციაში უნდა მიეღო მონაწილეობა და ეხელმძღვანელა სხვა ქვეყნებში გასამართი აქციებისთვის. მართალია, თურქეთში აქცია მაინც ჩატარდა, მაგრამ ზვიადი არ ჩანს“, - აცხადებს ფარესიშვილი.
მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით მას ზვიად ყუშიტაშვილის ნათესავი, ყოფილი პარლამენტარი, ზაზა სიხარულიძე დაუკავშირდა და აცნობა, რომ დაკარგვიდან სამი დღის შემდეგ ზვიადი მას დაკონტაქტებია. ზაზა სიხარულიძის თქმით, ზვიადი გაუგებარ ენაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ იძულებული გახდა, აქციებში მონაწილეობა არ მიეღო.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გიორგი ფარესიშვილი ხელს ვანო მერაბიშვილის უწყებისკენ იშვერს.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ზვიად ყუშიტაშვილი მერაბიშვილის რეჟიმის მიერაა გატაცებული. თუ ეს ასე არაა, დაგვეხმაროს ეს სისტემა და მოგვაძებნინოს იგი. თუ ზვიადი კვლავაც არ გამოჩნდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასობრივი აქციები მოეწყოს,“ - აცხადებს ფარესიშვილი.
გიორგი ფარესიშვილის თქმით, უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოში არსებულ დიქტატურას აქციებით აპროტესტებდნენ. ისინი 26 მაისის ფაქტების გამოძიებასა და პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
გარდა ამისა, გიორგი ფარესიშვილის ინფორმაციით, 26 მაისის შემდეგ არაერთი ახალგაზრდა ტოვებს საქართველოს, რომლებმაც ოპოზიციის აქციებში მიიღეს მონაწილეობა: „ისინი მუშაობას ვერ იწყებდნენ და მათზე თვალთვალი ხორციელდებოდა. ამდენად, ეს ახალგაზრდები ურთულეს პირობებში ცხოვრობდნენ და უცხოეთში წასვლა არჩიეს“.
ამის საპირისპიროდ, გიორგი ფარესიშვილის მონაცემებითვე, უცხოეთში დალხენილად ცხოვრობენ ის ქართველი ემიგრანტები, რომლებისგანაც ამ ხელისუფლებამ ფანკლუბი შექმნა და მათ უცხოეთშიც აფინანსებენ.
ფარესიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ფავორტი ემიგრანტებისგან განსხვავებით, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ემიგრანტები, რომლებიც ენდნენ სააკაშვილის დაპირებას, სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ მოტყუვდნენ და მათთვის სამუშაო ადგილები არ გამოიძებნა. ისინი შიმშილობის ზღვარზე არიან მისულნი და სწორედ მათი პრობლემების დასაფიქსირებლად შექმნა ზვიად ყუშიტაშვილმა „ქართელი ემიგრანტების“ მოძრაობა.
1372
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85