რუსთაველის თეატრი სტურუასგან თავისუფალია! დიდი რეჟისორის მშობლიური თეატრიდან სკანდალურად „გაცილების“ შემდეგ რუსთაველის თეატრს სულ უფრო ხშირად უკავშირებენ რეჟისორ დათო დოიაშვილისა და ავთო ვარსიმაშვილის სახელებს. ამჯერად დოიაშვილის მიერ გათანამედროვებული და ხელისუფლებისგან ასე გაპიარებული მიუზიკლი „ქეთო და კოტე“ ბათუმური პრემიერის შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიდგმება. ეს იმის ფონზე ხდება, როდესაც რუსთაველის თეატრში სტურუას სპექტაკლების აკრძალვის შესახებ ხმები სულ უფერო ხშირად გაისმის.
რუსთაველის თეატრის მსახიობები პირად საუბრებში კარგა ხანია, აცხადებენ, რომ რობერტ სტურუას თანამდებობაზე კულტურის სამინისტრო მუსკომედიის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით დოიაშვილისა და თავისუფალი თეატრის მმართველისა და სამხატვრო ხელმძღვანელის ავთო ვარსიმაშვილის კანდიდატურას განიხილავს. დოიაშვილი ხელისუფლებისთვის საყვარელი რეჟისორი და უბრალოდ „დოი“-ა, ავთანდილ ვარსიმაშვილი კი ორჯერ იყო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის სამხატვრო ხელმძღვანელი.
14 აგვისტოს მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ პრემიერის პირველსავე დღეს თბილისიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი, 1500 კაციანი დელეგაცია გაეშურა ბათუმში. ალბათ ამ 1500 სტუმრიდან ბევრმა ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეიტანა დიდი წვლილი. ამჯერად კი, აცივდა და პრემიერამ დედაქალაქში გადმოინაცვლა. იმის გამო, რომ „ქეთო და კოტეს“ პრემიერაზე ქართველი კინომცოდნეებისთვის მოსაწვევები ვერ გამოინახა და დარბაზი მთლიანად პარტიულმა ელიტამ შეავსო, მიუზიკლის შესახებ სპეციალისტთა შეფასებებიც ზედაპირულია. კინომცოდნე გოგი გვახარიას თქმით, „ხელოვანთა წრე“ იმდენად დავიწროვდა, რომ ქართულ კულტურაში ჟანგბადის კატასტროფული დეფიციტი გაჩნდა. ხელისუფლება მიხვდა, რომ რამდენიმე სახელი დატვირთვას ვეღარ გაუძლებდა. ახალი სახეების ძებნა კი იმ ხალხს, ვინც კულტურის პოლიტიკაზე აგებს პასუხს, რა თქმა უნდა, დაეზარა.“
თავად გვახარიამ პრემიერაზე დასწრება ვერ შეძლო. „მთავრობაში ერთი ნაცნობიც არ მყავს, რომ დავურეკო და აზრი ვკითხო (ბუნებრივია, ახალი „ქეთო და კოტეს“ სანახავად მთელი მთავრობა მიაშურებდა ბათუმს)... სხვა, აბა, ვინ მოხვდებოდა პრემიერაზე?“, - აცხადებდა გოგი გვახარია თავის ბლოგში.
ასე რომ, ამიერიდან რუსთაველის თეატრიც იხილავს ვიქტორ დოლიძის სამმოქმედიანი ოპერა „ქეთო და კოტეს“ გამიუზიკლებულ ვერსიას, სადაც მთავარ გმირებს - ქეთოსა და კოტეს „ეს იყო პეტერბურგის“ ნაცვლად შეუძლიათ თამამად თქვან, რომ „ეს იყო ლონდონში“, (დოიაშვილის ახალი ვერსიით, ისინი სწორედ ლონდონში ხვდებიან ერთმანეთს)... დოის მიუზიკლის თანახმად, ლედი გაგას ფორმაში გამოწყობილი ქეთო საქართველოში საკუთარი ვერტმფრენით ბრუნდება, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი სამოდელო სახლის დამასაარსებლის ლუი ვიტონის ბრენდის ლოგო ამშვენებს. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ამ ბრენდის გამოყენებისთვის ცნობილ სამოდელო სახლს 80 ათასი ევრო გადაუხადეს. ეფექტის მისაღწევად დარბაზში დიდი „ვენტილატორები“ ირთვება და მაყურებელს ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს ვერტმფრენი მართლაც დარბაზში ჯდება. ამ გარეგნული ეფექტების მიუხედავად, უკვე ვრცელდება მოსაზრება, რომ „ქეთო და კოტე“ ბროდვეის მიუზიკლის სტილშია გადაწყვეტილი და სნობურ ელემენტებსაც შეიცავს.
თეატრმცოდნე დავით ბუხრიკიძისთვის, რომელიც სახელისუფლო პრემიერის დღეს მიუზიკლის სანახავად ბათუმში არ მიუწვევიათ, რთული შესაფასებელია, თუ რა ხდებოდა სცენაზე. თუმცა სატელევიზიო კადრებიდან გამომდინარე, „ქეთო და კოტესთან“ მიმართებით, საკუთარი მოსაზრება გააჩნია.
- რა თქმა უნდა, ეს იყო კარგად ჩაფიქრებული, ორგანიზებული და ტურისტულ-კურორტული სეზონისთვის გათვლილი მიუზიკლი. არსებობს ასეთი სპექტაკლები. მაგალითად ჰამბურგში, ლინცში (ავსტრიის ციხესიმაგრე) იდგმება ასეთი სანახაობრივი სპექტაკლები, განსაკუთრებით კი ოპერაში.
მოგეხსენებათ, უცხოეთში ბრეგენცის ფესტივალი ტარდება, სადაც ოთხ-ხუთ სპექტაკლს ძალიან კარგი რეჟისორები დგამენ. ეს სპექტაკლები სანახაობრივია, მისთვის უამრავ სპეც-ეფექტს იყენებენ: ხან ცეცხლს, ხან სტიქიას, ფერად კოსტიუმებს და ა.შ. ანუ ეს გათვლილია ტურისტებისთვის, სანახაობისთვის და, გარკვეული თვალსაზრისით, ფულის დასახარჯი სპექტაკლია, რათა ხალხი მივიდეს. მით უმეტეს, მასში ამდენი ვარსკვლავი მონაწილეობს, რაც თვალისთვის მაინც სასიამოვნოა. მთავარი მომენტი, რაზეც მის შემქმნელებს ედავებიან, ეს იყო სანახაობრივი მიუზიკლი და ნაკლებად გახლდათ ხელოვნებასთან ახლოს. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს იყო კარგად გამართული შოუ, ერთმანეთთან მექანიკურად მიბმული ნომრებით. სპექტაკლს გარკვეული სტრუქტურის ფორმა არ ჰქონდა.
„ქეთო და კოტეს“ დადგმას რუსთაველის თეატრშიც აპირებენ. იმ ფონზე, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტურუას სპექტაკლები უნდა ამოიღონ რეპერტუარიდან, რამდენად მორალურია „ქეთო და კოტეს“ დადგმა ამ თეატრში?
- რამდენადაც ვიცი, რუსთაველის თეატრში „ქეთო და კოტეს“ დადგმას თბილისობას უმიზნებენ. ცხადია, ეს რაღაცნაირად არაეთიკური გამოდის. როგორ გითხრათ... თავად ავტორების გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან. მე რომ რეჟისორების ადგილას ვიყო, უხერხული შეგრძნება ნამდვილად მექნებოდა და ვიტყოდი, არ ღირს „ქეთო და კოტეს“ რუსთაველის თეატრში დადგმა. ბოლოსდაბოლოს, სხვაგან დაედგათ. მე მგონი, ფილარმონიაში ყველაზე კარგი იქნებოდა, რადგან ჯერ ერთი, ეს არის სანახაობა, მეორეც, გაშლილი სცენაა. ბათუმში ეს სცენა არ ეტეოდა. როგორც ამბობენ, ბათუმში ძალიან პატარა სცენური კოლოფია, ამიტომ გუნდი, ორკესტრი უნდა დაატიო...
მოგეხსენებათ, ამ მიუზიკლში არის საცეკვაო სცენები, გაშლილ სცენაზე ბევრი სოლისტი მონაწილეობს. ამ თვალსაზრისით, ფილარმონიაში ასეთი უხერხული მომენტები თავიდან აცილებული იქნებოდა. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რუსთაველის თეატრში ამ მიუზიკლის დადგმა თავად რეჟისორების სურვილი იყო, თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა. მთავარია, რომ ეს გადაწყვიტეს და მორჩა. ამას ახლა ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვერც ვარსიმაშვილი და ვერც დოიაშვილი.
რობერტ სტურუას შემდეგ როგორ გესახებათ რუსთაველის თეატრის ბედი?
- თეატრში რთული სიტუაციაა შექმნილი. მსახიობები საპროტესტო აქციებს მართავენ და დღემდე მიაჩნიათ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ისევ რობერტ სტურუაა, მაგრამ ის აღარ დაბრუნდება რუსთაველის თეატრში.
ამიერიდან რუსთაველის თეატრში ღირებული სპექტაკლები დაიდგმება?
- ძალიან ძნელია. ეჭვი მეპარება, რომ ერთი წლის განმავლობაში, იქ საერთოდ სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსი არსებობდეს. ალბათ ერთი წლის მანძილზე ამ პროცესს გაწელავენ, რომ მაქსიმალურად კონფლიქტმა გადაიაროს და ჩაცხრეს. შემდეგ მიაგნებენ გამოსავალს, როგორც იციან ხოლმე. სტურუას დონის რეჟისორი ჩვენ არ გვყავს. ვიღაცები დადგამენ სპექტაკლებს, შეეცდებიან, საკუთარი ამბიცია მეტ-ნაკლებად წარმოაჩინონ. მაგრამ სტურუას ვერ შეედრებიან.