Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისა და საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტის შეხვედრა არის ასახული.
პატრიარქი ტეფტს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის არსებულ პრობლემებეზე, კონკრეტულად კი, სადავო ეკლესიების საკითხზე ესაუბრა. ტელეგრამა 2008 წლის 22 დეკემბრით თარიღდება.
„ილია მეორემ ელჩს განუცხადა, რომ რუსეთის პატრიარქის, ალექსი II-ის, დაკრძალვაზე სომხეთის კათალიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე გარეგინ მეორემ თბილისში არსებული ნორაშენის ეკლესიის საკითხი დააყენა და პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება მოითხოვა. ილია მეორის განცხადებით, გარეგინ მეორე სულსწრაფია, რადგან მას სურდა, რომ საქართველოს პატრიარქს მაშინვე დაეპატიჟა იგი თბილისში და გადაეცა ნორაშენის ეკლესია. საპასუხოდ, ილია მეორემ მეცნიერებისგან შემდგარი კომისიის შექმნა შესთავაზა გარეგინ მეორეს, თუმცა, საქართველოს პატრიარქის თქმით, მან უარყო კომისიის შექმნის იდეა. მისი აზრით, სომხეთის კათალიკოსს მიაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას ილია მეორე ერთპიროვნულად იღებს“, - აღნიშნულია ტელეგრამაში.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ილია მეორეს ნორაშენის ეკლესიის პრობლემის მოგვარების ყველაზე ბრძნულ ვარიანტად მისი მუზეუმად ქცევა მიაჩნია.
„ილია მეორის თქმით, სომხეთის კათალიკოსი საკუთურ მიმდევრებში საკითხის კიდევ უფრო გამწვავებას ცდილობს. აგრეთვე, მან უთხრა ელჩს, რომ გარეგინ მეორის მოუთმენლობა განპირობებულია რუსული გავლენით, რადგან მისი ძმა ეპისკოპოსია მოსკოვში (საელჩოს კომენტარი: ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეგვიძლია, ილია მეორესაც არ გაუგრძელებია საუბარი იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთი გარეგინ მეორეზე). მისივე განცხადებით, ეკლესიის საკითხთთან დაკავშირებით გარეგინ მეორის წინამორბედის მიდგომა ურჩევნია, რადგან წინ კათალიკოსი ერთი ან ორი ეკლესიის გამო ურთიერთობებს არ დაძაბავდა“, - აღნიშნულია ტელეგრამაში.