სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად, საგანმანათლებლო სისტემისადმი პროტესტი სულ უფრო მატულობს. გაყიდული სკოლები, შემცირებული და დამცირებული პედაგოგები და უფლებაგაზრდილი მანდატურები - განათლების სამინისტრომ მთელი ზაფხული “მუხლჩაუხრელად იმუშავა”.
ოპოზიცია განათლების სამინისტროს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს ისევ აპროტესტებს. სამინისტროს პოლიტიკის შედეგად თბილისსა და რეგიონებში უამრავი სკოლა დაიხურა.
“ეს სკოლები მათ სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისათვის, ასობით ოჯახისათვის ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფდა განათლების ხელმისაწვდომობას. განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპი კი ხარისხიანი განათლების როგორც ფინანსურ ასევე, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
მარტო მარტვილის რაიონში გაუქმდა ოთხი საჯარო სკოლა, ხოლო მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში დახურული საბაზო სკოლის ნაცვლად იხსნება ოთხწლიანი დაწესებულება, რომელსაც სკოლას ვერ ვუწოდებთ. ზოგადი განათლების კანონის თანახმად, დაწყებითი სკოლა ექვსწლიანია”, - აცხადებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ათობით სკოლა დაიხურა და გაიყიდა საქართველოს დედაქალაქშიც.
“თბილისის 187-ე სკოლა აგვისტოში, მოულოდნელად, მასწავლებლების ზურგს უკან გაიყიდა. 11 აგვისტოს გათავისუფლდა სკოლის ყველა თანამშრომელი. ისინი არ გაუშვეს შვებულებაში და არ მისცეს კუთვნილი შვებულების ფული. სკოლა იყიდა შპს-მ “ასიათასი მოწამის სახელობის სკოლა - ფესვები”. მისი დირექტორია მანანა გვირჯიშვილი, ხოლო მფლობელია მისი მეუღლე როინ გვირჯიშვილი.
როგორც მანანა გვირჯიშვილმა სკოლის უკვე ყოფილ პედაგოგებს განუცხადა, სკოლაში ჯერჯერობით დარჩება უფასო სექტორი და რომ მას ვალდებულება გააჩნია მხოლოდ ამ მოსწავლეების მიმართ. რაც შეეხება პედაგოგებს, არც ერთი მათგანთან დირექტორს ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებია. არაფორმალური შეხვედრებიდან პედაგოგების ნაწილს აქვს შეთავაზება ხელშეკრულების კაბალურ პირობებზე. დირექტორი სარგებლობს მასწავლებლების უმწეო მდგომარეობით და სრულიად ცინიკურად ექცევა მათ. ეს დამოკიდებულება სრულიად ტიპიურია ბატონი შაშკინის მიერ შექმნილი სისტემისათვის”, - განაცხადა გოგუაძემ.
სკოლებში განათლების სამინისტროს ტოტალიტარული რეჟიმია დამყარებული. მასწავლებლებისა და მოსახლეობის უფლებები კი, პრაქტიკულად, გაუქმებულია. “მეტიც, მასწავლებლის პროფესია თავდასხმის, შევიწროვებისა და დამცირების ობიექტად იქცა. სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის ღირებული აღმოჩნდა არა ცოდნა და პროფესიონალიზმი, არამედ პოლიტიკური მორჩილება.
სკოლა მოსწავლეებისათვის არსებობს, ოღონდ მისი ხარისხი მასწავლებლებზეა დამოკიდებული. ამიტომ აუხსნელია მათი ასეთი დაუცველი მდგომარეობა. მართლაც, რომელი კვალიფიციური, ნიჭიერი პედაგოგი ისურვებს, რომ იმუშაოს იქ, სადაც მუდმივად სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება?! ასევე, იბადება კითხვა, 187-ე სკოლის მაგალითი ხომ არ არის ერთგვარი სასინჯი ქვა საჯარო სკოლების კერძო სკოლებად გადაკეთების დასაწყებად, რაც ნიშნავს საჯარო სკოლებისა და შესაბამისად უფასო საშუალო განათლების გაუქმებას, მოსახლეობის განათლებაზე ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას”, - აღნიშნავენ ალასანიას პარტიაში.
შაშკინის განათლების სამინისტროში მოსვლის შემდეგ საჯარო სკოლებში მასობრივად დაიწყო პედაგოგების დაშანტაჟება და პოლიტიკური ნიშნით დევნა. ყველაზე დიდი შეტევა მათ წინააღმდეგ ე.წ. მანდატურების მეშვეობით განხორციელდა. სწორედ მანდატურების მეშვეობით დაწესდა სკოლებში პოლიციური რეჟიმი, ხოლო დასმენა, დაბეზღება, თვალთვალი, ცილისწამება, შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
მანდატურებმა წინა სასწავლო წელს თავი ნამდვილად “გამოიჩინეს”, მაგრამ მათ გაწვრთნა-დაგეშვაზე განათლების სამინისტრო დღენიადაგ ზრუნავს. აგვისტოს ბოლოს პოლიციური მეთოდების უკეთესად ასათვისებლად მანდატურები შსს-ს აკადემიაში გაგზავნეს. ახალი სასწავლო წლიდან “კვალიფიკაცია ამაღლებული” შაშკინის მსტოვრები გაცილებით უკეთესად შეასრულებენ მიცემულ დავალებებს.
გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს.
განათლებისა მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი განცხადებით, დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა.