Wikileaks–ის მიერ გამოქვეყნებული მასალა ეხება ინფორმაციას საქართველოში, კერძოდ სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომხების „კანონიერ მოთხოვნებს“, რომელსაც ახმოვანებს საქართველოში სომხეთის სათვისტომო. აქვე აღწერილია სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსის ვაზგენ მირზახანიანის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩთან, ჯონ ტეფტთან 2009 წლის 16 ივლისს.
ტეფტის მიერ გაგზავნილ დეპეშაში წერია შემდეგი:
ეპისკოპოსმა გამოყო საკითხი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის:
სომხური ენის გამოყენება ოფიციალურ ენად ადგილობრივ დონეზე, ეთნიკური სომხებისათვის განათლების მიღება და სადავო საეკლესიო ქონების დაბრუნება".
შემდგომ აშშ-ში გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეპისკოპოსმა წამოაყენა წინადადება ახალქალაქში, ერთობლივი სომხურ-ქართული უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, რათა ქართული ენის ცოდნით და ხარისხიანი განათლებით შესაძლებელი გახდეს ეთნიკური სომხების კონკურენტუნარიანობის ზრდა საქართველოს ეკონომიკაში საშუალო და მაღალი დონის სამუშაო ადგილებზე დასასაქმებლად.
აშშ-ს ელჩი პირობას დებს, აღნიშნული საკითხი განიხილოს იმ პერიოდისათვის საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრთან, ამჟამად კი აშშ ში ელჩთან თემურ იაკობაშვილთან (09TBILISI1100).
დიპლომატიურ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 2008 წლის 29 სექტემბრით აღნიშნულია: სამხცე-ჯავახეთის რეგიონის, ახალციხისა და ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, საქართველოში საკუთარი მომავლის მიმართ, მაგრამ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება საკუთარი კულტურული და ენობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხში. უმრავლესობა, საქართველოს 300 ათასი სომეხი ამ ორ დასახლებაში ცხოვრობს, რომელიც განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში. ენის პრობლემა რჩება ყველაზე უფრო სერიოზულ წინააღმდეგობად სამცხე- ჯავახეთის სომხურენოვანი სათვისტომოს ინტეგრაციისათვის.
სომხეთის სათვისტომო აგრძელებს მოთხოვნას სომხური ენის რეგიონალურ ენად აღიარების შესახებ, ასევე საეკლესიო საკუთრების საკითხების გადაწყვეტისა და დიდი ადგილობრივი ავტონომიის შესაქმნელად.
დეპეშების განყოფილებაში, რომელიც დასათაურებულია "როგორ შეუძლია ხელისუფლებას გაამყაროს ნდობა" ვკითხულობთ: ჩვენმა თანამოსაუბრეებმა სამცხე-ჯავახეთში გამოყვეს სამი საკითხი, რომელთა გადასაწყვეტად, როგორც ისინი იმედოვნებენ, ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს.
პირველი დღეისათვის ყველაზე მეტად ხაზგასასმელ საკითხს წარმოადგენს სომხურის, როგორც რეგიონალური ენის შემოღება. დე-იურე მხოლოდ ქართული ენა იქნება გამოსაყენებელი ადგილობრივი ორგანოებსა და სკოლებშიც. დე-ფაქტო გამოიყენება სომხური და რუსული. 3 სექტემბერს (2009...) სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აღიაროს სომხური რეგიონალურ ენად "ინტეგრაცია ასიმილაციის" გარეშე პრინციპის საფუძველზე.
მეორეა საკუთრების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ეხება იმ ეკლესიებს, რაზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც სომხური, ასევე ქართული ეკლესია. ახგომელაძემ (ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც გამოკითხულ იქნა საელჩოს წარმომადგენლის მიერ) განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი "ჰგავს ვულკანს - არასოდეს არ იცი, როდის დაიწყება მისი ამოფრქვევა".
მესამე საკითხია - მოწოდება ადგილობრივი თვითმართველობისთვის უფლებების გაზრდა. ხალხი საყვედურს გამოთქვამდა, რომ მათ უწევთ თბილისიდან თანამდებობის პირების ლოდინი, ან თბილისში ჩასვლა, რისთვისაც ხარჯავენ დიდ თანხებს, რათა გადაჭრან ელემენტალური ადმინისტრაციული საკითხები, როგორიცაა პასპორტის აღება, ან ქონების რეგისტრაცია (09TBILISI1781).
Wikileaks გამოქვეყნებულ ამ მასალასთან დაკავშირებით, სომხური მედია აღნიშნავს შემდეგს - "ამერიკის დიპლომატიური დეპეშები მორიგჯერ ადასტურებენ შემდგომ რეალიებს:
1. ჯავახეთის სომხები და მათი სოციალური და პოლიტიკური ინტერესების წარმომადგენელი სტრუქტურები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ:
ა) ჯავახეთის სომხების პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების უფლებამოსილების გაზრდას;
ბ) სამცხე-ჯავახეთში სომხური ენისთვის ოფიციალური რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებას;
გ) სომხეთის ეკლესიის რეგისტრაციას და საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნებას;
დ) ახალქალაქში ერთობლივი სომხურ-ქართული უნივერსიტეტის შექმნას;
2. ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნები დაფუძნებულია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებში. აქედან გამომდინარე, რიგი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ევროსაბჭო მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვიტონ აღნიშნული პრობლემები.
3, აშშ-ის მთავრობა საქართველოში თავისი საელჩოს თანამშრომლების სახით აცნობიერებს, რომ საქართველოსა და ჯავახეთის სომხების მოთხოვნები არის კანონიერი და სამართლიანი. ასევე გაცნობიერებულია, რომ მათი დაკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიერ არის ერთადერთი წინაპირობა ჯავახეთის რეგიონში ნდობის განმტკიცებისა და ინტეგრაციის პროცესის წარმატებისა.