უმრავლესობის წევრები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან ბოდიშის მოხდას ელიან. „რუსთავი 2“-მა მაჟორულ ნოტაზე გვამცნო, თითქოს ახალგაზრდა იურისტები ტყუილში ამხილეს, თითქოს 26 მაისის ტრაგიკულ ღამესთან დაკავშირებით საიას მიერ გამოქვეყნებული დასკვნა მცდარი იყო, რადგან სამართალდამცავებმა სულ სხვა გარემოებები დაადგინეს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სურათზე, რომელზეც საიას დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძეა გამოსახული, სინამდვილეში, თურმე ცოცხალი და საღ-სალამათი გიორგი ბაქრაძე ყოფილა ასახული. კვინტრაძისგან განსხვავებით, ქარელში მცხოვრები ბაქრაძე 26 მაისის ღამეს ცოცხალი გადარჩა. მართალია, ის ჯერ ხელშეკრული მიწაზე დააგდეს, შემდეგ კი ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს, მაგრამ იმავე ღამესვე გაუთავისუფლებიათ. მისგან განსხვავებით კი, ტრაგიკული აღმოჩნდა კვინტრაძის ხვედრი, რომლის ხელებშეკრულ გვამსაც ელექტროსადენების გარემოცვაში მაღაზიის სახურავზე მიაგნეს.
სამართალდამცავთა თქმით, კვინტრაძეს იმ ღამით ლურჯი, მოკლესახელოებიანი მაისური და შავი ფერის შარვალი ეცვა. გიორგი ბაქრაძეს კი მკლავებზე თეთრზოლიანი რუხი ფერის ჟაკეტი და ჯინსის შარვალი ემოსა. იგი 26 მაისის ღამეს პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა, მიტინგის დაშლისას კი ქაშუეთის მიმდებარედ აუყვანიათ. ასეთია „რუსთავი 2“-ის მიერ გახმიანებული ინფორმაცია.
ამავე ტელეკომპანიის სიუჟეტის თანახმად, ბაქრაძეს იმავე ღამეს უნახავს სატელევიზიო კადრები და მაშინვე ამოუცნია საკუთარი თავი, ხელებშეკრულ მდგომარეობაში და მიწაზე განრთხმული. ბაქარაძემ ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ იგი ნიკა კვინტრაძეში შეეშალათ და გარდაცვლილი ეგონათ.
კვინტრაძე-ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ი არა მარტო საიას „ამხელს“, არამედ ტელეკომპანია „მაესტროსაც“ადანაშაულებს ტელემაყურებელთა შეცდომაში შეყვანაში. იმ დღეებში კვინტრაძის მეგობარზე დაყრდნობით, „მაესტრო“ამტკიცებდა, რომ სურათზე სწორედ ნიკა კვინტრაძე გახლდათ გამოსახული და ის დენის დარტყმით არ მომკვდარა, როგორც ამას შსს ამტკიცებდა. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ თურმე ბაქრაძემ სიტუაციაში გასარკვევად სამართალდამცავებს მიაკითხა და იქვე განუმარტა თავისი ვინაობა.
ამდენი ხნის შემდეგ გიორგი ბაქრაძე ტელეკამერებთან საეჭვოდ არ ჩნდებოდა. ახლა კი საჯაროდ გამოჩენა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ამ სკანდალური ფოტოს შესახებ მორიგი უზუსტობა მოისმინა. რუსთავი 2-ის თქმით, ბაქრაძემ მას შემდეგ ისურვა ტელეკამერებთან გულახდილობა, რაც საიამ ჟურნალისტებს ახალი დასკვნა წარუდგინა. რუსთავი 2-ის თანახმად, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სამივე ფოტოზე - პასპორტის სურათზე, სურათი №4-ზე (ასფალტზე დაწოლილი ხელებშეკრული პიროვნება) და სიკვდილის შემდგომ გადაღებულ ფოტოზე ერთი და იგივე პიროვნება ჩანს - ნიკა კვინტრაძე.
სახელისუფლო ტელევიზია თინა ხიდაშელსაც გადასწვდა და მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობის დროინდელი პერიოდი გაუხსენა. „რუსთავი 2“-ის თქმით, 26 მაისს მომხდარის გამოკვლევის შემდეგ პირველად სწორედ „რესპუბლიკელებმა“ გამოუცხადეს მხარდაჭერა ახალგაზრდა იურისტებს. ამით ტელეკომპანია შეეცადა, რომ საია პოლიტიკური თამაშის მონაწილედ გამოეცხადებინა.
ამასობაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „შეცდომით“ გახარებული გოკა გაბაშვილი საიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. გაბაშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაცია, რომელიც თავს დამოუკიდებლად წარმოაჩენს, ასეთი შეგნებული ტყუილის გავრცელებას არ უნდა კადრულობდეს.
„ეს აბსოლუტური ცილისწამებაა. შესაბამისად, აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაა, არამედ პოლიტიკური თამაშის ნაწილია“, - განმარტავს გოკა გაბაშვილი.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილიც უერთდება უმრავლესობის წევრთა პათოსს და თამარ ჩუგოშვილს ამხელს. უტიაშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი ბაქრაძე საერთოდ არ ჰგავს გარდაცვლილ ნიკა კვინტრაძეს და, ვისაც კვინტრაძედ აცხადებენ, სინამდვილეში, ის ბაქრაძეა. ამიტომაც უტიაშვილი მომხდარს ფაქტების დამახინჯებად აღიქვამს.
უმრავლესობისა და შს-ს წარმომადგენლის ამ ვერსიების საპირწონედ, არსებობს ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადებული დასკვნა, რომლითაც 26 მაისს პოლიციელების მიერ დაკავებული პირი ნიკა კვინტრაძეა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეუკვეთა.
ნიკა კვინტრაძე მაისის აქციების მონაწილე იყო. მისი ცხედარი პოლიციამ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინა და გარდაცვალება მაღალი ძაბვის სადენს დაუკავშირა. ამის შემდეგ მედიით გავრცელდა ფოტო, რომელიც აქციაზეა გადაღებული და მასზე მეგობარმა ნიკა რეხვიაშვილმა დაღუპული კვინტრაძე ამოიცნო. ამ ფოტოთი დგინდებოდა, რომ კვინტრაძე დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა კვინტრაძის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ გამოქვეყნდა. იურისტები ყვებიან, რომ მოეპოვებათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენებაც, რომელმაც განაცხადა, რომ 26 მაისს დილით თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიის სახურავზე ნიკა კვინტრაძის ცხედარი არ უნახავს. მოწმე აქციის მონაწილეა და მის ვინაობას საია კონფიდენციალურად ტოვებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცხედარი სახურავზე აიტანეს.
„რუსთავი 2“-ის სიუჟეტის შემდეგ „პრესაგე.ტვ“ დაინტერესდა საია-ს პოზიიცით. თამარ ჩუგოშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას ცილისწამების გამო აპირებს.
- რუსთავი 2-ის სიუჟეტში ნაჩვენები იყო არსებითად მცდარი ფაქტები. პირდაპირ სიცრუე აქვთ ნათქვამი და არასწორი და დამახინჯებული ფაქტები გამოიყენეს. „რუსთავი 2“-მა განაცხადა, თითქოს ეს იყო საიას მიერ მოწვეული ექსპერტი. სინამდვილეში, ძალიან კარგად იცის „რუსთავი 2-მა“, რომ ეს ასე არ არის, რადგან პრესკონფერენციას ესწრებოდა ამ ტელეკომპანიის წარმომადგენელი. მათ კარგად უწყიან, რომ მასალები დამოუკიდებელ ექსპერტიზის ბიუროში გაიგზავნა და დასკვნა ჩამოგვივიდა. ამდენად, არც ჩვენ ჩაგვიტარებია ეს ექსპერტიზა და არც არავინ მოგვიწვევია. მეორეც, შეგნებულად არასწორად გააშუქეს თავად დასკვნის შინაარსი. „რუსთავი 2“-მა შეგნებულად არასწორად აჩვენა ის ფოტოები, რა ფოტოებიც ჩვენ გავაგზავნეთ. უფრო სწორად, იმ ფოტოებში ჩაამატეს ერთი ფოტო, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გაგვიგზავნია და საერთოდ არ ყოფილა ექსპერტიზის დასკვნაში. ეს გახლდათ პროზექტურაში გადაღებული კვინტრაძის ფოტო, როდესაც მას აცვია ლურჯი მაისური. „რუსთავი 2“-მა არ თქვა ის, რაც დასკვნაში წერია. კერძოდ, მათ მთავარი ფაქტი დამალეს, რომ ხელებშეკრული, მიწაზე პირქვე დაწვენილი მამაკაცი არის იგივე პირი, რომელიც გამოსახულია პასპორტის სურათსა და პროზექტურაში გადაღებულ სურათზე. „რუსთავი 2“-ის ამავე სიუჟეტის დანარჩენ ნაწილებზე კომენტარსაც არ გავაკეთებ, რადგან ჩემს თავს არ ვაკადრებ მასზე გამოხმაურებას.
რამდენადაც ვიცი, კვინტრაძის სურათები გამოსაკვლევად ბრიტანულ ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნეთ. გამორიცხულია, რომ იქ შეცდომა გაპარულიყო?
- თქვენ თვითონ განსაჯეთ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე პატივსაცემი ბიურო, რომლის მოძებნაც ჩვენ შევძელით და, რომლის მოძებნაც შეძლო ლონდონში არსებულმა ცნობილმა იურიდიულმა ორგანიზაციამ - „ეჰრაკმა“. მათი რეკომენდაციით, მივაკვლიეთ და შევარჩიეთ ეს ექსპერტები. მე მგონი, ვერავინ ვერ გაბედა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა დასკვნის სისწორე. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც არავის არ უთქვამს, რომ დასკვნა არასწორია, ან თვითონ ის კომპანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ეს არის უსერიოზულესი კომპანია და ძალიან გამოცდილი ექსპერტი ჰყავს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თეთრზოლებიანი რუხი ფერის ჟაკეტი ეცვა გიორგი ბაქრაძეს, ხოლო კვინტრაძეს სულ სხვა ფერის ტანსაცმელი ემოსა და მათ შორის სხვაობა აშკარა იყო.
- გიორგი ბაქრაძეს რა ეცვა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ საქმეში, რადგან, შესაძლოა, ზოლიანი მაისური ცმოდა რამდენიმე ადამიანს. ეს არ არის პრინციპული. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული დასკვნა, რომელიც საზოგადოებას მივაწოდეთ. შსს-სა და, ასევე, წამყვანი ტელეკომპანიების მხრიდან სწორი რეაქცია ის კი არ არის, რომ თურმე საია „იტყუება“, არამედ სწორი რეაქცია იქნებოდა, დაინტერესებულიყვნენ, დასკვნაში რა ეწერა.
საიდან გაჩნდა ქარელში მცხოვრები გიორგი ბაქრაძე ამ ისტორიაში? თქვენს ორგანიზაციას რაიმე შეხება ჰქონდა ბაქრაძესთან?
- დიახ, ჩვენს ორგანიზაციას მასთან შეხება ჰქონდა. ჩვენ მანამდეც ვიცოდით გიორგი ბაქრაძის არსებობის შესახებ, სანამ პრესკონფერენციას ჩავატარებდით. გიორგი ბაქრაძის ოჯახი ჩვენ დიდი ხნის წინ დაგვიკავშირდა, ის დააკავეს 9 ივნისს და გვთხოვეს მისი დაცვა, მაგრამ არ მსურს ამაზე საუბარი.
ანუ, ის ფოტოები, რაც გაუგზავნეთ ბრიტანულ ექსპერტიზას, ნამდვილად კვინტრაძეს ეკუთვნოდა და აქ არაფერ შუაში არ იყო ბაქრაძე?
- გადავაგზავნეთ ოთხი ძირითადი სურათი: შსს-ის მიერ გავრცელებული კვინტრაძის პასპორტის ფოტო, ძირს დაწვენილი მამაკაცის ორი ფოტო. ერთ მათგანში სახე ჩანს და ეს არის „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული, მეორეში კი სახე არ ჩანს, არამედ კეფიდან ჩანს. ანუ, ტანი ჩანს და კეფა.
„რუსთავი 2“ ამას ეძახის №4 სურათს?
- მართალი გითხრათ, დანომვრით არ მახსოვს, ხოლო მეოთხე სურათი იყო პროზექტურაში გადაღებული, ასევე, ნიკა კვინტრაძის სურათი. როდესაც ექსპერტიზაზე ვაგზავნიდით სურათებს, ჩვენ დავსვით ორი შეკითხვა: ამ სურათებიდან რომელიმე მათგანი არის თუ არა ფალსიფიცირებული? და არის თუ არა ერთი და იგივე პირი გამოსახული ამ სურათებზე? ექსპერტიზამ საერთოდ არ იცოდა, რაზე დებდა დასკვნას და რა მოვლენას ეხებოდა ეს ამბავი. ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროდან ძალიან ცხადი დასკვნა ჩამოგვივიდა, რომ არცერთი სურათი ფალსიფიცირებული არაა და ყველა შესაძლო ნიშანი დაემთხვა, რომ ყველა სურათზე ერთი და იგივე პირია გამოსახული. საუბარია კვინტრაძეზე. ამ შემთხვევაში, შვიდ შესაძლო ნიშანს დაეყრდნო ექსპერტიზა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიციას კვინტრაძე 26 მაისის ღამეს დაკავებული ჰყავდა და, შესაბამისად, ოფიციალური ვერსია, რომ კვინტრაძე დენის დარტყმით გარდაიცვალა, გამორიცხულია.
გამოდის, ამ სურათებზე არსად ჩანს გიორგი ბაქრაძე?
- თუ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას წავიკითხავთ, ბაქრაძე აქ არსად ჩანს. მე არ ვარ გამოძიების ორგანო, რომ გამოძიება თავად ვაწარმოო. საია არ არის პროკურატურა, რომ დანაშაული გამოიძიოს. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა. ჩემთვის პირადად სანდოა ექსპერტიზის დასკვნა და არა - სურათებზე გამოსახულ პიროვნებას ბაქრაძეს უფრო ვამსგავსებ თუ კვინტრაძეს.
ამ სურათებზე გიორგი ბაქრაძის „ამოცნობის“ მცდელობით რის გამართლებას ცდილობდა „რუსთავი 2“?
- ამით ცდილობდნენ, გაემყარებინათ ოფიციალური ვერსია, რათა პოლიციამ და გამოძიებამ დაადასტუროს ოფიციალური ვერსია, რომ კვინტრაძე არ ჰყოლიათ დაკავებული და, რომ თითქოს ის არ მოუკლავთ სხვა ადგილას და მისი გვამი იქ არ მიუტანიათ.
ამ საქმეში თანამონაწილეობს გიორგი ბაქრაძე და ამ ვერსიის გამყარებაში ხელს უწყობს ხელისუფლებას? ალბათ ისიც საეჭვოა, რომ სწორედ ახლა იძლევა ჩვენებებს გიორგი ბაქრაძე. საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ იგი აქამდე დუმდა?
- ეს კითხვები ნამდვილად არსებობს. თუმცა ისიც საეჭვოა, ბაქრაძე საკუთარი სურვილით თანამონაწილეობს თუ წახალისებულია?
გოკა გაბაშვილი საიას შეგნებული ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საიას ბოდიშის მოხდა მოუწევს კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელების გამო. ამასთან, „რუსთავი 2“-მა 26 მაისს მომხდარის გამოძიებაში თქვენი როლი ნინო ბურჯანაძის მიერ საკუთარი კორტეჟის გამართლების მცდელობის ფაქტს შეადარა.
- „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ აუცილებლად შევიტანთ საჩივარს, რადგან „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი თავიდან ბოლომდე ყველანაირი ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა და ცილისწამებაა. რაც შეეხება გოკა გაბაშვილს, იგი თანამდებობის პირია, საჯარო მოხელეა და მასაც აქვს ეთიკის წესები, რომელსაც არ უნდა გასცდეს. მე ვფიქრობ, საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო გაბაშვილის წინააღმდეგაც თავისუფლად შეგვიძლია სარჩელის შეტანა. ხვალ სამართლებრივად ამ ყველაფერს დავასაბუთებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
26 მაისის დარბევის გამო თქვენ სასჯელის არაადექვატურობაზე საუბრობდით.
- დიახ, დისციპლინური პასუხისმგებლობები გამოიყენეს რამდენიმე პირის წინააღმდეგ და ეს არ იყო ადექვატური სასჯელი.
თინა ხიდაშელის სახელიც გაჟღერდა, რომ პირველად სწორედ „რესპუბლიკელებმა“ გამოუცხადეს თანადგომა საიას. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საია პოლიტიკური თამაშის წესების ნაწილი გახდა.
- ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი რამ შევნიშნე - როდესაც არგუმენტები უთავდება ხელისუფლებას, პარტიული ნიშნით შეფასებაზე გადადის. ჩემთვის ეს იმის ნიშანია, რომ არგუმენტები არ აქვთ.