უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება გააპროტესტა, რომლის თანახმად, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მისაცემად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მოეთხოვებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე აცხადებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული კონვენციის ნორმებს ეწინააღმდეგება.
„საუბარია საგარეო პოლიტიკური უწყების 11 ივლისის ბრძანებაზე, რომლის თანახმად, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლების განსახორციელებლად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მოეთხოვებათ. ამ ანტიკონსტიტუციური აქტით, საქართველოს დაახლოებით 1 მლნ-მდე მოქალაქე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, - განაცხადა გაგნიძემ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მინისტრის ეს ბრძანება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობაში ხელოვნურ ტექნიკურ სახის ბარიერს უქმნის, ვინაიდან არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის გამო, ისინი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას ვერ მოახერხებენ.
„ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე 3 თვით ადრე, განგებ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის მიზნით მიიღო. ხელისუფლებამ იცოდა, რომ უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი“ - აღნიშნავს ის.
ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს არასამთავრობო სექტორს - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად შეიმუშაონ საკონსტიტუციო სარჩელი ან რეკომენდაცია, რათა ხელისუფლებამ ეს „დისკრიმინაციული ხარვეზი“ გამოასწოროს.