შალვა ნათელაშვილი: მე ვარ და ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან, ედუარდ შევარდნაძესთან, თემურ ლენგთან, მურვან ყრუსთან, ჯალ-ალ-ედინთან შეკრული

შალვა ნათელაშვილი: მე ვარ და ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან, ედუარდ შევარდნაძესთან, თემურ ლენგთან, მურვან ყრუსთან, ჯალ-ალ-ედინთან შეკრული

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით,  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა  „არჩევნები 2012“ „ქართული ოცნების“ ლიდერი იმიტომ არ მივიდა მასთან დებატებში მონაწილეობის მისაღებად, რომ შეეშინდა, მას კი ქართველი ხალხისთვის სიმართლის დანახება უნდა.

 „გამახსენდა, პინგვინად წოდებულმა მილიარდერმა განცხადება გააკეთა, რომ მე უნდა მეღიარებინა თითქოს ხელისუფლებასთან შეკრული ვარ და შემდეგ დამიჯდებოდა დებატებში. კი ბატონო, ვაღიარებ, მე ვარ და ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან, ედუარდ შევარდნაძესთან, თემურ ლენგთან, მურვან ყრუსთან, ჯალ-ალ-ედინთან შეკრული. მოდი ახლა და დამიჯექი. ხვალ მოდი, ზეგ, როცა მობრძანდები მობრძანდი. მართალია, მასთან დაჯდომა ჩემთვის სამარცხვინოა, მაგრამ ქართველ ხალხს სიმართლეს დავანახებ“,- განაცხადა შალვა ნათელშვილმა და აღნიშნა, რომ ვინც „ვარდების რევოლუცია“ მოაწყო, შემდეგ კი ოპოზიციაში გადავიდა, ყველაფერი ეპატიათ და შერჩათ, მათ შორის მილიონებიც.

„ვარდების რევოლუცია ვინ მოაწყო?! სააკაშვილმა, ივანიშვილმა, ხიდაშელმა, უსუფაშვილმა, ბერძენიშვილებმა, დავითაშვილმა, ძიძიგურმა, გუბაზ სანიკიძემ, მელუდე თოფაძემ და ტყემალაძემ. დღეს სად არიან სრულად შეკრებილები? უკლებლივ ნარიყალაზე. მეორე წრეზე მოდიან იგივე დაპირებებით. ამ ხალხს ისტორიული პასუხისმგებლობა და დანაშაული აქვთ ხალხის წინაშე და პასუხი უნდა აგონ. მარტო ბოდიშის მოხდა არ უშველით. ოპოზიციაში გადასვლით ზურგს იმაგრებენ და მილიონებს ფარავენ. ასე მოიქცა ასლანი, ნოღაიდელი, ბურჯანაძეები. ვინმემ რამე მოსთხოვათ მას შემდეგ რაც ოპოზიციაში გადავიდნენ?! არა, ყველაფერი ეპატია“,-აღნიშნა ნათელაშვილმა.

„ლეობორისტთა“ ლიდერმა ქართულ საზოგადოებას მოუწოდა, ამ შემთხვევაში მაინც იყვნენ სულელები და „ლეიბორისტულ“ პარტიას დაუჭირონ მხარი.

„სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ხალხნო ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი თავისაზე და ბრიყვი საერთოდ არავისაზე. მოდით სულელები მაინც ვიყოთ“,-აღნისნა ნათელაშვილმა.