ლევან ვეფხვაძე: დებატები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ვალდებულებაა

ლევან ვეფხვაძე: დებატები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ვალდებულებაა

„კანონის შესაბამისად ოთხი კვალიფიციური სუბიექტი უნდა დაჯდეს და ერთმანეთს ედებატოს. დებატები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არის ვალდებულება“, - ამის შესახებ ქდმ-ს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ვეფხვაძემ დღეს პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

თუმცა ამის შემდეგ საუბარი იმაზე, ვინ ვისთან მიიღებს მონაწილეობას და ვისთან არ მიიღებს, ვეფხვაძის შეფასებით,  გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს.

„ბიძინა ივანიშვილი თავის თავს კანონზე მაღლა ვერ დააყენებს. ასეთი ლუი XIV იყო, რომელიც ამბობდა, რომ სახელმწიფო კანონი და ყველაფერი თვითონ იყო. თუ ივანიშვილს აქვს მსგავსი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ეს მისი პრობლემაა. კანონის შესაბამისად კი, ოთხი კვალიფიციური სუბიექტი უნდა დაჯდეს და ერთმანეთს ედებატოს. ჩემი ინფორმაციით, ტელევიზიებმა ისნის რაიონში ჩემს კონკურენტს, გიორგი ვაშაძეს ჩემთან დებატებში დაჯდომა შესთავაზეს, თუმცა ის ამ დრომდე თავს იკავებს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისივე განმარტებით, ივანიშვილის მიერ საკუთარი თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკოსია.

„როცა ჩვენ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები შევიტანეთ და "ქართულ ოცნებას" შევთავაზეთ, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი კონსტიტუციის შესაბამისად გარკვეულიყო და ასევე ევროკავშირის მოქალაქეს ჰქონოდა უფლება პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა თანამდებობის პირი გამხდარიყო, მაშინ კოალიციამ თქვა, რომ ამ ცვლილებებს არ მიიღებდა და ჩვენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულა. გუშინ გამოჩნდა და ივანიშვილმა აღიარა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის კონსტიტუციას არ აღიარებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვერ იქნება, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის", - აღნიშნა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, კვალიფიციური სუბიექტები არიან: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ლეიბორისტული პარტია".