სამტრედიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, კახი კალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ამოეწურა. ივანიშვილს კი ჯარიმის გადახდის ვადა დღეს 24:00 საათზე ეწურება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, კალაძის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი სააღსრულებლო ღონისძიებები დაიწყება.
როგორც კალაძისა და ივანიშვილის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ From.ge-ს განუცხადა, კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას მხოლოდ კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში გადაიხდიან.
„კალაძე და ივანიშვილი ჯარიმას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიან, თუ დასაბუთდება, რომ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად წინა ჯარიმის სახით გადახდილი თანხები არ აღმოჩნდა საკმარისი. დღეის მდგომარეობით ეს გადახდილი არ არის. და თუ რა ღონისძიებებს განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო ამას ალბათ ამ უწყებაში განმარტავენ“, - განაცხადა თადუმაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიციის სასარგებლოდ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო, "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ჯარიმის სახით 20 243 827 ლარის, კოალიციის წევრს, კახი კალაძეს კი 16 944 960 ლარის გადახდა დაეკისრა.