შალვა შავგულიძემ ზურაბ ადეიშვილს
განცხადებით მიმართა, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2011 წლის 26 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (¹25091/07), რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად სცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტი, აგრეთვე კონვენციის 38-ე მუხლი. კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი ანაზღაურების ფარგლებში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ბატონ გურამ გირგვლიანს უნდა გადაუხადოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ასევე 388 (სამას ოთხმოცდარვა) ევრო მის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების მიზნით.
ბატონ გურამ გირგვლიანს არ უსარგებლია ევროპული კონვენციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და არ გაუსაჩივრებია ევროპული სასამართლოს განჩინება დიდ პალატაში. როგორც ევროპული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის ¹ECHR-LE20.4aR GBI/msh წერილით გვეცნობა, აღნიშნული უფლებით არც საქართველოს მთავრობას უსარგებლია. შესაბამისად, სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2011 წლის 26 ივლისიდან ძალაშია შესული და ექვემდებარება აღსრულებას.
კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად:
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო განჩინებებს საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
სასამართლოს საბოლოო განჩინება ეგზავნება მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის 46-ე მუხლი, რომელიც ევროპული სასამართლოს აქტებს სავალდებულო ძალას ანიჭებს და მხარეებს მათი შესრულების ვალდებულებას აკისრებს, გულისხმობს, რომ როდესაც ევროპული სასამართლო კონვენციის რომელიმე მუხლს დარღვეულად მიიჩნევს, „მოპასუხე სახელმწიფოს წარმოეშობა სამართლებრივი ვალდებულება, არა მხოლოდ გადაუხადოს შესაბამის პირებს 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში დაკისრებული თანხები, არამედ ასევე შეარჩიოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, ზოგადი ან/და თუ საჭიროა, ინდივიდუალური ზომები, რომლებიც მათი შიდა მართლწესრიგის ნაწილი უნდა გახდეს, რათა შეწყვიტოს სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა და რამდენადაც შესაძლებელია, აღმოფხვრას მისი შედეგები.“ (Scozzari and Giunta v. Italy, Applications nos. 39221/98 and 41963/98, §249; Scordino v. Italy (No. 1), Application no. 36813/97, Judgment of 29 March 2006, §233).
იგივე აზრი გამომდინარეობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ კონვენციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის აღსრულებასთან დაკავშირებული წესების („მინისტრთა კომიტეტის ინფორმირება განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით“) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომელშიც ვკითხულობთ:
„2. კონვენციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ [ევროპული სასამართლოს] განჩინების აღსრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას, მინისტრთა კომიტეტი ვალდებულია შეამოწმოს:
a. გადახდილი იქნა თუ არა სასამართლოს მიერ მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა, მათ შორის, საქმის გარემოებების შესაბამისად, დარიცხული პროცენტის ჩათვლით;
b. თუ საჭიროა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის მაღალ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება აირჩიოს საშუალებები, რომლებითაც განხორციელდება განჩინების აღსრულება, შეამოწმოს:
i. იქნა თუ არა მიღებული ინდივიდუალური ზომები, რომლებითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა დარღვევის აღმოფხვრა და, რამდენადაც შესაძლებელია, დაზარალებული მხარის იმავე მდგომარეობაში დაბრუნება, რომელშიც იმყოფებოდა ეს მხარე კონვენციის დარღვევამდე;
ii. იქნა თუ არა გატარებული ზოგადი ზომები, რომლებითაც შესაძლებელი გახდებოდა დადგენილი დარღვევის ან დარღვევების მსგავსი ახალი დარღვევების აღკვეთა ან განგრძობადი დარღვევების შეწყვეტა.“
ინდივიდუალური ზომების მხრივ, აღსანიშნავია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შუალედური რეზოლუცია „ღონღაძე უკრაინის წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით (Interim Resolution CM/ResDH(2008)35 on the execution of the judgment of the European Court of Human Rights in the case of Gongadze against Ukraine, Application No. 34056/02, judgment of 08/11/2005, final on 08/02/2006).
როგორც ცნობილია, ენუქიძე-გირგვლიანის საქმის მსგავსად, ზემოხსენებულ საქმეშიც, სხვა დარღვევებთან ერთად, ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად სცნო კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტიც. მინისტრთა კომიტეტის ხსენებულ რეზოლუციაში ვკითხულობთ:
„იხსენებს რა იმ ფაქტს, რომ [მინისტრთა] კომიტეტის ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, მოპასუხე სახელმწიფოს გააჩნია განგრძობადი ვალდებულება ჩაატაროს საქმის ქმედითი გამოძიება, როდესაც დარღვეულად იქნა ცნობილი მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტი;
აღნიშნავს რა, რომ ასეთი გამოძიება უნდა ჩატარდეს გულმოდგინედ და გონივრულად მოკლე ვადებში, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ზედამხედველობის პრინციპების დაცვით;
ხაზგასმით აღნიშნავს რა, რომ დადგენილი დარღვევების სიმძიმისა და [ევროპული] სასამართლოს განჩინების ძალაში შესვლიდან გასული დროის გათვალისწინებით, ამ საქმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ მკვლელობის წამქეზებლები და ორგანიზატორები;
დაბეჯითებით სთხოვს მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლებას, გონივრულად მოკლე ვადებში ჩაატაროს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, რათა მიაღწიოს კონკრეტულ და თვალსაჩინო შედეგებს მომჩივნის მეუღლის მკვლელობის წამქეზებლებისა და ორგანიზატორების ვინაობის დადგენისა და მათი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის თვალსაზრისით.“
რაც შეეხება ზოგად ზომებს, მინისტრთა კომიტეტის იმავე რეზოლუციაში ვკითხულობთ:
„ხაზგასმით აღნიშნავს რა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა ყველა შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას;
მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას გააქტიუროს ძალისხმევა საგამოძიებო ორგანოების, კერძოდ პროკურატურის დამოუკიდებლობის გაუმჯობესების მხრივ, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში გამოძიების ეფექტიანობისთვის უკეთესი გარანტიების ჩამოყალიბებას...“.
ეჭვი არ არის, რომ ევროპის საბჭოს სტრუქტურებს, მათ შორის ევროპულ სასამართლოს და მინისტრთა კომიტეტს, საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ისეთივე მოლოდინი და მოთხოვნები ექნებათ ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით, როგორიც გამოხატული იქნა ღონღაძის საქმესთან მიმართებით.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, სახელმწიფოს ავტორიტეტზე ზრუნვის ინტერესიდან გამომდინარე, გაითვალისწინებს ყოველივე ზემოთქმულს, არ დაელოდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან ისეთივე მითითებებს, როგორიც ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული უკრაინის მიმართ და გონივრულად მოკლე ვადებში თავად მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, როგორც ინდივიდუალურს, ისე ზოგადს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში დადგენილი დარღვევების შედეგების აღმოფხვრა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,
მ ო გ მ ა რ თ ა ვ თ თ ხ ო ვ ნ ი თ:
გვაცნობოთ:
რა ინდივიდუალური ზომების მიღებას აპირებს საქართველოს სახელმწიფო, რათა გონივრულად მოკლე ვადებში აღმოფხვრას «ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ» საქმეზე ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებით დადგენილ დარღვევათა შედეგები.
კერძოდ: აპირებს თუ არა ის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩაატაროს ქმედითი ხელახალი გამოძიება; ამხილოს მოცემულ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი - უშუალო აღმსრულებლების, წამქეზებლების და ორგანიზატორების ჩათვლით; სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს მათ მიერ ჩადენილ ქმედებას და სათანადოდ დასაჯოს ისინი; გამოავლინოს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს და სათანადოდ დასაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს მოცემული დანაშაულის შეუტყობინებლობა ან/და დაფარვა.
რა ზოგადი ზომების მიღებას აპირებს სახელმწიფო, რათა ამგვარი დარღვევები ამიერიდან აღარ იქნას დაშვებული. კერძოდ, გათვალისწინებულია თუ არა სათანადო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკაში და სხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მოქმედი, საქართველოს 2009 წლის 09 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესის მხარედ, როგორი სახით იქნება უზრუნველყოფილი დაზარალებულ გურამ გირგვლიანის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის (ადვოკატების) ჩართულობა აღნიშნული საქმის ხელახალ გამოძიებასა და შესაბამის სასამართლო განხილვებში.
ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, 2011 წლის 26 ოქტომბრამდე, გადარიცხოთ ევროპული სასამართლოს მიერ სამართლიანი ანაზღაურების ფარგლებში მითითებული თანხები - 50 000 ევროსა და 388 ევროს ექვივალენტი ლარი, შესაბამისი საგადასახადო დანარიცხების დამატებით, მომჩივან გურამ გირგვლიანის საბანკო ანგარიშზე.