ამ თვენახევრის წინ „პრესაგე.ტვ“ იუწყებოდა, რომ სომხური გამოცემა „პანარმენიან. ნეტ“-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტმა თურქები დაავალდებულა, ქრისტიანებს დაუბრუნონ ჩამორთმეული ტაძრები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. საუბარია სომხების, ბერძნების, ასირიელების, პონტოელების, სირიელი ქრისტიანებისა და სხვა ქრისტიანული სათვისტომოების რელიგიურ ძეგლებზე. სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში ვერ ამოვიკითხეთ ახლანდელ თურქეთში მდებარე ოდინდელი ქართული ძეგლები. კერძოდ, ტაო-კლარჯეთის სულიერი საუნჯეები, საიდანაც გაერთიანებულ ქართულ სახელმწიფოს ჩაეყარა საფუძველი და, საიდანაც მე-9 საუკუნის უდიდესმა მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა საქართველოს გამთლიანება დაიწყო. ხანძთა, შატბერდი, იშხანი, ოშკი, ოპიზა, ხახული, ბანა... ჩამონათვალი უსასრულოა.
უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ, თუ ქართული მხარე საერთაშორისო დონეზე დააფიქსირებდა, რომ ეს ძეგლები მართლაც ჩვენია, შესაძლოა, მათ დაბრუნებაზეც გვეფიქრა. სამწუხაროდ, ქართულ მხარეს აზრად არ მოსვლია, რომ საერთაშორისო ჩამონათვალში დაეფიქსირებინა ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლები.
ახლახანს კიდევ ერთხელ გახმიანდა ეს ინფორმაცია და ცნობილი გახდა, რომ თურქეთი ზემოთჩამოთვლილი ერებიდან სამს - ბერძნებს, სომხებსა და იუდეველებს უბრუნებს საკუთარ ისტორიულ ძეგლებს, ქართველები კი ისევ გაწბილებულნი ვრჩებით.
თავის დროზე ვაცხადებდით, რომ თურქეთისადმი აშშ-ის კონგრესის ამ კატეგორიულ მოთხოვნას წინ უსწრებდა ამერიკის სომხური ნაციონალური კომიტეტის საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები კონგრესმენებს თურქეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებდნენ, რათა ამ ქვეყანას ქრისტიანული ტაძრები დაებრუნებინა. მაშინ „პრესაგე.ტვ“ იმითაც დაინტერესდა, შეეძლო თუ არა, ქართულ მხარეს, მოეთხოვა ტაო-კლარჯეთის ძეგლების დაბრუნება?! ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ „ეს ფაქიზი თემაა და ასეთი საკითხები მარტო მოთხოვნის დონეზე არ წყდება, არამედ მხოლოდ მხარეების ურთიერთკონსენსუსითა და ურთიერთშეთანხმებით მიიღწევა“. ამასთან, ექსპერტი თავადაც გაოცებული იყო ამ გადაწყვეტილებით: „თუკი აშშ-ის კონგრესმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, არა მგონია, მთლად კარგად გააზრებული იყოს, რადგან ვფიქრობ, სხვის საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა გამოდის. ცოტა გაუგებარია. როგორც წესი, ასეთი რამ ხდება ორმხრივ რეჟიმში და არა მესამე ქვეყნის გადაწყვეტილებებით. თუ ეს ასეა, ჩემთვის უცნაური განცხადებაა“.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს საინფორმაციო საშუალება „WELT ONLINE”-ის მეშვეობით, ჩვენ გავეცანით გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობას თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ამ მართლაც „რევოლუციური“ გადაწყვეტილების შესახებ. ამ დეკრეტს ერდოღანმა ხელი 28 აგვისტოს მოაწერა, რადგან აშშ-ის კონგრესის 306-ე რეზოლუცია თურქეთს ავალდებულებდა, პატივი ეცა მის ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანთა უფლებებისთვის. თურქეთი ამ დათმობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წავიდა, რომელმაც დააკმაყოფილა თურქეთში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების საჩივარი.
როგორც ერდოღანი განმარტავს, თურქეთი მზადაა, დაუბრუნოს ქრისტიანებს (სომხებსა და ბერძნებს) 1936 წლის შემდეგ წართმეული ძეგლები. ამასთან, თურქები დააბრუნებენ ერთ პროცენტზე ნაკლები ოდენობით სომხურ ეკლესიებს.
„ჩვენ ვიცით იმ უსამართლობის შესახებ, რაც სხვადასხვა რელიგიურმა ჯგუფებმა განიცადეს. დრო გავიდა, ამის გამო მოქალაქეებს თავიანთი რელიგიური და ეთნიკური კუთვნილება ჩახშობილი ჰქონდათ“, - ამ უცხოური გამოცემის თანახმად, აცხადებს ერდოღანი.
ამის მაგალითად გერმანულ გამოცემას თურქეთში მცხოვრები ბერძნების მაგალითი მოჰყავს: „ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, ბერძნებს აქვთ სიხარულის მიზეზი: თითქმის 2000 ბერძენი ცხოვრობს ამჟამად თურქეთში, მაგრამ მათ შეუძლიათ 1000-მდე ერთეული უძრავი ქონება დაიბრუნონ, მათ შორის - ეკლესიები, სკოლები, სასაფლაოები, ჭაბურღილები (შადრევანი, ჭა, მინერალური წყარო). მართალია, დღესდღეობით მათი ქონების ნაწილი კომერციზებულია და ბანაკებად ან ღამის კლუბებადაა ქცეული, მაგრამ მათ კომპენსაცია მიეცემათ“.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თურქეთის ეს გადაწყვეტილება თურქეთში მცხოვრებ მხოლოდ სამ აღიარებულ უმცირესობას შეეხება - ბერძნებს, სომხებსა და ებრაელებს და არა დასავლეთის ეკლესიებს, მათ შორის, კათოლიკური ან ლუთერანული ეკლესიის მიმდევრებს. ასევე, ეს გადაწყვეტილება არ შეეხება თურქეთში მცხოვრებ სხვა აურაცხელ უმცირესობებს. მათ შორის, ქურთებსა და სირიელებს. სამი წლის წინ თურქეთის პარლამენტმა რეფორმირებული კანონის თანახმად, განსახელმწიფოებრივად ქცეული ამ საეკლესიო საკუთრების დაბრუნების ვალდებულება აიღო. პრაქტიკულად, მათ 2300-ზე მეტი ძეგლის დაბრუნება უწევდათ. მაგრამ 2300 ძეგლის დაბრუნება მხოლოდ ერთი შეხედვით იყო შედარებით იოლი, რეალურად უფრო მეტი ქონება გახლდათ დასაბრუნებელი. თუმცა ბევრი მათგანის დაბრუნებაზე თურქებმა უარი განუცხადეს, რადგან თურქეთის სახელმწიფომ ამ ეკლესიათა მფლობელების მიერ მათთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არაადექვატურად მიიჩნია.
ქართულ ფორუმებზე თურქეთის ამ გადაწყვეტილებას უკვე შეფასებები მოჰყვა. „თურქეთი ეკლესიებს აბრუნებს, ბარემ, ტერიტორიებიც მოაყოლოს;“ „ფუ, რა უნამუსოა, ტაო-კლარჯეთში რამდენი ქართული ძეგლია და ამასაც არ გვიბრუნებენ? მერე მეტლიკინონ ძმობაზე... ძმურ გაგებაში“; „ბერძნებს და სომხებს უბრუნებს, ჩვენ რა ხეირი?“ „ქართულ ძეგლებს ახლა სომხები წაიღებენ. ეგენი ისედაც იჩემებენ ლამის ყველას, ჩვენიაო. უპირველესად, იშხანს დაადებენ ხელს, მერე კი იმ ცრუ-შატბერდს, ადრე, რომ ნაღდი შატბერდი ეგონათ. ჩვენმა მთავრობამ ახლა მაინც გამოიჩინოს რაღაც ფხა“...
ერდოღანის ამ დათმობამ ალბათ ებრაელებიც გააოცა. დღემდე თურქეთის ელჩს ისრაელში ერდოღანი ფუნდამენტალისტად მიაჩნდა, რომელსაც ისრაელი რელიგიური მოტივით სძულდა. ამის შესახებ ინფორმაცია სკანდალურმა Wikileaks-მა აშშ-ის დიპლომატიურ გზავნილებზე დაყრდნობით გაავრცელა, რაც The Washington Times-შიც დაიბეჭდა.
2009 წლით დათარიღებულ დიპლომატიურ გზავნილში თურქეთის ელჩი ისრაელში გაბი ლევი ხსნის, თუ რატომ შეიცვალა ერდოგანის დამოკიდებულება ისრაელისადმი.
„მას ჩვენ რელიგიის გამო ვძულვართ და ეს თანდათან ვრცელდება“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
რაც შეეხება ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობას, არავისთვის ახალი არაა, რომ ისინი დაუყოვნებლივ რესტავრაციას საჭიროებენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ოშკისა და იშხანის მდგომარეობა საგანგაშო იყო, ხოლო იუნესკოზე დაიმედება პროცედურულად რთული გახლდათ, დრო კი არ ითმენდა და ქართული მხარის საზიანოდ მუშაობდა. ნიკა ვაჩიშვილის თქმით, ქართველებს თავად თურქები აჩქარებდნენ, როდის მიხედავთ თქვენს ძეგლებსო. მაშინ ვაჩეიშვილი ხელს საპატრიარქოსკენ იშვერდა, რომელიც თანახმა არ იყო მისი ჩარევის გარეშე თურქულ მხარესთან ხელშეკრულება გაფორმებულიყო, რადგან ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, თურქეთი საქართველოში მეჩეთის აშენების უფლება მიიღებდა.
საინტერესოა, რას ფიქრობს დღეს ნიკა ვაჩეიშვილი, როცა ხედავს, რომ სხვა რელიგიურ უმციროსების წინაშე თურქეთი დათმობაზე წავიდა. ერდოღანის გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამ დრომდე დუმილს არჩევენ.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სომხებისთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა ის, რომ მათზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება.
„აქ ერთი მომენტია, რომ თურქეთში არსებული სომხური ეკლესია გამორჩეულია, რადგან მონოფიზიტურია და სომხებს იქ აქვთ საპატრიარქო. ამასთან, თურქეთის ტერიტორიაზე კონსტანტინეპოლის საპარტრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება. ავტომატურად ყველა ეკლესია, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში ითვლება. ამდენად, ქართული ეკლესიების ბედი დამოკიდებულია საქართველოსა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის შეთანხმებაზე. ეს უნდა იყოს, პირველ ყოვლისა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის განხილვის საგანი. შემდეგ კი შეიძლება იმაზე მსჯელობა, ეს ეკლესიები და მონასტრები რა ფორმით შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს საპატრიარქოს შემადგენლობაში,“ - აცხადებს სერგო ვარდოსანიძე „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ქართული ეკლესია-მონასტერია ტაო-კლარჯეთში, რადგან საქართველოს ყოფილი ტერიტორიის 52 ათასი კვ. კილომეტრი ამჟამად თურქეთის ხელშია.
„პრესის საშუალებით შევიტყვე, რომ თურქეთის მთავრობამ ამ საკითხზე ფიქრი დაიწყო. როცა მკაფიოდ განისაზღვრება დეტალები, ამის შემდეგ შეიძლება საქართველოს საპატრიარქოც ჩაერთოს. რაც შეეხება ბერძნებს, არანაირი პრივილეგია თურქეთში არ ჰქონდათ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა ახლა რა ხდება, არ ვიცი“.
ისტორიკოსის თქმით, იურისტის გასარკვევია, შეუძლია თუ არა ქართულ მხარეს კონგრესის წინაშე ამ საკითხის დაყენება, რადგან ტაო-კლარჯეთში ჩვენი ძეგლების მდგომარეობის თვალსაზრისით, რთული ვითარება იყო.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამილა მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ტაო-კლარჯეთსა და ისრაელში მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრების ბედი დიდადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებზე.
„მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. ჯერჯერობით, როგორც მე ვხედავ, ეს არ ხერხდება, რაც ისევ ჩვენი ბრალია. მარტო კულტურის სამინისტროს არ ვგულისხმობ, ეს ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, საპატრიარქოსაც. მთლიანობაში - საქართველოს მთავრობასა და ეკლესიას. თანაც მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს ძალიან ფრთხილად. პირველ ეტაპზე გასაუბრებით უნდა დაიწყოს. ისეთი ამბავი მოხდა ერთი წლის წინ, ფაქტობრივად, ტაო-კლარჯეთის რესტავრაცია შეჩერდა, რაზედაც თურქები მოდიოდნენ. ახლა ეს ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. ალბათ ორივე მხარის ბრალია, მარტო ქართულ მხარეს ვერ დავადანაშაულებ,“ - აცხადებს თამილა მგალობლიშვილი „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში.
მისი თქმით, იგი უთუოდ დაინტერესდება კონგრესის ამ რეზოლუციით. დაუკავშირდება კონგრესში რელიგიათა საკითხებში მოღვაწე სპეციალისტს, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება ამიტომაც ვერ შეძლო.
საინტერესოა, თუ სომხებმა მოახერხეს საკუთარი ეკლესიების დაბრუნება, ნუთუ ქართველებს კონგრესის დონეზე მაინც არ შეეძლოთ თავიანთი მოთხოვნების წამოყენება ტაო-კლარჯეთის ეკლესიებთან მიმართებით?!
„კონგრესში ყველაფრის მოთხოვნა შეიძლება, მაგრამ სომხებს ძალიან მდიდარი და ძლიერი ლობი ჰყავთ; იგივე ხდება ისრაელთან მიმართებით. ჩვენ არავინ გვყავს და ეს ყველაფერი დიპლომატიაზეა დამოკიდებული,“ - გვითხრა თამილა მგალობლიშვილმა.
ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე თურქების მიერ ქრისტიანული ტაძრების დაბრუნებას არაერეალურად მიიჩნევს.
„ალბათ უცხოურ საიტებზე რაღაც შეცდომა გაიპარა, რადგან ჯერ არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, ერთი ქვეყნის ეკლესიები მეორე ქვეყნის ექსკლუზიურ საკუთრებად გამოცხადდეს. ერთადერთი, ამ უფლებით სარგებლობენ საელჩოები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიებად ითვლებიან. ალბათ, ეკლესიების გადაცემა ცოტა სხვა ფორმატს გულისხმობს. შესაძლოა, აღდგეს ეს ეკლესიები და იქ წირვა-ლოცვა ჩატარდეს. საკუთრებაში გადაცემას ვერ ვენდობი. ქართული ეკლესიების შემთხვევაში კი საუბარია, რომ აღდგეს ეს ტაძრები, მათ შორის - ოშკი და ხახული, და მათ პირვანდელი ფორმა მიეცეს. კონგრესის გადაწყვეტილებას რომ გავეცნობი, მხოლოდ ამის შედეგ გავაკეთებ უფრო ზუსტ კომენტარს,“ - გვითხრა დიმიტრი შველიძემ.