მიხეილ სააკაშვილი: დღევანდელი დღე არის ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება

მიხეილ სააკაშვილი: დღევანდელი დღე არის ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება

დღევანდელი დღე არის ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება”, - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში განაცხადა , სადაც ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვაში მონაწილეობდა. მისი თქმით, ეს დღე არა მარტო მისი, არამედ ხალხის დიდი ოცნებაც იყო.

პრეზიდენტის განცხადებით, ეხლა საქართველოს აღმშენებლობის „ქვების გაბნევისა და ქვების შეგროვების“ დრო აქვს.

„ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, ეს აღმშენებლობა ყველას ეკუთვნის. ჩვენ მართლა შევდივართ ოქროს ხანაში. ხალხს ჯერ ძალიან უჭირს, მათ შორის ქუთაისში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ, ავაშენოთ და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხის პოლიტიზირება მას არ დაუწყია და იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ტაძარი არ უნდა აღდგესო. სააკაშვილის განცხადებითვე, თუ კი დღეს რაიმე შენდება, ეს ხალხს აღიზიანებს.

„ხალხო, რა გაღიზიანებთ, ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, ყველას, მაგრამ ეს ხომ დაგვრჩება, ეს ეკუთვნის სრულიად საქართველოს. ეს ეკუთვნის პოლიტიკოსსაც და არაპოლიტიკოსსაც, მორწმუნეს და არამორწმუნესაც, რადგან ბაგრატი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ეს ერთიანი საქართველოს აღდგენის საწინდარია",-განაცხადა პრეზიდენტმა.