სენაკის პოლიცია ფარულავას მკვლელთან ერთად ოქრუაშვილსაც ეძებს

სენაკის პოლიცია ფარულავას მკვლელთან ერთად ოქრუაშვილსაც ეძებს

სენაკის პოლიციის სამმართველოს შესასვლელში გაკრულ აბრაზე შს სამინისტროს მიერ ძებნილი რვა პირის ვინაობა იკითხება. გამოსახული ფოტოებიდან შვიდი „ადგილობრივი მნიშვნელობის“, ხოლო ერთი „საერთაშორისო“ და აბრაზე პირველ ნომრად „განთესილი“ ძებნილი ირაკლი ოქრუაშვილია.

რაიონის რა ტერიტორიაზე ეგულებათ სამართალდამცველებს „ოქრო“ ან რატომ არ იკავებს საპატიო ადგილს აბრაზე მაგალითად, „საკავშირო მასშტაბით“ ძებნილი ბადრი ბიწაძე, მერაბიშვილის უწყების სენაკელ რიგითებს პასუხი არ აქვთ. დღეს მათი თავსატეხი სხვაა - ისინი ოქრუაშვილთან ერთად 23 წლის სოხუმელი ბიჭის, ირაკლი ფარულავას მკვლელს ეძებენ, რომელიც შუა ქალაქში ხელიდან გაუსხლტდათ. პოლიციის „გენერლებმა“ მკვლელისა და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელი დღემდე თურმე ისევე არ იციან, როგორც ოქრუაშვილის. 

ყელგამოღადრული ირაკლი ფარულავას ცხედარი სენაკის პოლიციას ღამის ათის ნახევარზე, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე დახვდა. მკვლელი მას საკუთარ სახლთან ახლოს ჩაუსაფრდა და დანის გამოყენებით სასიცოცხლო არტერია გადაუჭრა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შს სამინისტრო სენაკში მომხდარ მკვლელობაზე კომენტარს არ აკეთებს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არც სამინისტროს ვებგვერდზე იძებნება. არაოფიციალური ინფორმაციით კი სენაკის პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და მკვლელობაში ეჭვმიტანილად სენაკელი მოკრივე, უტა წოწონავა სახელდება. 

„პრესაგე.ტვ“-ს ინფორმაციით იძებნება ასევე წოწონავას თანამზრახველი 3 პირი, ჩარგაზია, გუნია და როგავა. მოპოვებული ინფორმაციით დავით ჩარგაზია ორი ადამიანის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებაშია ეჭვმიტანილი და საქმეზე გამოძიების დასრულებამდე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და მისი თანამზრახველების დაკავების შესახებ ინფორმაცია არც ოჯახის წევრებს აქვთ. ირაკლი ფარულავას ჯერჯერობით დედის მშობლები გლოვობენ. ესმა ფარულავამ შვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის. იგი სამუშაოდ რუსეთის დედაქალაქში იმყოფება და მეზობლები მას ვაჟის თითქოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დაუყონებლივ ჩამოსვლას სთხოვენ. 

მოკლულის ბაბუას, მურთაზ ფარულავას სამართალდამცველების მიერ მკვლელისა და მისი თანამზრახველების დაკავებაში ეჭვი ეპარება. იგი ამბობს, რომ წოწონავას მამა პოლიციელია და დანაშაულის დაფარვას შეეცდება.

მკვლელობის ერთადერთ არაოფიციალურ მიზეზად დღეს მეგობრებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება სახელდება. გავრცელებული ვერსიით ახალგაზრდებმა „საქმის გარჩევა“ საერთო მეგობრის დასთან უტა წოწონავას სასიყვარულო ურთიერთობის გამო გადაწყვიტეს. 

უტა წოწონავას, რომელიც სენაკის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში მწვრთნელის თანამდებობას იკავებს, საკუთარი თანაქალაქელები სხვა გაუხმაურებელ კრიმინალურ ფაქტებშიც ადანაშაულებენ. ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ სენაკის ბიუროს წარმომადგენელი ინგა ქარდავა „პრესაგე.ტვ“-სთან წოწონავას მიერ არასრულწლოვან გოგონებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს იხსენებს.