ველოსიპედზე იმერეთის გუბერნატორიც გადაჯდება

ველოსიპედზე იმერეთის გუბერნატორიც გადაჯდება

„ქუთაისი ყველაზე მაგარი ევროპა ევროპაში“, „"ჰგონიათ, რომ ჩვენ სულ ტალახში უნდა ვიჯდეთ, მაგრამ ნახავთ, ჰოლანდიასაც დავეწევით და გადავუსწრებთ კიდევაც“, - ასეთი ფრაზები ისმოდა ქუთაისში პრეზიდენტის მიერ ველობილიკის გახსნისას.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მიმდინარე აღმშენებლობის გამო ქვეყანაში მთლიანად იცვლება ფსიქოლოგია. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიის შეცვლას ქართველები განიცდიან, უცხოელები კი, სააკაშვილის თქმით, პირდაფჩენილნი კითხულობენ, ნუთუ ეს არის საქართველო?! რატომღაც უცხოელების ნაწილს ჰგონია, რომ კარგი გზები უნდა იყოს მხოლოდ ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებში, ასეთი მიდგომა კი პრეზიდენტისთვის მიუღებელია.  

პრეზიდენტმა ქუთაისში ტრასაზე ველოსიპედით მეუღლესა და შვილთან ერთად ჩაიარა. ქვეყნის პირველ პირს ეკოტრანსპორტზე ამხედრებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მიჰყვნენ.

იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია მალე ველოსიპედს შეიძენს და ქუთათურებთან ერთად ველოტრასას დაუყვება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირობა დადო ველოტრასის გახსნის დღეს.

„ადრე ეს იყო ერთი მაჩანჩალა, არაფრით გამორჩეული უბანი, მეც ვაპირებ ველოსიპედის შეძენას და ამ ხალხთან ერთად ვივლი,“ - აღნიშნა ლაშა მაქაცარიამ და ამით თავის ძვირადღირებულ ჯიპს სიტყვიერად გამოემშვიდობა.

ადგილობრივმა ოპოზიციამაც პრეზიდენტის ნაკვალევზე გაიარა და ქუთაისში სანუგეშო ვერაფერი შეამჩნია. ამიტომაც დაასკვნა, რომ „ქუთაისს სჭირდება არა ტაკიმასხარობა, არამედ რეალური დასაქმება“. „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მარაზმი და თანხის გადაყრაა, ველოსიპედზე კატაობით ტორსის გამოჩენა კი მხოლოდ დადგმული სპექტაკლია“.

 

ასეთივე შეფასებები აქვთ სხვა ქუთათურებსაც. მათი აზრით, ხალხი  სიღარიბის ზღვარს ქვევითაა და, რა დროს ველოსიპედის ტრასა და პალმებია?! საყოველთაო გაჭირვების გამო ამ ქალაქისთვის ველობილიკები ამ ეტაპზე ხელოვნურად, ზედმეტად მოჩანს.

ასეა თუ ისე, ქუთაისში 6 კილომეტრიანი ბილიკი ველოსიპედებისთვის უკვე გაიხსნა.

ჩვენ დავინტერესდით, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ველოსპორტის განვითარებას. როგორც ერთ-ერთმა მწვრთნელმა (რომელმაც საკუთარი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა)  გვითხრასპორტის ეს სახეობა ექსტრემალურია და შესაბამის ფიზიკურ დატვირთვასაც მოითხოვს.

„არაერთ ბავშვს სურს, სპორტის ამ სახეობას დაეუფლოს, თუმცა თვით დედაქალაქშიც კი მშობლებს არ აქვთ საშუალება, ველოსპორტზე ატარონ ბავშვები და ამით კრიმინოგენურ სიტუაციას თუ განარკომანებას მოწყვიტონ. თანაც მარტო ველოსკოლაში ბავშვის მისაბარებლად გაღებული თანხით არ ამოიწურება ყველაფერი. მოზარდს სპეციალური აღკაზმულობა სჭირდება, რაც, ცხადია, გაჭირვებული ოჯახებისთვის ძვირადღირებულია. საუბარია ჩაფხუტზე, ხელთათმანებზე, სპეციალურ ფეხსაცმელზე.

მწვრთვნელის თქმით, არც ველოსკოლებშია უკეთესი სიტუაცია, რადგან  სპორტული ინვენტარის მოძიება პრობლემატურია. ამიტომაც ამ სახეობის სპორტის პედაგოგებმა მარტივ ხერხს მიმართეს: კარგა ხანია, ბავშვებს მწყობრიდან გამოსული და მრავალგზის „აღდგენილი“ ველოსიპედებით ამეცადინებენ.

არადა, საქართველოში ველოსპორტს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თბილისის ველოტრეკი ერთ-ერთი პირველი სპორტული ნაგებობა იყო საქართველოში, რომელიც 1893 წლის 22 აგვისტოს დღევანდელი უზნაძის ქუჩაზე გაიხსნა სამხედრო ინჟინრის, თავად ვასილ ჯორჯაძის დაფინანსებით. მოგვიანებით ამ შენობის განახლებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისში დარჩენილი გერმანელი ტყვეები მონაწილეობდნენ და შესაბამისად, 1947-53 წლებში ტრეკი ლავრენტი ბერიას სახელს ატარებდა.

რაც შეეხება 70-იან წლებში თბილისში აგებულ ცენტრალურ ველოტრეკს, დღესდღეობით იგი აღარ არსებობს. მოზარდები ძირითადად დიდი დიღმის ახალ კომპლექსში ვარჯიშობენ, სადაც მატერიალური სიდუხჭრის გამო სიარული ყველას არ შეუძლია. 

სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე აცხადებს, რომ სპორტის ხელშეწყობის მიზნით როგორი პიარ-კამპანიაც არ უნდა აწარმოოს ამ ხელისუფლებამ, ეს ყველაფერი ფარსია. მით უფრო მაშინ, როცა ხელისუფლება აუქმებს უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც ემსახურება ქართულ სპორტს.

„მხოლოდ სარბენი ბილიკი და მოედანი კი არ ზრდის  სპორტსმენს, არამედ შესაბამისი კადრი. თბილისში ფუნქციონირებდა რამდენიმე ველოტრეკი, რომელიც ამჟამად გაყიდულია. ერთი ე.წ. პლეხანოვის მიმდებარედ მდებარეობდა, მეორე კი  ველოტრეკის მოედნის სახელით არსებობდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი აღარ ფუნქციონირებენ და გაყიდულია. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ველოსპორტში გვყავდა ომარ ფხაკაძე“, - აცხადებს ირაკლი დოლაბერიძე „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში.

მისი თქმით, ასეთივე მდგომარეობაა სპორტის სხვა სახეობებშიც, რომელთა ინსფრასტრუქტურაც განიავებულია.

„ამის საკომპენსაციოდ ვიღაცისა თუ რაღაცის ხარჯზე პატარ-პატარა მატერიალურ-ტექნიკური ბაზები გააკეთეს. თუმცა სულ მთლად ევროპული სტანდარტის ყინულის მოედნები, ველოტრეკები, საცურაო აუზები, ტატამები, რინგები რომც გააკეთონ, ამას ქართული სპორტის განვითარებისთვის აზრი არ აქვს, თუ იქ სპეციალისტები არ დაასაქმეს. სპორტში მოღვაწე ღირსეული კადრი ძალიან ახლოს დგას ექიმის პროფესიასთან. არაკვალიფიციურმა სპეციალისტმა შეიძლება ჯანმრთელი ბავშვი დააინვალიდოს და იგი საოპერაციო მაგიდაზე დატოვოს“, - გვითხრა ირაკლი დოლაბერიძემ.