ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარს ყოველდღე ფილტვებიდან ერთ ვედრო ჩირქს უღებენ, ექსპერტიზის ბიუროში კი ორი თვეა ვერ, თუ არ წერენ დასკვნას იმის შესახებ - რა დაავადება აქვს 23 წლის ახალგაზრდას. პროტესტის ნიშნად მამამ პირი ამოიკერა, „ამბის გასაგებად“ მისულ დეპუტატებს კი, ექსპერტიზის ბიუროს ყველა თანამშრომელი, უფროს-უმცროსიანად ქუთაისში დახვდათ „წასული“.
„ხუდადოვზე, ტუბერკულიოზის ცენტრში წევს იოსები, ამჟამად. ციხის ერთი პალატა აქვთ, რომ შედიხარ - მარჯვნივ. იქ უწევთ გამოკეტილი, წვერგასაპარსი, დაუბანელი. სანიტარი აჭმევს ხელით, ნაწოლები გაუჩნდა. მარჯვენა ფილტვის ლპობის პროცესი აქვს დაწყებული, მარცხენაზე კი - მოთესვის. ყოველდღე ერთ ვედრო ჩირქს უღებენ ფილტვებიდან. ფილტვის ოპერაციას ვერ უკეთებენ, ნარკოზს ვერ გადაიტანს და არც ექვემდებარება მკურნალობას. მუცლის ღრუს ოპერაცია უნდა გაკეთდეს და ვინ გააკეთებს?“, - ასეთ დღეშია 23 წლის პატიმარი იოსებ წიკლაური, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დააკავეს და ციხეში დაავადდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კი პრესაგე.ტვ-ს მამიდამ, ლაურა წიკლაურმა მიაწოდა ინფორმაცია.
ბევრიც რომ გვეცადა, მამისგან ზურაბ წიკლაურისგან, ვერაფერს შევიტყობდით, რადგან მან პროტესტის ნიშნად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინ პირი ამოიკერა. თუ ბიურო დასკვნას კიდევ არ გასცემს, მაშინ ზურაბ წიკლაური თვალების ამოკერვასაც აპირებს..
ადვოკატი ჯუმბერ მილორავა: „შეხედეთ, რა დღეშია! ისედაც, წყალს თუ დალევს, თორემ საჭმელს არც ჭამს... პირი აქვს ამოკერილი... ესეც მოკვდება. აღარ ვიცი, რა ვუშველო, როგორ დავეხმარო, რა გზას მივმართო... ადამიანი არ აღმოჩნდა ექსპერიზის ბიუროში, რომელიც გამოვა, დამელაპარაკება და ამიხსნის, რატომ გვიანდება დასკვნის გაცემა. არადა ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ თუ დავა წარმოიშობა, მხარეებმა ერთმანეთთან უნდა მოაგვარონ. თუ ვერ მოგვარდება, მერე შეგვიძლია სასამართლოში ჩივილი.
ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვერაფრით შევძელი, შევხვდე ოფიციალურ, პასუხისმგებელ პირს, ვინც ვალდებულია, გამცეს კითხვაზე პასუხი - რატომ არ დაიწერა დასკვნა. რომელშიც ოჯახს ფული აქვს გადახდილი და ერთ თვეში მზად უნდა ყოფილიყო. სასამართლოში როგორ ვიჩვლოთ, ვიდრე ამ პროცედურას არ გავივლით?“.
სოსო წიკლაურის ოჯახსა და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის ორი თვის წინათ გაფორმდა ხელშეკრულება, ექსპერტიზაც ჩატარდა და ხელშეკრულების თანახმად, დასკვნა ერთ თვეში უნდა დაწერილიყო. ოჯახმა ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო თანხა - 230 ლარი სრულად დაფარა.
ორი თვე გავიდა, სოსო წიკლაურის მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდა (ის თითქმის სიკვდილის პირასაა). ვიდრე ოჯახი დასკვნის მოლოდინში იყო, პატიმარი ციხის სავადმყოფოდან სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაჰყავდათ და გადმოჰყავდათ (იმის მიხედვით, პატიმარს სეფსის საშიშროება დაემუქრებოდა, თუ - ტუბის). ეს დასკვნა პატიმრის მშობლებს ერთადერთი რამისთვის სჭირდებათ - მის საფუძველზე მიმართავენ სასამართლოს და 23 წლის, მულტირეზისტენტული ტუბერკულიოზით, ასევე სეფსისით (ავადმყოფობის ისტორიის მონაცემებით) დაავადებული პატიმრისთვის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის ვადის გადავადებას მოითხოვენ.
ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან დასკვნის დაწერის ვადის დარღვევის შემდეგ, ანუ ორი კვირის წინ, პატიმრის მამამ, ზურაბ წიკლაურმა „წინააღმდეგობის მოძრაობას“ მიმართა თხოვნით, რომ დახმარებოდნენ. ოჯახის ინტერესებს ამჟამად „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ადვოკატი, ჯუმბერ მილორავა იცავს. შემდეგ ამ საქმის შესახებ საქმის კურსში დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ჩააყენეს. საქმეში ჩააერთო პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძეც.
18 აგვისტოს ცაგრეიშვილმა სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა, შემდეგ კი ექსპერტზის ბიუროს განცხადებით მიმართა, რათა გარკვეულიყო, რატომ გვიანდებოდა დასკვნის გაცემა. იგივე შინაარსის განცხადება შეიტანა ადვოკატმაც. ექსპერტიზის ბიუროს წინ დეპუტატების, უფლებადმცველებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით მოეწყო აქცია, სადაც ერთადერთი მოთხოვნა არსებობდა - დროულად გაეცათ ექსპერტიზის დასკვნა (ხელშეკრულების თანახმად, ბიუროს დასკვნა ერთი თვის ვადაში, 8 აგვისტოს უნდა გაეცა). იყო შეხვედრა სახალხო დამცველთან, მაგრამ...
მიუხედავად იმისა, რომ სოსო წიკლაურის დახმარებას საზოგადოების წარმომადგენლები ყველანაირო ხერხით ცდილობდნენ, ორი თვე გავიდა და ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა მაინც არ გასცა. პატიმრის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.
სოსო წიკლაურის მამიდა, ლაურა წიკლაური: „გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. ოთხი ბადრაგი და ერთი სპეცრაზმელი ადგას თავზე. ექიმი ამბობს, ყოველდღე 250 ლარის ძლიერ მედიკამენტებს ვუკეთებთო. ასე გვითხრა, ჯერ მარტო ალბუმინი რაც გადავუსხით, იმას უნდა ეშველაო... არ ვიცი, რა გვეშველება“
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები, გიორგი ცაგარეიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე გუშინაც შევიდნენ ექსპერტიზის ბიუროში და პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა ითხოვეს. სხვათა შორის, როცა 18 აგვისტოს ბიუროს შენობის წინ აქცია მოეწყო, მაშინ თავისუფლად შეიძლებოდა ბიუროში შესვლა, დღეს კი, დეპუტატების გარდა არავინ შეუშვეს. ექსპერტიზის ბიუროში დეპუტატებთან შესახვედრად სასამართლოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ჭრიკაშვილი გამოვიდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ჭრიკაშვილმა გვითხრა, ხელმძღვანელობა ქუთაისშია წასულიო. ეტყობა, ველოსიპედებით უნდა ისეირნონ, როგორც გუშინ მოხდა. კიდევ ვერ გვითხრეს, რატომ ირღვევა დასკვნის გაცემის ვადა“.
გია ცაგარეიშვილი: “ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს, გიორგი ხიზანიშვილს მოუწევს პასუხი აგოს ამ ქმედებაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, ფრაქციის სხდომაზე დავიბაროთ იგი და პასუხი მოვთხოვოთ იმ უბედურებაზე, რასაც სჩადიან მის უწყებაში. ამხელა შენობაში, რომლის შენახვაზე მილიონობით ლარი იხარჯება, ერთი ადამიანი ვერ მოიძებნა, რომელიც ზუსტ პასუხს გაგვცემს კითხვაზე, რატომ არ დაიწერა აქმდე დასკვნა? ეს საქმე ჩვენთვის გახდა პრინციპის საქმე და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი ოჯახმა სახლში წაიყვანოს და უმკურნალოს“.
პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მედიის საშუალებით პირდაპირ შეერთებული შტატების ელჩს, ჯონ ბასს მიმართა თხოვნით, რომ დაინტერესდეს პატიმარ იოსებ წიკლაურის მდგომარეობით. ფრაქცია ელჩს ოფიციალურ წერილსაც გაუგზავნის.
პრესაგე.ტვ-ს კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა დეპუტატი, რომ ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ფრაქციის სხდომაზე მივა, ცაგარეიშვილმა გვიპასუხა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიყვანოთო. პარლამენტში გიორგი ხიზანიშვილის მიყვანა კი ადვილი საქმე ნამდვილად არ იქნება - ჩვენი ინფორმაციით, ის ვანო მერაბიშვილის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შოთა ხიზანიშვილის ნათესავია. არსებობდა ინფორმაცია, რომ ძმები არიან, თუმცა, შინაგან საქმე სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ზურაბ გვენეტაძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, ძმები არ არიანო.
ასეა თუ ისე, ფაქტია - ადამიანი კვდება, ექსპერტიზის ბიურო კი შეგნებულად აჭიანურებს დასკვნის დაწერას. მართლა საკითხავია, რა უნდა ექსპერტიზის ბიუროს - მას ხომ ექსპერტიზის ჩატარებაში ფული გადაუხადეს?
„ალბათ, ხელისუფლებას ურჩევნია წიკლაური მოკვდეს, ვიდრე - ჰუმანური ქმედების ერთი პრეცენდენტი მაინც შექმნას - პატიმარი გამოჯანმრთელებამდე დროებით გაათავისუფლოს. არადა, ერთი თვის წინათაც კი, სერიოზული მკურნალობა რომ ჩაეტარებინათ იოსებ წიკლაურის სიცოცხლის გადარჩენა სათუო იყო, თუმცა თეორიული შანსი მაინც არსებობდა.. რაც დრო გადის, ეს თეორიული შანსებიც მცირდება... ალბათ, ელოდებიან, როდის გარდაიცვლება და ციხის საავადმყოფოს კი არა, ტუბერკულოზის ცენტრს დაეწერება, როგორც გარდაცვლილი“, - ამბობს ადვოკატი მილორავა.