[მანანა ნოზაძე]
„დღეს ისე ვარ განწყობილი, რომ შემოთავაზების შემთხვევაშიც, ალბათ არ დავბრუნდები რუსთაველის თეატრში. მე ჩემი სიამაყე, თავმოყვარეობა მაქვს. შერცხვენილი ადამიანი საკუთარ ოჯახში რომ ბრუნდება, მას ძველებურად ხელმძღვანელობა აღარ შეუძლია. სირცხვილის გრძნობა მას თრგუნავს“,– განაცხადა რობერტ სტურუამ „რია ნოვოსტის“ პრეს-ცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე, სადაც რეჟისორმა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე, სამომავლო გეგმებზე, რუსთაველის თეატრში მის შემცვლელსა და „ფეისბუკის“ მეგობრებზეც ისაუბრა.
თეატრიდან წასული რეჟისორი თავისუფლებით ტკბება, გუშინაც რეტორანში შეეცადა დროის გატარებას, მაგრამ გარეგნულად ბედნიერი მხოლოდ ერთი შეხედვითაა. აშკარაა, რობერტ სტურუაში შინაგანად რაღაც შეიცვალა. მასზე ისიც მოქმედებს, ქალაქში გავლისას ჟურნალ-გაზეთები მის შესახებ რომაა აჭრელებული, ხვალ ოდესაში გაფრინდება, სადაც თეატრ „ეტ სეტერას“ გასტროლები აქვს დაგეგმილი. როგორც ჩანს, მისი და რუსული თეატრის გზები უკვე ხვალიდანვე გადაიკვეთება.
ამ თეატრთან მას სულიერი სიახლოვე და მოვალეობა აკავშირებს. იქაურმა მსახიობებმა შეიყვარეს და რობერტ სტურუასგანაც ასეთივე იმპულსები მიიღეს. ამ განცდას რეჟისორი სასურველ ქალთან დამოკიდებულებას ადარებს, რომელსაც 3-4 მანდილოსანს შორის გამოარჩევ და ცოლად მოიყვან, თუმცა არ იცი, რატომ შეგიყვარდა.
„სიყვარული ისეთი ცნებაა, რომლის ახსნაც არ შეიძლება. „ეტ სეტერას“ მსგავსად, ასეთი გრძნობა სხვა თეატრებთან არ მაქვს,“ – აცხადებს სტურუა. თუმცა მისთვის ქართული თეატრი განუმეორებელია.
რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლებას ელოდა. მეტიც, გალაკტიონი როგორც ამბობდა, ეგონა, ეს „უბრალოდ“ და „გემოვნებით“ მოხდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არც შემცვლელზე უჭირს საუბარი. ასეთი გრძნობა მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ განიცადა: როცა სტალინი მოკვდა, ეგონა, მზე ჩაესვენა, მთელი ცხოვრება დასრულდა, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მზე ისევ უცვლელად ბრწყინავდა. ასეთივე განცდა დაეუფლა, როცა თეატრმა დაკაგა სერგო ზაქარიაძე, მიშა თუმანიშვილი. მაშინაც ეგონა, თეატრი არსებობას შეწყვეტდა. აქაც შეცდა.
ამიტომაც ახლაც მარტივად დაასკვნა, „მე წავალ, სხვები მოვლენ, ამით თეატრის ცხოვრება არ მთავრდება“. თუმცა რუსთაველის თეატრის მოსაგონრად მხარდამჭერებისგან მიძღვნილი შავი მაისური დაიტოვა, რომლის წინა მხარეს თავად მისი ფოტოა გამოსახული, წარწერით „მომხსნეს“, ხოლო უკანა მხარეს კულტურის სამინისტროს ბრძანების ტექსტი მისი გათავისუფლების შესახებ. მართლია, ეს მაისური ვერანაირად ვერ შეედრება მარადონას მიერ მისთვის ნაჩუქარ, უკვე რელიქვიად ქცეულ მაისურს, მაგრამ ესეც მისი ცხოვრებისეული ისტორიაა. თანაც გათავისუფლების ამ ბრძანების ტექსტში კულტურის მინისტრმა გასათავისუფლებელი პირის (ამ შემთხვევაში, რობერტ სტურუას) სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები არ დააკონკრეტა. ამის მიუხედავად, ამ მშრალი განაჩენითაც დასტურდება, რომ დიდი რეჟისორის ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა. გათავისუფლების ბრძანებაში არსებული ხარვეზი რურუამ მოგვიანებით ბათუმში მიცემულ ინტერვიუში სიტყვიერად შეავსო და აღნიშნა, რომ სტრუა ქსენოფობიური გამონათქვამის გამო გაუშვეს. ახლა სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის გაუქმებასაც აპირებენ, რაც თეატრისთვის წარმოუდგენლად ეჩვენება და ფიქრობს, რომ ამ თანამდებობის გაუქმება მისი გათავისუფლების გასამართლებლად მოიგონეს.
რასიზმის თემა კვლავაც აქტუალურია სტურუასთან მიმართებით. ეცინება, როცა საკუთარ თავს რასისტად წარმოიდგენს. არადა, სურდა, საქართველოს პრეზიდენტად ქართველი ეხილა. თუ რომელიმე რუსი ან თუნდაც სომეხი, თანახმა იქნება, ქართველი ჰყავდეს პრეზიდენტად, მზადაა, ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ასეთი რუსი და სომეხი არ ეგულება. ახსენდება, კანის ფესტივალზე რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის შეუწყნარებელი გამონათქვამი, რითაც ჰიტლერის იდეების მხარდამჭერად გამოაცხადეს, თუმცა რეჟისორმა იქვე მიაყოლა: ღმერთო ჩემო, ეს რა ვთქვიო. სტურუასაც არ უნდოდა, მისი ნათქვამი მცდარად გაეგოთ, რადგან ინტერნაციონალურ ქალაქში გაიზარდა, სადაც სინაგოგა, მეჩეთი, ქართული და სომხური ეკლესიები გვერდიგვერდაა, მეგობრები და ბიცოლა კი სომეხი ჰყავდა, სომხურად ახლაც შეუძლია ლაპარაკი, თუმცა სომხური ენის ცოდნაში გამოცდის ჩასაბარებლად დღეს მზად არაა. მიაჩნია, რომ რაც არ უნდა კარგად გამოიკვლიონ მისი ნათქვამი, ეს მაინც არ იყო საფუძველი მის მოსახსნელად. ახსენდება ანდერსენის ზღაპარი: მეფე შიშველია, მაგრამ ვერავინ ჰკადრებს, უთხრას სიმართლე. ეს მანამდე გრძელდება, სანამ პატარა ბავშვი არ შენიშნავს მის სიშიშვლეს და ვერ შეიკავებს სიცილს. მიაჩნია, რომ სიმართლის თქმას დღეს ბევრი ვერ ბედავს.
რუსეთში წასვლისგან აქამდე თავს იკავებდა, რადგან პროცესის კულმინაციამდე მიყვანას ელოდებოდა. თუმცა, როგორი იქნება კულმინაცია, არ აკონკრეტებს. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა, რის გამოც ქართული თეატრი არ ეთმობოდა. კერძოდ, ქართულ ენასთან განშორება, რადგან ამიერიდან სპექტაკლების ქართულად დადგმა აღარ მოუწევს. ქართული ენა კი მისთვის ძვირფასია.
რობერტ სტურუას ძალიან კარგად ესმის, რომ ზოგიერთები მისგან ითხოვენ, გაიმეოროს თუნდაც მურთაზ ხურცილავას საქციელი, როცა ინტრიგების გამო ქართულ ფეხბურთს ჩამოცილებულმა ფეხბურთელმა რუსეთში სოლიდური შეთავაზებები მიიღო, თუმცა იქ წასვლაზე უარი განაცხადა, ქუთაისის „ტორპედოში“ დარჩა და უფრო მეტი პატივისცემა დაიმსახურა. „გმირი ვერ გავხდები, მაგრამ უნებურად, უკვე მაქციეს გმირად“, – აღნიშნა სტურუამ.
სტურუა მიიჩნევს, რომ რუსთაველის თეატრში ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც მსოფლიოს სხვა თეატრებში, სადაც კარგ სპექტაკლებს ცვლის არც თუ ისე კარგი სპექტაკლები... მაგრამ, მისი აზრით, ცუდ სპექტაკლებშიც კი თეატრმა უნდა შეინარჩუნოს გარკვეული დონე. რუსთველის თეატრმა 70-80-იან წლებში გაითქვა სახელი, როცა იქ „კავკასიური ცარცის წრე“ დაიდგა; სტურუასთვის ეფემერულია რეჟისორისა და მსახიობის მოღვაწეობა, ჩვეულებრივი ფირი კი ძნელად გადმოსცემს სპექტაკლის ვირტუალობას.
„ფეისბუკის“ მეგობრებზეც თავისი შეხედულება აქვს. სტურუას 5 ათასამდე „ფეისბუკელი“ მეგობარი აღმოაჩნდა, მათ შორის, არიან ლამაზი გოგონებიც. რეჟისორი წუხს, რომ გვიან გამოიგონეს ეს ყველაფერი...
ესმის, რომ მსახიობობა დამოკიდებული პროფესიაა. ამდენად, მას შეუძლია, გაუგოს იმ მსახიობებს, რომლებმაც ამ კრიტიკულ დღეებში მის გვერდით დადგომა ვერ გაბედეს. „ნორმალურად შევხვდები იმ ფაქტს, თუ ყველა მსახიობი მხარს არ დამიჭერს. რადგან მძიმეა, ელოდები, როდის მოგცემენ როლს. ეს დამოკიდებული პროფესიაა.“
საქართველოში დემოკრატიაზე საუბრისას ძველი ანეკდოტი ახსენდება, ოღონდ ამჯერად, ჯორჯ ბუშის მონაწილეობით: ამერიკაში, თეთრ სახლთან დემონსტრაციაა, ისმის შეძახილები „ძირს ბუში!“, ამერიკელები გრძნობენ საკუთარ უპირატესობას დამონებულ საბჭოელებთან მიმართებით და ინტერესდებიან, რა ხარისხის დემოკრატიაა საბჭოთა კავშირში. ხოლო საბჭოელი მოქალაქე პასუხობს ამერიკელს: გამოდით წითელ მოედანზე, იყვირეთ „ძირს ბუში!“ და არავინ დაგიჭერთო. სტურუას არ მოსწონს, როცა რუსეთში ნომერ მეორე მტრად, ამერიკელის შემდეგ, ქართველი მიაჩნიათ. თანაც რუსებს რატომღაც ჰგონიათ, რომ მათი მტრები ქართველები 40 ათასნი არიან და არა რაღაც სულ 4 ათასნი.
„აი, სადამდე მივედით!“ – აცხადებს რეჟისორი.
„ძალიანაც რომ მინდოდეს თეატრში დაბრუნება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს კავშირი დამთავრდა. დამთავრდა ძალიან ლამაზად და, საბედნიეროდ, სისხლიანად არ დასრულდა, როგორც 37 წელს, როცა ჩვენი გენიალური რეჟისორი ახმეტელი დახვრტეს,“ – აღნიშნა მაესტრომ.
რობერტ სტურუა იმ დღეს იხსენებს, როცა მას თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიუტანეს. იმ წუთას იგი სიგარეტს აბოლებდა, კვამლი თვალში მოხვდა, ბრძანების მიმტანს კი ეგონა, რომ ტიროდა. სტურუამაც კარგად მოირგო ეს როლი, ცოტა ითამაშა კიდეც, თითქოს გათავისუფლების ბრძნებამ მასზე ძლიერ იმოქმედა. ამიტომ მას უმალ შეუსრულეს თხოვნა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ტექსტის მობილურით გადაღების უფლება დართეს, მანაც ეს ტექსტი „ფეისბუკზე“ დადო.
„გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მაშინვე ისე არ განმიცდია, როგორც უნდა განეცადა ნორმალურ ადამიანს. როგორც ჩანს, არანორმალური ვარ.“
მიიჩნევს, რომ პოლიტკორექტულობა ზოგჯერ ფარისევლობასა და სიცრუეს ემსგავსება. შავკანიანების შესახებ მის მიერ გამოთქმული სიტყვები კი მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ რასიზმი ორმხრივია. მარტო თეთრკანიანების მხრიდან კი არ ხდება შავკანიანთა იგნორირება, არამედ პირიქითაც. ამის დასტურად მისთვის საყვარელი შავკანიანი ჯაზმენის მაილს დევისის მაგალითი მოაქვს, რომელმაც სხვა თეთრკანიანი ცნობილი ჯაზმენი გააგდო, ამ უკანასკნელმა კი თავისი კარიერა ფანჯრიდან გადახტომით დაასრულა. „შეილოკს“ რომ დგამდა, სწორედ რასიზმის შესახებ ამახვილებდა ყურადღებას, რადგან მიაჩნდა, თუ სენს დავფარავთ, ვერასდროს განვიკურნებით.
„ობამა არ დაბადებულა ამერიკაშიო, როცა თქვეს, ცოტა ხნის განმავლობაში ამას დუმილი მოჰყვა. თუმცა მოგვიანებით, დოკუმენტები დადეს და დაამტკიცეს, სადაც დაიბადა ობამა“, – აცხადებს რეჟისორი.
სრულ სისულელედ მიიჩნევს, როცა ეუბნებიან, რომ რუსთველის თეატრში საკუთარი კარიერის დასასრულისთვის „დადგმული ბოლოდროინდელი სპექტაკლის“ რეჟისორი თავადაა და ხელისუფლებაც ამ სპექტაკლის უნებლიე მონაწილე აღმოჩნდა.
„ცხოვრება რთულია. როცა სადმე რაიმე ისტორიული მოვლენა ხდება, ზოგიერთი ამას უკავშირებს წინასწარ დაგეგმილ სცენარს. თუმცა წინასწარი სცენარების არ მჯერა,“ – ასეთია რობერტ სტურუას პოზიცია.
მომხდარის მიუხედავად, თავს ბედნიერ კაცად მიიჩნევს, რადგან ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც სურდა და ხშირად არ მიდიოდა კომპრომისზე. თუმცა საბოლოოდ, ადამიანს ყველაფერი სწყინდება და ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა სურს. ასეთი ეტაპი კი ახლა დადგა მის ცხოვრებაში.