იუნესკომ ბაგრატზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა

იუნესკომ ბაგრატზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა

[ნინო მიქიაშვილი]

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იუნესკო შეუქცევადად აფასებს იმ ჩარევებს, რომელიც ტაძართან მიმართებაში განხორციელდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ბაგრატის ტაძარს ტოვებს საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაში და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს 2012 წლის 1 თებერვლამდე იუნესკოს წარუდგინოს განახლებული ანგარიში, რომელსაც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილავენ.

„ობიექტივი“ გათავაზობთ 21-29 ივლისს, საფრანგეთის დედაქალაში გამართული სესიის შემდეგ, იუნესკოს ვებგვერდზე (http://whc.unesco.org/en/sessions/35COM) გამოქვეყნებული დასკვნის თარგმანს, რომელიც ჩვენი თხოვნით, ინგლისურიდან ქართულად ენათმეცნიერმა ქეთევან გადილიამ გადათარგმნა.

ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (საქართველო) (C 710)

გადაწყვეტილება: 35 COM 7A.29

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი,

·         განიხილა დოკუმენტი WHC-11/35.COM/7A.Add

·         გაიხსენა 34-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება  34 COM 7B.88 (ბრაზილია, 2010) 

1. მიესალმება ყველა სამუშაოს შეჩერებას ბაგრატის ტაძარზე, ისევე, როგორც სარეაბილიტაციო პროგრამის წინსვლასა და გელათის მონასტრის კონსერვაციის გენერალურ გეგმას;

2. კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ იმატა კოორდინაციამ ქართულ ეკლესიასა და სამოქალაქო ხელისუფლებას შორის, გამნტკიცდა ერთობლივი საქმიანობა და  გაუმჯობესდა რელიგიური და სასულიერო მსოფლიო მემკვიდრეობის  საკუთრების მართვა საქართველოში;

3. აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარემ დანიშნა ბაგრატის ტაძრის კონსულტანტად არქიტექტორი კონსერვაციის დარგში, და რომ ქართველი ინჟინრები მუშაობენ სამ-ფაზიანი მიდგომის გამოყენებით, ბაგრატის ტაძრის, როგორც დაცული სივრცის, სრული რეაბილიტაციისთვის;

4. ყურადღებას მიაპყრობს საერთაშორისო კონსულტანტის მოსაზრებას, რომ ბაგრატის ტაძრის დაუსრულებელი სტრუქტურული მდგომარეობა არაა მდგრადი, რომ შესაძლებელია არ იყოს მისაღები იმის გაუქმება, რაც ახლახან აშენდა, რადგან ჩარევები თითქმის შეუქცევადია და რომ არსებული ბეტონის სვეტებზე მცირეწონიანი სახურავი შეიძლება დაიდგას;

5. დაჟინებით თხოვს სახელმწიფო მხარეს განავითაროს ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგია, რომელიც გააუქმებს ახლახან ჩატარებული სამუშაოების მაქსიმალურ რაოდენობას; შესაძლებლობის ფარგლებში გააერთიანებს ფრაგმენტებს იმ ადგილებზე, სადაც ისინი კედლების ნაწილებს ქმნიან; უზრუნველყოფს ნებისმიერი  მცირეწონიანი სახურავის დადგმას, შენობის მოხაზულობის გათვალისწინებით, რაც იქნება მსგავსი იმისა, როგორიც შესაძლოა ადრე იყო და დატოვებს ტაძრის შიდა ნაწილს მოუბათქაშებლად;

6. თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს, წარუდგინოს რეაბილიტაციის სტრატეგია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, მრჩეველთა საბჭოს შეფასების მისაღებად, ნებისმიერი ვალდებულების აღებამდე;

7. აგრეთვე, თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს, რათა მოიწვიოს გაერთიანებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/COMOS  რეაგირების მონიტორინგის მისია, საკუთრების კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად და ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგიის მიდგომების განსახილველად;

8. გარდა ამისა, თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს 2012 წლის 1 თებერვლისთვის წარუდგინოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს განახლებული ანგარიში,  საკუთრების კონსერვაციის მდგომარებისა და ზემოაღნიშნულის განხორციელების შესახებ,  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განსახილველად.

იღებს გადაწყვეტილებას, მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაში დატოვოს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (საქართველო).

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესია. პარიზი, საფრანგეთი, 2011 წლის 19-29 ივლისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწონებულმა პროექტმა, რომლის ავტორი ვანო გრემელაშვილი გახლდათ და, რომელიც ტაძრის აღდგენას ითვალისწინებდა, 2009 წელს საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია, რასაც 2010 წლის ზაფხულში მოჰყვა იუნესკოს დასკვნა. 2010 წლის  25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე, ბრაზილიის დედაქალაქში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიაზე,  იუნესკო-მ გამოაქვეყნა დასკვნა, ბაგრატის ტაძართან მიმართებაში და ფაქტიურად თქვა ის, რასაც მანამდე ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ - სამუშაოები იმგვარად მიმდინარეობს, რომ ტაძარი პირვანდელ სახეს კარგავს და იქცევა ახლადაშენებულ, ბრჭყვიალა ტაძრადო.

უფრო კონკრეტულად, იუნესკო-მ თავის ვებგვერდზე (http://whc.unesco.org/en/sessions/34COM/documents) გამოქვეყნებულ დასკვნაში  სერიოზული შეშფოთება გამოხატა, იმასთან დაკავშირებით, რომ წევრი ქვეყნის მიერ, ძეგლზე განხორციელებული იყო შეუქცევადი ჩარევები. იუნესკო-მ საქართველოს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ბაგრატის საკათედრო ტაძარზე მიმდინარე ყველა სამუშაო და უზრუნველეყო ისტორიული ძეგლის გრძელვადიანი კონსერვაცია და გამაგრება.

იუნესკო-მ საქართველოს ასევე მოუწოდა დაეწყო კონსულტაციები საერთაშორისო ინჟინერ-რესტავრატორებსა და არქიტექტორ-რესტავრატორებთან, რათა იმის განხილვა მომხდარიყო, თუ როგორ შეიძლებოდა სრულად, ან ნაწილობრივ გამოსწორებულიყო უკვე განხორციელებული ჩარევები.

ამასთან, იუნესკო-მ ქართულ მხარეს გარკვეული რეკომენდაციები წარუდგინა და მათ შესასრულებლად ვადა 2011 წლის 1 თებერვლამდე მისცა - საქართველოს ხელისუფლებას, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისთვის უნდა წარედგინა ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში, რომლის განხილვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესიაზე იყო დაგეგმილი, იმ სესიაზე, რომლის შესახებაც მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ.

ხელისუფლების შესაბამისმა სტურუქტურამ ანგარიში წარადგინა და სწორედ ამ ანგარიშს მოჰყვა ის დასკვნა, რომლის ქართული თარგმანიც „ობიექტივმა“ შემოგთავაზათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები ორჯერ შეჩერდა - პირველად 2009 წლის 24 სექტემბერს, მაშინ, როცა საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ბაგრატთან ერთად ატენის სიონსაც შეეხო: 

”...რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას, როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც“.

ბაგრატზე სამუშაოები ისე განაახლეს, რომ მსგავსი კომისია არ შექმნილა. ბაგრატის საკათედრო ტაძარზე სამუშაოები მეორედ 2010 წლის 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი ბრძანების შემდეგ შეწყდა. მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბაგრატის ტაძრის გარშემო მიმდინარე ვითარების გასარკვევად ქუთაისში გახლდით. მაშინ გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით - სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის შუშით გადახურვა ბრძანა (http://www.presage.tv/?m=society&AID=2772).  ქუთაისში ყოფნისას იმ ადამიანებს ვესაუბრე, რომლებმაც სააკაშვილის ბრძანება თავიანთი ყურით მოისმინეს.

ბაგრატის ტაძრის შუშით გადახურვის საკითხი, რომ განიხილება, ეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა დაგვიდასტურა, მაშინ, როცა სააგენტოს ოფისში საათზე მეტხანს გვესაუბრა ჟურნალისტებს, 2011 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე. ეს ამბავი 2011 წლის 4 თებერვალს მოხდა. 7 თებერვალს გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით - რკინა-ბეტონით გამაგრებული კულტურული მემკვიდრეობა. დაინტერესებულ ადამიანს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალის ინტერნეტით მოძიება და წაკითხვა ამ მისამართზე შეუძლია (http://7days.ge/index2.php?newsid=4294).

2011 წლის 4 თებერვალს ნიკა ვაჩეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბაგრატის გუმბათის აღდგენის საკითხი განიხილება, მაგრამ როგორი და რა მასალით, ეს არ დაუზუსტებია. „არის რაღაც ალტერნატიული“, - თქვა მან და იქვე დავუსვი კითხვა, განიხილებოდა თუ არა შუშით გადახურვის საკითხი? რაზეც ასეთი პასუხი მივიღე: „რა თქმა უნდა, იცით რა, შუშა არ ვიცი. ახლა, მაგალითად, წამყვანი ექსპერტები ამბობენ, რომ აქ შუშას საერთოდ ვერ ვხედავთო და მეც ვერ ვხედავ, მაგრამ ეგება რაღაცა სხვას ვხედავთ?! შეიძლება ეს ლითონია, შეიძლება ეს ხე არის, შეიძლება ეს ქვა არის, ისევ, ხომ?!”

მასალის ბოლოს შეგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ბაგრატის ტაძარი გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად ქართულმა მხარემ 1994 წელს შეიტანა.