საქართველოში ეკომიგრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება

საქართველოში ეკომიგრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება

ბოლო წლებში საქართველოში გაზაფხული და შემოდგომა ნალექების ჭარბი რაოდენობის მოსვლის გამო პირდაპირ სტიქიურ უბედურებებთან ასოცირდება. იმის გამო, რომ მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლებია არ ჩატარებულა, ძლიერი წვიმების დროს ადიდებული მდინარეები კალაპოტებიდან გადმოდიან და საფრთხეს როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ასევე სახლებს და პირველ რიგში, ადამიანებს უქმნიან. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა და თუ მთავრობამ ამ პრობლემის მოგვარებაზე არ იზრუნა, უახლოეს პერიოდში საქართველოში ეკომიგრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

აჭარა, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, მთიულეთი, კახეთი, ქართლი - საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია და თუ პროცესების პრევენცია არ მოხდა, უახლოეს წლებში შედეგი კატასტროფული იქნება.

 

დღეს არსებული სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, 1987 წლიდან კი 400-ს მიაღწია. ამავე პერიოდში სტიქიის მაღალი საშიშროების ზონიდან ეკომიგრანტების სტატუსით 50-ათასამდე ოჯახი გაიყვანეს, რასაც ათეულობით ისტორიული სოფლის დაცარიელება მოჰყვა.

 

პროცესების ჩვეულებრივი განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

1967-87 წლებში დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა და გააქტიურდა 5 000-მდე მეწყრული ზონა, მათ არეალში მოექცა 560 ათასამდე ჰა ფართობი, სასარგებლო ფონიდან ამოვარდა 30 000 ჰა-მდე სავარგული, დაზიანდა 10 000-მდე საცხოვრებელი სახლი და ნაგებობა.

 

1975-76 წლებში მხოლოდ საქართველოს შავიზღვისპირეთში მეწყრებმა 900-მდე საცხოვრებელი სახლი და საზოგადობრივ-ადმინისტრაციული შენობა დაანგრია, 5 400 ჰა სავარგული კი სოფლის მეურნეობისთვის გამოუსედეგარი გახდა. 1987-89 წლების კატასტროფულმა მოვლენებმა ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოიცვა. ზარალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 1991-92 წლების სტიქიებით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას კი 10 მილიარდი დოლარი დასჭირდა.

 

აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001-წლიდან დაიწყო. 2003-05 წლებში პროცესმა ექსტრემალური ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები ინტენსივობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში და კატასტროფული ხასიათიც მიიღო. პროცესების გააქტიურებას ადგილი ჰქონდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში. გეოლოგიის საშიშროების საშუალო რისკის არეალში მოექცა შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებიც.

 

გეოლოგიური საშიშროების მაღალი რისკის არეში მოექცა 787 დასახლებული პუნქტი, შემოწმდა 11 000 მოსახლე, სხვადასხვა ხარისხით დაზიანებული აღმოჩნდა 6 432 საცხოვრებელი სახლი.  ღვარცოფებით მოისილა, დაიმეწყრა, მდინარეებით გაირეცხა და დაიტბორა 12 515 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწები.  საშიშროების ქვეშ აღმოჩნდა ტრანსკავკასიის გაზსადენი. მეწყრები განვითარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალის ცალკეულ უბნებზე.

 

საქართველოს ტერიტორიაზე 2006 წლისათვის დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებული ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საინჟინრო ობიექტების სივრცეშია.  დაზიანებულია დიდი წყალსაცავების ნაპირების 25 და საავტომობილო გზების 30%. ამ პროცესების უშუალო საშიშროების არეალშია 3 000-მდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით, 400 ათასი ოჯახით (2 მილიონამდე ადამიანი).

 

„ბოლო 10 წლის სტატისტიკით, სახელმწიფოს მიერ სტიქიების პრევენციაზე დახარჯული თანხა 40-ჯერ ჩამოუვარდება სტიქიისგან მიღებული ზარალის ოდენობას. რაც შეეხება რეაგირებას, ქვეყანა სტიქიების შედეგების 1%-ის აღმოფხვრას ახერხებს, 70 დაზარალებულიდან კი მხოლოდ ერთია უზრუნველყოფილი ნაწილობრივი დახმარებით.

 

აქვე საგულისხმოა ისიც, რომ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი წინასწარაა პროგნოზირებული, მაგრამ რეაგირება ნულია. თითქმის ყველა უწყებას თაროებზე აქვს შემოლაგებული გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნები და საქმე არ კეთდება, რაც თავისთავად, ცუდი შედეგის მომტანია“, - აცხადებენ CENN-ში.

 

ეკომიგრანტები კი საქართველოში სტიქიური უბედურებების გააქტიურებამდე გაჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის მასობრივად აყრა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და გეგმიურადაც ხორციელდებოდა. ზოგჯერ ამ პროცესს სადამსჯელო ღონისძიების სახეც კი ჰქონდა, ზოგჯერ ექსპერიმენტის.

 

მაგალითად, სოფლების გაქრობა საბჭოთა ინდუსტრიის გრანდიოზულ პროექტებსაც უკავშირდება. 1949 წელს ენგურჰესისთვის მდინარე ენგურის ხეობის 12 სოფელი გადაასახლეს და ჩაძირეს. ამ სოფლების მოსახლეობა შეიძლება თამამად ჩაითვალონ პირველ ეკომიგრანტებად.

 

1980-იანი წლების ბოლოს მოულოდნელად გააქტიურებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა სვანეთსა და მთიან აჭარაში ისტორიული სოფლების დაცლა გამოიწვია. ეკონომგრანტებისთის კახეთსა და ქვემო ქართლში სოფლები აშენდა. უკვე 1990-იანი წლებიდან ეკომიგრანტები ქვემო ქართლსა და ჯავახეთის სომხურ და ბერძნულ სოფლებში სახლდებიან. ცუდად ორგანიზებულმა ჩასახლებამ მალე სტიქიური სახე მიიღო, სვანებისა და აჭარლების დიდი ნაწილი ან უკან დაბრუნდა, ან დღემდე სხვის სახლში ცხოვრობს.

 

მოკლედ, სპეციალისტების თქმით, საქმე საკმაოდ რთულად გვაქვს და თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში ეკომიგრანტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების საერთო რაოდენობას გაუტოლდეს.