[FOX NEWS ჯეიმს ჯეი კარაფანო]
სავარაუდოდ, ვეტერანი რეჟისორის რენი ჰარლინის (ცნობილი ფილმით „კერკეტი კაკალი 2“) ახალ ფილმს უახლოეს მომავალში თეთრ სახლში არ ნახავენ. „აგვისტოს ხუთი დღე“ რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომზეა გადაღებული
ჰარლინს, რომელმაც გადაღებები ომის დასრულებიდან თითქმის ერთ წელიწადში დაიწყო, აშკარად პროქართული პოზიცია აქვს. ის არ დააინტერესებს პრეზიდენტ ობამას, რომელიც მთელი ძალით ცდილობს რუსეთთან „გადატვირთვა“ საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად წარმოაჩინოს.
ჰარლინის ფილმში ბ-ნი ობამას ახალი საუკეთესო მეგობრები საშინლად არიან წარმოჩენილები. მართალია სიუჟეტი ძალიან ჰოლივუდურია, თუმცა შემაშფოთებელი სცენების უმრავლესობა თვითმხილველების ნაამბობის და Human Rights Watch-ის ანგარიშების მიხედვითაა გადაღებული. ასე მაგალითად ჩვენ ვხედავთ მოხუც ნაწამებ ქალბატონს და ინტერვენციის მარშრუტის გასწვრივ მდებარე სოფლების განზრახ დაბომბვებს.
ფილმი მთავრდება ქართველების ნაამბობით, თუ როგორ დაკარგეს მათ ომის დროს ახლობლები. „როდესაც უამრავ დევნილს შევხვდი“ – განაცხადა გუშინ ჰარლინმა ფილმის პრემიერის შემდეგ ვაშინგტონში ლენდმარკის თეატრში – „ვიგრძენი რომ მათი ისტორიის შესახებ უნდა მომეყოლა. აი რატომ დავამატეთ ბოლოს ეს კადრები“.
ლიბერალმა ბლოგერებმა უკვე დაიწყეს ჰარლინის ფილმის კრიტიკა და მას ანტი-რუსული უწოდეს. მართალია ჰოლივუდის მეინსთრიმმა მსგავსი ფილმი „Hotel Rwanda“ მოიწონა, თუმცა როგორც სჩანს ის „აგვისტოს ხუთ დღეს“ ზურგს შეაქცევს. რა სხვაობაა მათ შორის? ის რომ აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ობამას მოსკოვთან მორიგების გადაწყვეტილება.
რუსეთის რეგიონალურ ავაზაკად წარმოჩენა თეთრი სახლის ოფიციალურ ნარატივს არ შეესაბამება. მართლაც, ბოლო დროს მოსკოვის მსხვერპლთა დადანაშაულება შეერთებულ შტატებში ერთგვარ ოჯახურ ბიზნესად იქცა.
მაგალითად, ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ იმის შესახებ, რომ რუსებმა შარშან საქართველოში ამერიკის საელჩოსთან აფეთქება მოაწყვეს (თან ეს სწორედ იმ დროს გააკეთეს, როდესაც თეთრი სახლი აშშ-რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ცდილობდა), უმალ გამოჩნდა ადვილად პროგნოზირებადი სკეპტიკოსების მთელი არმია. Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჯოშუა ფაუსტი (American Security Project-ის მეცნიერ თანამშრომელი) იმის შესახებ წერს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ქართველების გაყალბებულია. „ისინი სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულები იმით, რომ ყველაფერი რუსებს დააბრალონ“ – აღნიშნავს იგი.
მაგრამ ფაუსტი ვერაფრით ხსნის ერთ მომენტს. როგორც სჩანს ქართველები მთელი ამ ისტორიის მიჩქმალვას ცდილობდნენ და მოქმედებედნენ რა საიდუმლო არხებით აშშ-ში, სურდათ რუსები უკან დახევაზე ეიძულებინათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ისტორია აქ, აშშ-ში გაახმაურეს.
გარდა ამისა, ეს აფეთქებებია და აფეთქებები ფიზიკურ სამხილებს სტოვებს. თქვენ შეგიძლიად არაფრად ჩააგდოთ ის, რომ ეს სამხილები ამერიკელებმა გამომძიებლებმაც დაინახეს. შესაძლოა, ამან აიძულა აშშ „ჩუმად“ დაეჩივლა რუსებთან საქართველოს დედალაქალაქში განხორციელებული აფეთქებების სერიაზე. ამ ჩივილის შემდეგ, აფეთქებები შეწყდა. დამთხვევაა?
დაბომბვების ამ ტალღამ (დაახლოებით ათზე მეტი აფეთქება მოხდა) მოიცვა ისეთი სამიზნეები, როგორიცაა საელჩო, რკინიგზის სადგურები და ხიდები. უმრავლესობის მიზანი, როგორც სჩანს დაშინება და არა მკვლელობა იყო. მაგალითად, საელჩოსთან აფეთქება მის გარე კედელთან მოხდა, სადაც სავარაუდოდ არავინ დაშავდებოდა. ეს მოსკოვის მხრიდან სერიოზულ გზავნილს ჰგავს.
მას შემდეგ, რაც აფეთქებების კამპანიის შესახებ საბოლოოდ გახდა ცნობილი, The New York Times-მა გვაუწყა, რომ ხუთმა სენატორმა საელჩოსთან აფეთქების ფაქტზე სახელმწიფო დეპარტამენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და დაზვერვის სააგენტოს ბრიფინგის გამართვა მოსთხოვა. Times-ში ვკითხულობთ, რომ ამ ხუთიდან ერთ-ერთმა, სენატორმა ჯონ კაილიმ (რესპუბლიკელი არიზონადან) გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად „საქართველოში აფეთქების საქმის გარკვევამდე, რუსეთთან „გადატვირთვის“ ძალისხმევა უნდა შეწყდეს“.
„გადატვირთვის“ მიღწევების ყურადღებით შესწავლა ცხადყოფს, რომ რეალურად მიღწევებს ადგილი არა აქვს. მაგალითად, START-ის ახალი შეთანხმება თითქოს რუსებისთვის ყველაფრის მიცემას და სანაცვლოდ მათგან არაფრის მიღებას გულისხმობს.
და ამის შემდეგ ადმინისტრაციის მომლაპარაკებელთა გუნდი იტყვის, რომ რუსეთი უბრალოდ ულამაზოდ საუბრობს. ახლახანს, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს გლობალური ეკონომიკის „პარაზიტი“ უწოდა. ასეთი მეგობრებით…
ჯერ კიდევ გასარკვევია, ზაფხულის ამ ცხელ დღეებში „აგვისტოს 5 დღეს” რამხელა აუდიტორია ნახავს, მაგრამ ვიდრე ადმინისტრაცია ცდილობს მისი გადატვირთვის ინიციატივის სერიოზულ „ბლოკბასტერად“ წარმოჩენას, გარე მიმომხილველები მას უარყოფითად „დაბლა დაწეული ცერა თითით“ აფასებენ.
ჯეიმს ჯეი კარაფანო – Heritage Foundation-ის „ელისონის საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ დირექტორი.
foreignpress