[ნიკა მეტრეველი]
„ვარდების რევოლუცისს“ მერვე წლისთავზე ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა კვლავაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რიგითი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე რა უნდა ვთქვათ, როდესაც საქართველოში დღეისთვის ორასზე მეტი ადვოკატი არის დაჭერილი. „თაღლითობაა“ კოდექსის ის მუხლი, რომლითაც უფლებადამცველებს ერთმანეთს მიყოლებით აპატიმრებენ.
ადვოკატ თამილა ქუთათელაძის წინააღმდეგ საქმე თავის დროზე იმის გამო აღიძრა, რომ მან გამომძიებელი „დაწყევლა“. პროცესი დღმდე არ დასრულებულა, რადგან საქმეზე არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, ადვოკატს მაშინვე დაემუქრნენ კიდეც, რომ „ამბავს ასე არ შეარჩენდნენ“. მართლაც მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა და ადვოკატი „თაღლითობის“ მუხლით დააპატიმრეს.
საქმესთან დაკავშირებით, თამილა ქუთათელაძის ადვოკატ გიორგი მარიამიძეს ვესაუბრებით.
გიორგი მარიამიძე: თამილა ქუთათელაძე საქმიანობის განხორციელების პროცესში დააკავეს, როდესაც ერთ–ერთ გახმაურებულ საქმეზე არასრულწლოვანს იცავდა. მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ შემდეგ სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე საქმის დატოვება მოუწია. ბრალდებულის მშობლებმა საქმე სხვა ადვოკატს გადააბარეს.
ასე რატომ მოხდა?
– რადგან საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ მოხერხდა, ბრალდებულის მშობლები ადვოკატის საქმიანობით უმაყოფილონი დარჩნენ. საქმის წარმოება 2009–ში დაიწყო და ადვოკატ თამილა ქუთათელაძის დაკავება წელს ივლისში მოხდა. როცა არასრულწლოვანი ბრალდებულის დედის განხცხადება 2010 წლის სექტემბერში არის შესული. ჩვენთვის სრულიად გაურკვეველია, ამ ხნის მანძილზე გამოძიება რას აკეთებდა.
კონკრეტულად რა საბაბით მოხდა ადვოკატ თამილა ქუთათელაძის დაკავება?
– ეს არის მეტად გავრცელებული 180–ე მუხლი თაღლითობა, მეორე და მესამე ნაწილებით, ანუ, პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება. თავიდან ბრალდებულის მშობელი აცხადებდა, რომ 20 ათასი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ პროკურატურას მისი შვილისთვის საპროცესი შეთანხმება გაეფორმებინა. მან ეს თანხა შუამავალს გადაუხადა და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა ბრალდებულ თამილა ქუთათელაძესთან დაკავშირება.
მაგრამ თამილა ქუთათელაძეს მხოლოდ ჰონორარი აქვს აღებული. ეს ფაქტობრივად ჰონორარიც არ არის, ორდერის ფულია 500 დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება არსებობს და როგორც შეთანხმებული იყო მხარეს და ადვოკატს შორის, საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში ადვოკატი 2 ათასი დოლარის ოდენობით ჰონორარს აიღებდა.
მოხდა ისე, რომ ეს ორი ათასი შუამავალმა ადვოკატს საქმის დამთავრებამდე მიუტანა. როდესაც ადვოკატმა ეს გაიკვირვა, მან უპასუხა, რომ მხარემ მოიტანა და მას თანხის მიღება შეეძლო. ადვოკატმა დაიტოვა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნა ბრალდებულის მშობლებს, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ საპროცესო შეთანხმება არ გაკეთდა. ორდერის თანხას კი ვერ დაუბრუნებდა, რადგან ჩარიცხული და საგადასახადო წესით დაქვითული იყო.
სად წავიდა დანარჩენი თანხა?
– ბრალდებული არასრულწლოვნის დედა თავის პირველ განცხადებაში მიუთითებდა, რომ მას შუამავალმა მხოლოდ 9 ათასი დოლარი დაუბრუნა. დანარჩენი თანხა ადვოკატს უნდა დაებრუნებინაო. შემდგომ მიცემულ ჩვენებაში, როდესაც უკვე ადვოკატის და შუამავლის დაკავება მოხდა, ქალბატონი აცხადებს, რომ დარჩენილი ექვსი ათასიც დაუბრუნა შუამავალმა. უფრო სწორად, ხუთი ათას ხუთასია დაბრუნებული, 500 დოლარი კი როგორც მოგახსენეთ ორდერის ფულია. რჩება ოთხი ათასი დოლარი, რომელიც შუამავლის და განმცხადებლის მტკიცებით, ადვოკატმა თამილა ქუთათელაძემ უნდა დააბრუნოს.
რაც ადვოკატს რეალურად არ მიუღია...
– თამილა ქუთათელაძის კატეგორიული მტკიცებით, მას ეს თანხა აღებული არ აქვს.
ვინ არის შუამავალი?
– ის ასევე ბრალდებულია და შესაბამისად, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ.
საქმე ამჟამად რა სტადიაზე იმყოფება?
– წინა სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს გაიმართება. უკვე ერთი თვეა პატიმრობაში იმყოფებიან. თამილა ქუთათელაძემ დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. 25 დღე ისე იშიმშილა, რომ მას არც ციხის ადმინისტრაცია და არც სხვა ვინმე გამოხმაურებია. განცხადება დაწერა პრეზიდენტის, შს მინისტრის სახელზე. პასუხი არ არის.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ადვოკატის დაკავება აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა. მას დაკავების ოქმი, საქმე არ გააცნეს. არ დაუშვეს მისი ადვოკატი. უნდოდა, რომ სანამ დაკითხავდნენ, დამცველი ჰყოლოდა. ამის გამო ჩვენება არ მისცა და დუმილის უფლებას მიმართა. მიუხედავად იმისია, რომ მისი ადვოკატი მოდულის შენობის წინ იცდიდა, შიგნით არ შეუშვეს.
სახალხო დამცველს მივწერეთ, რომ მისთვის ბრალის წარდგენა ფაქტობრივად სასამართლოზე მოხდა, სადაც პატიმრობა შეუფარდეს. ეს დადგენილება პატიმრობის შეფარდების შესახებ, გამოტანიდან 48 საათში უნდა გაასაჩივრო სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში. მაგრამ ხელთ უნდა გქონდეს დადგენილება, რის გასაჩივრებაც ხდება.
ისე მოხდა, რომ პატიმრობა ხუთშაბათ საღამოს შეუფარდეს. პარასკევი დღე და შაბათის ნახევარი გვქონდა, რომ გაგვესაჩივრებინა. დადგენილება პარასკევს, სამუშაო დღის მერე, შვიდს რომ თხუთმეტი აკლდა გადმოგვეცა. გასაჩივრება უკვე შეუძლებელი იყო. თან ახალი კანონმდებლობით, დადგენილება თავად ბრალდებულმა უნდა გაასაჩივროს. ადვოკატი ამას ვერ აკეთებს თუ ბრალდებულისგან თანხმობა არ აქვს მიღებული. ამის გამო თამილა ქუთათელაძეს დადგენილების გასაჩივრება ისე მოუწია, რომ იგი თვალით არც უნახავს.
მაინც რას უკავშირებთ ამ დევნას?
– თავად ბრალდებულის ვერსიას მოგახსენებთ. მას თვითონ საქმის მსვლელობაც ადასტურებს. კერძოდ ის, რომ განცხადება შესულია ფინანსურ პოლიციაში და არა პროკურატურაში. მიუხედევად იმისა, რომ თაღლითობა პროკურატურის განსჯადი საქმეა. ბრალდებული იმას უკავშირებს ყოველივეს, რომ ერთ–ერთ მაღალჩინოსანთან მას პირადი უთანხმოება აქვს, რომელიც ადვოკატის მიმართ მიზანმიმართულ დევნას ახორციელებს.
ვინ არის და სად მუშაობას ეს მაღალჩინოსანი?
– ფინანსური პოლიციის სისტემაში, ერთ–ერთი განყოფილების უფროსია. სახელი და გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს.
რა მოტივებით ახორციელებს ადვოკატის დევნას?
– ეს მაღალჩინოსანი ადრე ერთ–ერთ საქმეზე ზედამხედველი პროკურორი იყო, სადაც თამილა ქუთათელაძემ პროკურატურას ძალიან ბევრი პრობლემები შეუქმნა იმ თვალსაზრისით, რომ დაცვა ძალიან კარგად განახორციელა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ქუთათელაძე საქმეზე „გამომძიებლის წყევლისთვის“ იდევნებოდა. მის მიმართ საქმე ამის გამო იყო აღძრული და იგი დღემდე გრძელდება. თუმცა დაუსრულებელი პროცესია, რადგან ბრალდებას არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია.
იქნებ დააკონკრეტოთ, ის პროკურორი „დაწყევლა“, რომელიც შემდგომში ფინანსურ პოლიციაში გადავიდა სამუშოდ?
– არა, სხვა გამომძიებელზეა საუბარი. ეს პროკურორი კი აღნიშნულ საქმეზე ზედამხედველობას ახორციელებდა. როგორც თამილა ქუთათელაძე ამბობს, მისი პირადი პატიმარია, რადგან ადვოკატის მტკიცებით, ეს პიროვნება დაემუქრა, რომ საქმეს ასე არ დატოვებდა და არ შეარჩენდა.
რას მოითხოვთ სასამართლოზე და გამოსავალს რაში ხედავთ?
– პრობლემატურია ქვეყანაში ის, რომ ადვოკატს ერთი ხელის მოსმით იჭერენ. ფაქტობრივად, საქმეზე არათუ პირდაპირი მტკიცებულება, საერთოდ მოწმეც კი არ არსებობს, ვინც იტყვის, რომ თამილა ქუთათელაძეს ეს თანხა აუღია, გარდა შუამავლისა, რომელიც თავად არის ბრალდებული და საქმეზე დაინტერესებული პირია.
კარგად მოგვეხსენება, რომ პროკურატურას შეუძლია მას საპროცესო გარიგება შესთავაზოს, თუ ის დანაშულს თვითონაც აღიარებს და ვთქვათ, სხვასაც გადააბრალებს ამ ქმედებას. გამორიცხული არ არის, რომ შუამავალს, თავად ბრალდებელს ხელი ძალიან ადვილად დაედო თამილა ქუთათელაძისთვის იმიტომ, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა.
ამიტომ აქ ისეთი ჩვენებაა, რომელიც სასამართლომ წესით არ უნდა გაითვალისწინოს. დაინტერესებული პირის მანიპულაციის სხვადასხვა საშუალება არსებობს პროკურატურის მხრიდან. ამიტომ იურისპრუდენციაში ეს მყარ მტკიცებულებად არ ითვლება. დანარჩენი მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებებია. არ არსებობს პირდაპირი მტიცებულება რომ, ეს ფული აღებულია. საპროცესო გარიგების გარანტიას კი ადვოკატი ვერავის მისცემს, რადგან შეთანხმება უშუალოდ პროკურატურასთან ხდება. ეს ბრალდებულის ახლობლებსა და პროკურატურას შორის ხორციელდება, მითუმეტეს როცა ამხელა თანხებზეა საუბარი.
ყოველ შემთხვევაში, ვინ ვის რამდენი მისცა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რომ თამილა ქუთათელაძემდე ეს ფული არ მისულა. ადვოკატი არავის პირდებოდა, რომ ის აუცილებლად გაუკეთებდა საპროცესი შეთანხმებას.
ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ბრალდებას არანაირი მყარი არგუმენტები არ აქვს. ჩვენ არ ვიცით, სასამართლო სხდომამდე კიდევ რა მასალებს გადმოგვცემენ. ისინი ამბობდნენ, რომ კიდევ აქვთ ჩანაწერი, რომელსაც გაშიფრავენ და წარმოადგენენ. რეალურად აქვთ ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც საქმეზე განმცხადებელმა ქალბატონმა გააკეთა – მისი და შუამავლის საუბარია დაფიქსირებული. მაღალი ტექნოლოგიით არის ჩაწერილი და ეჭვი გვაქვს, რომ ის ამ აპარატით პროკურატურამ აღჭურვა. სადაც შუამავალი ამბობს, რომ მას რატომ სთხოვენ, ფული თამილა ქუთათელაძეს უნდა მოსთხოვონო.
ამ ჩანაწერისვე მიხედვით, განმცხადებელი ქალბატონი შუამავალს ეუბნება, რომ ის პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს, რომ თუ უნდა შვილი გაანთავისუფლონ, ამისთვის უნდა დააჭერინოს ადვოკატი.
რა მდგომარეობაშია დაკავებული თამილა ქუთათელაძე და უშუალოდ სასამართლო სხდომაზე რას ელით?
– 46 წლის ადვოკატის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან დღემდე საკვების მიღებაზე უარს ამბობს. ძალიან ცუდად გახდა და გადასხმები გაუკეთეს. რამდენჯერაც უნდა მოაბრუნონ, აცხადებს, რომ შიმშილობის გაგრძელებას აპირებს, რადგან თავს უკანონო პატიმრად თვლის. იბრძოლებს ბოლომდე, სანამ მისი უდანაშულობა არ დამტკიცდება.
სასამართლო გადაწყვეტილება კი ძნელად სავარაუდოა, რადგან გამამართლებელი გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებელი ძალზედ შემაშფოთებელია. საპროცესი შეთანხმებაზე წასვლას არ აპირებს. მაინც ვიმედოვნებთ, რომ თეთრი ძაფებით ნაკერი საქმე სასამართლოზე უდანაშულო ადვოკატის სასარგებლოდ გადაწყდება.
იყო თუ არა საპროცესო გარიგების შეთავაზება?
– როგორც ვიცი, დღემდე არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. მაგრამ მისი პოზიცია მყარია – უკანონო პატიმარია და არანაირ მოლაპარაკებას არ დათანხმდება, რადგან საპროცესი შეთანხმება გამამტყუნებელი განაჩენია.
ერთი მინდა გავნცხადო – ძალიან სამწუხარო პროცესია, რომ ასე ერთი ხელის მოსმით იჭერენ ადვოკატებს. პატიმრობის ნაცვლად, უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება შეეძლოთ – მაგალითად გირაოსი, ან პირადი თავდებობის, რასაც ვითხოვდით.
გარდა ამისა, თამილა ქუთათელაძის დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც არაერთი ადვოკატი არის დაჭერილი 180 მუხლით. ამაზე ადვოკატთა ასოცაცია აკეთებს სპეციალურ განცხადებებს, აწყობს პრესკონფერენციებს. გაეროს სასამართლოს წინ საპროტესტო აქციაც გაიმართა. განცხადებები ზაზა ხატიაშვილმა, ლალი აფციაურმა და ეკა ბესელიამ გააკეთეს. ასოციაცია ყველაფერს აკეთებს ადვოკატების ინტერესების დასაცავად, მაგრამ ადვოკატებს კანონმდებლობით იმუნიტეტი არ აქვთ გარანტირებული. ამიტომ უცერემონიოდ ადვოკატების დაჭერა შეუძლიათ.
დიდი პრობლემებამდე მივდივართ. ერთ ქვაბში იხარშებიან ისეთი ადვოკატებიც, რომლებიც ძალიან ღირსეულად აკეთებენ თავიანთ საქმეს. ვიღაც პროკურორი ან გამომძიებელი თუ უკმაყოფილოა ადვოკატის საქმიანობით, სწორედ ამ მეთოდებით იწყება მასზე ზეწოლის განხორციელება. როდესაც ადვოკატს არ აცნობენ მის უფლებებს და არ აძლევენ დამცველის აყვანის საშუალებას, რიგით მოქალაქის რა უფლებაზე უნდა ვისაუბროთ? იქ სადაც იჩაგრებიან ადვოკატები, უფლებადამცველები, ეს პირდაპირ მიანიშნებს, თუ როგორ არის დაცული მოქალაქეების უფლებები.