სააპელაციო სასამართლომ „ელიტა ბურჯის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ „ელიტა ბურჯის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს „ელიტა ბურჯის“ სარჩელზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელის არ დაკმაყოფილების მოტივი ჯერჯერობით უცნობია, რადგან დღეს განაჩენი მხოლოდ სიტყვიერად გამოაცხადეს.

„სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ჯერ არ ჩამბარებია და ვერაფერს გეტყვით, თუმცა მოტივი ამ შემთხვევაშიც ის იქნება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში იყო“, -  განაცხადა სანდრო ბარამიძემ და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ მაშინ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ბარამიძე აცხადებს, შემდგომი ინსტანციები ამ ქვეყანაში აღარ არსებობს, ამიტომ „ელიტა ბურჯი“ საქმის გასაჩივრებას საერთაშორისო ინსტიტუტებში აპირებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და მის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განცხადება 14 ივლისს გაავრცელა.

განცხადების თანახმად, დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ კომპანიამ „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნით, მიმდინარე წელს ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა, რომლის ღირებულება 679.487.94 ლარია.

შპს „ელიტა ბურჯთან“ დაკავშირებით სასამართლო სხდომა 14 ივლისს გაიმართა, სადაც კომპანია უკანონო შემოწირულობისთვის თანხის ხუთმაგი ოდენობით - 3,4 მლნ ლარით დააჯარიმეს.