ოტია იოსელიანი - ერისგან პატივმიგებული და ხელისუფლებისგან დაუფასებელი

ოტია იოსელიანი - ერისგან პატივმიგებული და ხელისუფლებისგან დაუფასებელი

[ნინო მიქიაშვილი]

ოტია იოსელიანის ორმოცი, მისი ოჯახის წევრებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასულ მათ ახლობლებთან, მწერლებთან, პოეტებთან, სასულიერო პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს. მწერლის საფლავის გაკეთება, რომელიც წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთიდან ჩამოტანილი გრანიტითაა მოპირკეთებული, დასასრულს უახლოვდება, ჯვარი ამოკვეთილია, ბარელიეფი - დამზადებული, მიკვრაღა აკლია.

იმაზე, თუ რას პასუხობს კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას ოტია იოსელიანის შვილიშვილი, როგორი იყო მწერლის ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი, მიაგო თუ არა მას ჯეროვანი პატივი ქართველმა ერმა, რა რჩევა-დარიგებებს აძლევდა ოჯახის წევრებს, მისი აზრით, საით მიექანებოდა ჩვენი ქვეყანა და რაში ხედავდა გამოსავალს,  „ობიექტივი“ შეხვდა და ესაუბრა ოტია იოსელიანის შვილიშვილს, ზვიად შვანგირაძეს, რომელიც ამავდროულად, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილეა.

როგორი რეაქცია გქონდათ, ნიკა რურუას იმ განცხადებაზე, რომლითაც მან  ოტია იოსელიანის ხსოვნისთვის პატივის არმიგება ახსნა - დაკრძალვებზე სიარულის ვალდებულება არ გამაჩნიაო?

ზვიად შვანგირაძე: როგორი რეაქცია უნდა მქონოდა?! ეს იყო პასუხისმგებლობა მოკლებული ადამიანის განცხადება, თან, მთავრობის იმ წევრისა, რომელსაც უშუალოდ აბარია კულტურის სფერო. სწორედ კულტურის მინისტრის ვალდებულებაა ისეთი ადამიანის დაკრძალვაზე მისვლა და პატივის მიგება, რომელსაც ქართულ კულტურაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

ნიკა რურუა ალბათ, სხვანაირად ფიქრობს.

- არ ვიცი, როგორ ფიქრობს. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ მთავრობის წევრის, ან ამჟამინდელი ელიტიდან რომელიმეს ოჯახის წევრთან დაკრძალვაზე მისასვლელი რომ იყოს, არა მგონია, უკან დაიხიოს, არ მივიდეს და მსგავსი განცხადება გააკეთოს.

შესაძლოა ხალხში გამოჩენას ერიდებიან, იმდენი არასწორი ნაბიჯი გადადგეს.

- ვერ გეტყვით. ნიკა რურუას და მთავრობის წევრებს, დაკრძალვაზე არჩამოსვლის რაიმე სხვა მიზეზი შეეძლოთ მოეფიქრებინათ, არ იყო საჭირო ასეთი პირდაპირი და როყიო განცხადებები.

ოტია იოსელიანის დაკრძალვას ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი თუ დაესწრო?

- პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ დაკრძალვაზე ლიხს აქეთ ჩამოსული, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი არ მინახავს. მიხეილ სააკაშვილმა გვირგვინი და სამძიმრის წერილი გამოგზავნა, ის, რომელიც ტელევიზიით რამდენჯერმე წაიკითხეს. ეს იყო და ეს.

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ სააკაშვილს და ოტია იოსელიანს?

- ეს იყო ხელისუფლების წარმომადგენლის და ძალიან მკაცრი, კრიტიკულად შემფასებელი მწერლის დამოკიდებულება. თუ როგორ აფასებდა იგი წინა და ახლანდელ ხელისუფლებას, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, აღარ გავიმეორებ.

ცნობილია, რომ ეს დამოკიდებულება უარყოფითი იყო.

- მას ზოგადად არ მოსწონდა ბევრი რამ და ალბათ, მართებულადაც. სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის, ქვეტექსტებისა და ეგრეთ წოდებული პოლიტკორექტულობის გარეშე ამბობდა. მისთვის სიტყვა იყო მთავარი და ამ სიტყვის მიღმა არაფერი იმალებოდა - რასაც ამბობდა, სწორედ ისე ფიქრობდა.

ჟურნალისტებს ყოველთვის შენიშვნებს გვაძლევდა - ქართულს გვიწუნებდა.

- ჟურნალისტებიც ვცოდავთ, მაგრამ ჩვენზე მეტად ქართულ ენას ის ადამიანები ანაგვიანებენ, რომლებიც ტელეეკრანებიდან ხშირად ჩანან.

ოჯახის წევრებს თუ მიგითითებდათ ხოლმე, ეს ასე არ გააკეთო, ამას ისე ნუ იტყვი?

- ბაბუა მზა რეცეპტებს ნაკლებად იძლეოდა. ის უბრალოდ მიანიშნებდა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ადამიანს. საზოგადოდ მისი ცხოვრება იმის მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. არსებობს მისი ასეთი  ნაწარმოები - „ჩემი ასავალ დასავალი“, რომელშიც ყველა ფაქტი, წინადადება და სიტყვა არის მისი ცხოვრების შესახებ. შეგიძლიათ ნახოთ და თავად დარწმუნდეთ იმაში, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ნულს ქვემოდან ცხოვრება დაიწყოს, იბრძოლოს და მიზანს მიაღწიოს, არა პიროვნულად, არამედ საზოგადოებისთვის საუკეთესო შეთავაზებებითა და სურვილებით.

რამდენი შვილი და შვილიშვილი დარჩა ოტია იოსელიანს?

- სამი შვილი: ბაჩო, მანანა და დაჩი. ჩემი უმცროსი ბიძა, დაჩი არის „დაჩის ზღაპრების“ პერსონაჟი. ამავე ნაწარმოებში მოხსენიებულები არიან ბაჩო და მანოც. ოტია იოსელიანს თითო შვილისგან თითო შვილიშვილი დარჩა.

შვილთაშვილებზე რას გვეტყვით?

- მან ამ ქვეყნად ექვსი შვილთაშვილი დატოვა. აქედან ორი უფროსი შვილიშვილის, თათიას ქალ-ვაჟია და ოთხი ჩემი.

ბოლოს როდის ნახეთ და ესაუბრეთ ბაბუათქვენს?

- გარდაცვალებამდე დაახლოებით 20 დღით ადრე, წყალტუბოდან თბილისში სამკურნალოდ იყო ჩამოსული. სანამ საავადმყოფოში გადავიყვანდით, შვილთან, მანანასთან სახლში რამდენიმე დღე გაატარა. ძალიან მალევე მოისურვა (და ექიმებმაც არ დაუშალეს) გამგზავრებულიყო თავის ეზო-გარემოში, წყალტუბოში, ხელოვნების პირველ ნომერში, თავის საკუთარ სახლში. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და წუთები სწორედ იმ სახლში გაატარა.

როგორ მდგომარეობაში იყო, იწვა თუ გადაადგილდებოდა?

- ბოლო თვენახევარი დამოუკიდებლად სიარული უჭირდა - მისი დაავადება საოცარი სისწრაფით წავიდა პროგრესისკენ და ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა.

კონკრეტულად რა აწუხებდა?

- შინაგანი ორგანოების სიმსივნე ჰქონდა.

იცოდა რაც სჭირდა?

- იცოდა და ამას უყურებდა ისე, როგორც ოტია იოსელიანს შეჰფერის.

რაზე ისაუბრეთ, იმ დღეებში, როცა თქვენთან იყო?

- ვსაუბრობდით ყველა საკითხზე, რაც კი საჭიროდ მიაჩნდა და, უპირველესად, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ბოლო წამამდე, სანამ სულს უფალს მიაბარებდა, აბსოლუტურად საღად აზროვნებდა, ყველა შეკითხვაზე ზუსტ და მკაფიო პასუხს იძლეოდა. ამავე დროს, საუბრობდა ჩვეულებრივად, ანუ ყველა მოვლენისადმი ადეკვატური იყო, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა საკითხებისადმი.

საინტერესოა, რას ამბობდა 26 მაისს, მშვიდობიანი აქციის დარბევაზე და იმავე დღეს გამართულ აღლუმზე?

- საერთოდ, მას ამა თუ იმ ფაქტისა და მოვლენის შესახებ დეტალური საუბარი არ სჩვეოდა. ამ და სხვა საკითხებს ზოგად კონტექსტში იხილავდა.

საით მიექანებოდა ჩვენი ქვეყანა, ოტია იოსელიანის აზრით?

- როგორც მას არაერთხელ უთქვამს, ქვეყანა გამოქვაბულისკენ მიდიოდა.

იგივეს ამბობდა შევარდნაძის მმართველობის დროსაც.

- დიახ, ასე იყო. მისი აზრით, ერს სჭირდა ეროვნული გამოთაყვანება. ეს მისი სიტყვებია, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ უყურებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

გამოსავალზე რას ამბობდა?

- გამოსავალზე ჩემთანაც საუბრობდა და სხვებთანაც - მისი აზრით, ერი ზნეობრივად უნდა გაჯანსაღებულიყო.

და ეს ვის და როგორ უნდა გაეკეთებინა?

- ეს უნდა გაეკეთებინა და უნდა გააკეთონ ერის სულიერმა მამებმა, იმ ადამიანებმა, ვისაც ზნეობრივი მიზნისკენ ერის გაძღოლა შეუძლიათ.

პატრიარქს გულისხმობდა?

- რა თქმა უნდა, პატრიარქს და ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერისთვის თავგანწირულები არიან.

ასახელებდა ასეთ ადამიანებს?

- არა, კონკრეტულად არავის ასახელებდა.

თქვენი აზრით, ქართველმა ერმა მიაგო თუ არა ოტია იოსელიანს ისეთი პატივი, როგორსაც იმსახურებდა?

- ხალხმა ნამდვილად ჯეროვანი პატივი მიაგო. მოგეხსენებათ, გელათის მონასტერი მიუდგომელ ადგილას, ქუთაისი-ტყიბულის გზაზეა. იქ უმანქანოდ მისვლა რთულია, ქუთაისიდან მხოლოდ ერთი სამარშრუტო ხაზია. გელათის გადასახვევიდან მონასტრამდე სამ კილომეტრამდეა. ეს არის საკმაოდ დაკიდებული და მიხვეულ-მოხვეული აღმართი. დაკრძალვის დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის, ტაძრიდან დაშორებული ორი კილომეტრის მანძილზე გზა მანქანების ორი მწკრივით იყო გადაკეტილი. საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო და მოძრაობას ის არეგულირებდა, რადგან ტაძართან მიახლოება შეუძლებელი შეიქნა.

მის უწმინდესობას ველოდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ჩამობრძანდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც გასაგებია - პატრიარქის ჯანმრთელობა მთელი ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესია, მას ყველა უნდა მოვუფრთხილდეთ.

34-35-გრადუსიან სიცხეში, გელათის დაკიდებულ აღმართში ხალხი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა, ფეხით - ახალგაზრდები, მოხუცები, ხანდაზმულები... გელათში დაახლოებით 4-5 ათასი ადამიანი მოვიდა მასთან გამოსამშვიდობებლად.

მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები შეგიძლიათ  ჩამოგვითვალოთ?

- მათი დაფიქსირება ცოტა გამიჭირდა, რადგან საორგანიზაციო საკითხებით ვიყავი დაკავებული,  მუდმივად გადაადგილება მიწევდა, ჭირისუფლებში არც კი ვიდექი, სამძიმარს ჩემს ნაცვლად ჩემი ვაჟი იღებდა. ეს არაორდინალური დაკრძალვა იყო, რის შესახებაც მეუფე კალისტრატემ აღნიშნა კიდეც; ჩვენს მოძღვარს, მამა გიორგის უთხრა, „29 წელია იმერეთში მღვდელმთავარი ვარ და საერო პირის მსგავსი დაკრძალვა არც გამიგონია და არც მინახავსო“.

იმ დღეებში მუდმივად ისმოდა კითხვა - „იყვნენ თუ არა პოლიტიკოსები დაკრძალვაზე?“ როგორც წყალტუბოს რაიონის, ასევე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რასაკვირველია, იყვნენ. წყალტუბოს გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე საორგანიზაციო საკითხებშიც იყვნენ ჩართულები. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ მახარაძე იყო ჩამოსული.

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერებს, მე რაც ვნახე, გელათში, ბაბუასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდნენ: ზურაბ ტყემალაძე, გიორგი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, შალვა ნათელაშვილი, მურმან დუმბაძე, გოგა ხაინდრავა, გია ცაგარეიშვილი.  მაპატიოს, თუ ვინმე გამომრჩა. იქ იყო გივი ბერიკაშვილი. ერეკლე საღლიანი  სპეციალურად მესტიიდან ჩამოვიდა და სვანური მოზარეების გუნდი ჩამოიყვანა. ბაბუა ტაძრიდან სწორედ სვანური ზარის ფონზე გამოვასვენეთ.

გელათის ეზო ხომ ძალიან გაშლილი ტერიტორიაა და გელათის შესასვლელიც არ არის ისეთი პატარა, რომ იქ ადამიანების ნაკადმა სწრაფად ვერ გაიაროს. გელათიდან ამ ნაკადის გამოსვლას დაახლოებით 12-15 წუთი დასჭირდა. ბაბუა საფლავამდე დაახლოებით 700-მა ადამიანმა მიაცილა. მოგეხსენებათ, მისივე სურვილით, მისივე შერჩეულ ადგილას, საკუთარ ეზოში დავკრძალეთ. საფლავის კურთხევამდე მწერალთა კავშირის წევრებმა: ერეკლე საღლიანმა, მაყვალა გონაშვილმა და რეზო მიშველაძემ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს. დანარჩენებს თვალ-ყური ვეღარ მივადევნე, მაგრამ მთელი ეს პროცესია დაფიქსირებული გვაქვს - ჩვენ გვყავდა ვიდეოგადამღები ჯგუფი, რომელმაც 5-საათიანი ჩანაწერი გააკეთა.