„ეს შენ გეხება“ პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებს

„ეს შენ გეხება“ პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებს

კამპანია - „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ და შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დღეს მათ მიერ საგანგებო პრესკონფერენციაზე  გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა გააჟღერა.

 „ეს შენ გეხებას“ მონაწილე  ორგანიზაციები გამოეხმაურენ ხელისუფლების ინიციატივას, რომელიც საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების დადგენას უკავშირდება. მათ მიაჩნიათ, რომ გარკვეული შეთანხმების მიღწევა პარტიებს შორის სამართლიანი კონკურენტული და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებული თანამშრომლობის პრინციპი საკმარისი არ არის პროცესების რეალურად გაჯანსაღებისთვის და საჭიროა, რომ როგორც ხელისუფლებამ ისე, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე შეთანხმდნენ. 

"არსებული დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს. აუცილებლად მიგვაჩნია გარკვეული შეთანხმების მიღწევა პოლიტიკურ პარტიებს შორის იმისთვის, რომ წარიმართოს სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი, თუმცა, მნიშვნელოვანია შეთანხმების პრინციპები არ იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, არამედ იგი მხარეებს შორის რეალური შეთანხმების საგანს წარმოადგენდეს", - ნათქვამია "ეს შენ გეხებას" განცხადებაში. 

კამპანიაში შემავალ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება, არ დაუშვან მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაციის მცდელობა, ასევე, არ უნდა მოისყიდონ ამომრჩევლი და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, "ეს შენ გეხება" მიიჩნევს, რომ მათ უნდა იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით, უზრუნველყონ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება ან დისკრიმინაციული მიდგომა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება, რომელიც დისკრიმინაციულად არ შეზღუდავს ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას.

როგორც კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმება დროულად და მხარეების მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოხდეს.

"ეს შენ გეხება" მზადყოფნასაც გამოთქვამს, რომ აღნიშნულ საკითხებზე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წარმართვას ხელი შეუწყოს.