ირაკლი ალასანია:   ქართულ პოლიტიკა ქვების სროლის ხანაში აღარ დაბრუნდება

ირაკლი ალასანია: ქართულ პოლიტიკა ქვების სროლის ხანაში აღარ დაბრუნდება

სააკაშვილს უნდა, ქართული პოლიტიკა ქვების სროლის ხანაში დააბრუნოს, -განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა  ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, სააკაშვილს ეს არ გამოუვა და "ქართული ოცნება" გააგრძელებს კამპანიას, მიუხედავად იმ ინციდენტებისა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში იყო.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შიდა ქართლი და კონკრეტულად გორი საქართველოს გულია და იგი ყოველთვის თამაშობდა ერის კონსოლიდაციაში გადამწყვეტ როლს.

„ახლაც ასე იქნება. დღეს აქციაზე ივანიშვილს პროგრამული გამოსვლა ექნება. ის რეგიონისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე, რათა შიდა ქართლელ გაჭირვებულ გლეხს შრომის საშუალება მიეცეს“-განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მათი მიზანია მშვიდობიანი, სტაბილური არჩევნების ჩატარება, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს უსაფრთხო გარემოში თავისუფალი არჩევნების გაკეთებას.

„სამწუხაროდ, სააკაშვილს უნდა ქართული პოლიტიკა ქვების სროლის ხანაში დააბრუნოს, მაგრამ ეს არ გამოუვა. ჩვენ მშვიდად, მიზანმიმართულად გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას“-აღნიშნა მან.

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გორში რამდენიმე წუთში დაიწყება. აქციას სხვადასხვა რაიონიდან მხარდამჭერთა კოლონები უკვე შეუერთდნენ.