მარინა ჩიტაშვილი: როდესაც ხელისუფლება მიდის გამწვავებაზე ან ცდილობს პოლარიზაციის მოხდენას, ეს მისი პასუხისმგებლობაა

მარინა ჩიტაშვილი: როდესაც ხელისუფლება მიდის გამწვავებაზე ან ცდილობს პოლარიზაციის მოხდენას, ეს მისი პასუხისმგებლობაა

 ექსპერტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების დიდი ნაწილი დიდი ხანია საზოგადოების პოლარიზებაზე საუბრობს. ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ესკალაციას მივყავართ პოლარიზაციამდე და დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ იმეორებს წინამორბედის შეცდომებს, რომ ის ხელისუფლებაში მაშინ სხვა იდეალებით მოვიდა, რეალურად კი ხელში შეგვრჩა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც სხვა არაფერი აინტერესებს, გარდა ძალაუფლების შენარჩუნებისა  და ფორმალური წესრიგის დაცვისა. 

-  შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ქართული საზოგადოება უკვე პოლარიზებულია?

 დაძაბულობა იზრდება იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც დგანან ერთი თუ მეორე პოლიტიკური ლიდერის უკან. ესკალაციას მივყავართ პოლარიზაციისკენ, რაც არასასურველია. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მდგომარეობით ეს ასეა. ”ქართული ოცნების” შეკრება გორში, დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველგვარი ცემა-ტყემის და სერიოზული დაპირისპირების გარეშე ჩაივლის.

 ბოლო პერიოდში, კარალეთში და  სხვა სოფლებში განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოების ნაწილს გაუჩინა აზრი, რომ საქართველოში  2003 წლის შემოდგომის მოვლენები მეორდება. რამდენად შეიძლება ამ მოვლენებს შორის პარალელების გავლება?

 მე ცოტა გამიჭირდება, ზუსტად ერთმნიშვნელოვანი პარალელები დავინახო, თუმცა ფაქტები ასეთია-  მაშინ ხელისუფლებას არ უნდოდა არაფრის მოსმენა და არაფრის გაგება, დღესაც ხელისუფლებას არაფრის გაგება და მოსმენა არ სურს. მაშინ ხელისუფლებას არ გაუკეთებია ის, რომ მთავრობა სასწრაფოდ შეეცვალა, დღეს ხელისუფლებამ ეს გააკეთა. მაშინ არ ყოფილა მედიის თავისუფლების შეზღუდვა, დღეს მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან გვაქვს საქმე. მაშინ არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ შიში ყოფილიყო იმის, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად წავა, დღეს ამის შიში არსებობს. ასე, რომ თუ ამ მოვლენებს  შევადარებთ , გარეგნულად ისინი ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა როგორი შედეგებით დამთავრდება ეს ყველაფერი, წინასწარ ამის თქმა ძალიან ძნელი იქნება.

 - დღევანდელი ხელისუფლება რვა წლის შემდეგ რატომ უშვებს იგივე შეცდომებს, რასაც 2003 წელს თვითონვე ებრძოდა?

 ალბათ, ძირითადი მიზეზი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება  სრულიად სხვა იდეალებით მოვიდა, დღეს კი სრულიად სხვა რამეს ემსახურება. ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში იდეალით, რომ უნდა ყოფილიყო და ეშენებინა დემოკრატიული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, სადაც ყველას ექნებოდა საშუალება ეთქვა და დაეფიქსირებინა თავისი აზრი და ხელისუფლება თავისთავზე აიღებდა ვალდებულებას, რომ ის პატივს სცემდა ადამიანის უფლებებს და ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და  დემოკრატიული ქვეყანა ვყოფილიყავით. რაც ქვეყნის მმართველობაში  თანამონაწილეობის პრინციპს ნიშნავს და რეალურად ხელში შეგვრჩა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც სხვა არაფერი აინტერესებს, გარდა ძალაუფლების შენარჩუნებისა  და ფორმალური წესრიგის დაცვისა. 

-  თუ გავითვალისწინებთ ”ნაცმოძრაობის” წევრების გააქტიურებას, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება უფრო აქტიურ ძალდობრივ ქმედებებზე გადავა?

-   თუ ხელისუფლება  ამას გააკეთებს, სწორი ნამდვილად არ იქნება, რადგან აგრესია ნამდვილად ბადებს უფრო დიდ აგრესიას და ჩვენს ქვეყანას  აგრესიული განვითარების სცენარი კიდევ უფრო შორს  გადაისვრის, ვიდრე დღევანდელ ეტაპზე ვართ. თუ ხელისუფლებას ოდნავ მაინც აინტერესებს ქვეყანა ჰგავდეს რაღაცას, ეს არ უნდა გააკეთოს. ბევრი რამ იყო ისეთი, რაც ხელისუფლებას არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ  მაინც აკეთებდა. ვერ გეტყვით დღეს  ვინ, როგორ და რანაირად მიიღებს გადაწყვეტილებას.

-  სულ ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობენ და თქვენი აზრით  თუ უშვებს ოპოზიცია რაიმე შეცდომას?

  შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე და ქცევაზე პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით ის, რომ  ქვეყანაში იყოს სტაბილური მდგომარეობა, ეკისრება ხელისუფლებას, ვიდრე ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, როდესაც ხელისუფლება მიდის გამწვავებაზე ან ცდილობს პოლარიზაციის მოხდენას, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად ეს მისი პასუხისმგებლობაა. ჯერჯერობით ოპოზიციას სხვა არაფერი არ უთქვამს, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია, გარდა იმის, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. იმის გამო, რომ ადამიანს და მე არა ერთ ადამიანს, არამედ ოპოზიციის ჯგუფს ვგულისხმობ,  ფაქტობრივად ავიწროვებ იმის გამო, რომ მას აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი, ცოტათი სასაცილოა იმის კვალობაზე, როდესაც სურვილი გაქვს საკუთარი თავის დემოკრატიულ ქვეყნად გაასაღო.