ბადრი ბასიშვილი: კარალეთის პროვოკაციის მთავარი ინიციატორი  კახი კალაძე იყო

ბადრი ბასიშვილი: კარალეთის პროვოკაციის მთავარი ინიციატორი კახი კალაძე იყო

ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კახი კალაძე იყო კარალეთის ინციდენტის მთავარი ინიციატორი, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას „ბასიშვილის ზონდერბრიგადის“ არსებობასთან დაკავშირებით, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კახი კალაძისგან განსხვავებით მას იარაღიანი დაცვა არ ჰყავს, ხოლო დაკავებულ „ნაცმოძრაობის“ წევრებს იცნობს, როგორც დევნილებს.

-რატომ თვლით, რომ სამართალდამცავებმა კახი კალაძე უნდა დაიჭირონ?

-მე როგორც კადრებს დავაკვირდი, კახი კალაძემ წამოიწყო პირველმა გინება მოსახლეობის მიმართ, ამ გინებას მოჰყვა შემდეგ გაღიზიანება და ჩხუბში მისი დაცვის წევრები იყვნენ. ზუსტად კალაძე ეუბნებოდა დაცვის ერთ-ერთ წევრს, რომ იარაღი ესროლე და დაფიქსირებულია, რომ  ამ პიროვნებამ იარაღი ამოუღო  დევნილ მოსახლეობას. ჩემი აზრით, ამ პროვოკაციის მთავარი ინიციატორი, რომელმაც „ზონდერბრიგადა“ ჩამოიყვანა დევნილ მოსახლეობასთან, კახი კალაძე იყო და ზუსტად ის არის დასაკითხი, თუ რა მიზნით შემოიყვანა მან დაახლოებით ასეულობით „ზონდერბრიგადა“ დევნილთა დასახლებაში, რა ინტერესი ჰქონდათ მათ, ეს არის საინტერესო.

-თქვენ უშუალოდ ესწრებოდით თუ არა კარალეთის ინციდენტს?

კარალეთის ინციდენტიდან დაახლოებით 35 წუთში მე დევნილთა დასახლებაში ავღმოჩნდი, თავიდან იქ არ ვყოფილვარ.

-„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, „ზონდერებს“ რომლებიც სხვა პოლიტიკურ ძალებთან ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობენ, თქვენ სახელსა და გვართან აკავშირებენ. არიან თუ ისინი თქვენი „დაცვის წევრები“?

-ეს ადამიანები, ვინც ამჟამად არიან დაკავებულნი, საუბარი მაქვს დევნილებზე, სწორედ  დევნილ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობენ კოტეჯებში. რა თქმა უნდა მათ ვიცნობ, ჩვენ წლებია ერთად ვცხოვრობთ, ისინიც დევნილები არიან და მეც. არანაირი დაცვა მე არ მყავს, განსხვავებით კალაძისგან, რომელსაც 30-მდე სპორტსმენი დასდევს იარაღებით დასაცავად. მოსახლეობას მე ჩვეულებრივად ვხვდები და განსხვავებით კახი კალაძისგან, არავისი მეშინია.