ივანიშვილი:  ვაჟამ ეროვნული წიაღიდან წამოსული პრიორიტეტებით გვაჩვენა, რომ  მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრები ვართ

ივანიშვილი: ვაჟამ ეროვნული წიაღიდან წამოსული პრიორიტეტებით გვაჩვენა, რომ მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრები ვართ

ვაჟაობას დღესასწაულს სოფელ ჩარგალში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

ამ დღის აღსანიშნავად, ჩარგალში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. გაიმართება დოღი, რომელიც ყოველწლიური ტრადიციაა, დოღზე ერთმანეთს ადგილობრივები ეჯიბრებიან და შემდეგ მთელი წელი გამარჯვებულის სტატუსს ატარებენ. დაგეგმილია ასევე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ხრიდოლი.

შეკრებილ საზოგადოებას კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.

„21 საუკუნეში,  როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ევროპულ ფასეულობათა გაზიარებით გამოვკვეთოთ ჩვენი ევროპული გზა, გამოვკვეთოთ,  რომ ჩვენ პოლიტიკურად ვისწრაფით ევროპული ფასეულობებისკენ, ჩვენმა ვაჟამ ეს ეროვნული წიაღიდან წამოსული პრიორიტეტებით,  მისი ფრაზებით გვაჩვენა, რომ ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურად და გეოგრაფიულად არამედ,  მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრები ვართ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გასული წელი ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავთან დაკავშირებით, იუნესკომ ვაჟას წლად გამოაცხადა. ის ასევე შესულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. დღესასწაულთან დაკავშირებით ვაჟას სამშობლოში ძალიან ბევრ ადამიანს ელოდებიან.