მერია ჩვეული მეთოდებით აგრძელებს ე.წ „კულუარულ რეფორმებს“, ანუ ანხორციელებს პირველადი ჯანდაცვის უმთვრესი რგოლის - პოლიკლინიკური ქსელის პრივატიზებას საზოგადოებისათვის აბსოლუტურად უცნობი სქემებით.
ჯანმრთელობის დაცვის უსისტემობის შემდგომ „განმტკიცებას“ ემსახურება ოჯახის ექიმის, ბავშვთა, პენსიონერთა და ა.შ ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრადიციული, პოლიკლინიკური ქსელის დანგრევას.
· საზოგადობისათვის უცნობია პრივატიზებული პოლიკლინიკური ქსელი რა პირობებით, რა ფასებში მოემსახურება დედაქალაქის ათეულობით ათას ადამიანს პირველადი ჯანდაცვის პროგრამებით.
· როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება სადაზღვევო კომპანიებსა და პრივატიზებულ პოლიკლინიკურ ქსელს შორის.
· რა გარანტიები არსებობს პრივატიზებულ პოლიკლინიკებში სამედიცინო პერსონალის დასაქმებისათვის.
· რატომ არის უცნობი საზოგადოებისათვის თუ ვინ ყიდულობს პოლიკლინიკებს, გააჩნიათ თუ არა მათ ამ სფეროს მენეჯმენტის გამოცდილება.
„თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად მოვითხოვთ მერიამ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს პოლიკლინიკური ქსელის პრივატიზების და შემდგომ მისი განვითარების პროგრამა. მოვითხოვთ პროგრამა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით, რათა თავიდან ავიცილოთ, მერიის წარმომადგენელთა ტრადიციად ქცეული სიტყვიერი ბუნდოვანი კომენტარები.