[ემზარ ხვიჩია]
ძველელინურ ტრაგედიაში კოლხი მედეა ერთ-ერთი საუკეთესოდ (დასრულებულად, მრავალპლანიანად და ექსპრესიულად) წარმოდგენილი პერსონაჟია, მაგრამ ამ წარმოდგენას არაფერი აქვს საერთო მედეას სახით პერსონიფიცირებული მოვლენების რეალურ მნიშვნელობასთან, ანუ ამ მითოსური პერსონაჟის ჭეშმარიტ ფუნქციასთან.
არგონავტების მითი ასახავს ორი მსოფლმხედველობითი სისტემის ურთიერთბრძოლას ეგეოსურ ცივილიზაციაში. ერთი მათგანის მატარებლი იყო აქეური-მიკენური სამყარო ანუ აქეველი ერი, მეორის მატარებელი კი, პელაზგური სამყარო, რომლის ნაწილსაც, ეგეოსური მითოსური ტრადიციის მიხედვით, წარმოადგენდა კოლხური სამყარო (ქართველი ერის ფენომენური განვითარების მეორე ანუ მითოსური საფეხურის რეალიზაცია).
აქეურ-მიკენური და პელაზგური ეთნოკონგლომერატები წარმოადგენდნენ ერთი თვითრეგულირებადი საზოგადოებრივი წარმონაქმნის, ერთი ცივილიზაციის თვისებრივად რადიკალურად ურთირთგანსხვავებულ და აუცილებელ კომპონენტებს, მისი არსებობის ამ ეტაპზე (ქრისტეს წინ. 22-ე – 12-ე სს). განსაკუთრებით მკვეთრია ეს განსხვავებები საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის და სქესებს შორის ურთიერთობის პრინციპების მიხედვით. ხსენებული ორი სამყაროს სისტემური ერთიანობის (ანუ ორივე ღირებულებათა სისტემის სინქრონული აქტუალურობის) საფუძველზე ორივე ეთნოკონგლომერატი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ღირებულებათა სისტემის უმწვავესი კონფლიქტის ასპარეზს წარმოადგენდა, რაც ამ ორ განსხვავებული თვისებრიობის ელემენტს შორის პარიტეტის დაცვას უმთავრეს პრობლემად სახავდა, ეგეოსური ცივილიზაციის ისტორიის დასახელებულ ეტაპზე.
აქეური (ძლევის მანიის კლასის ერის) ღირებულებათა სისტემის მთავარი მახასიათებლებია:
– სინამდვილის საზრისად ბრძოლის აღიარება;
– ორივე სქესის ადამიანების ერთიდაიგივე კრიტერიუმით, ძალმოსილების ხარისხით შეფასება, რაც ქალის, როგორც ნაკლებად ძლიერის, ვაჟთან შედარებით ნაკლებღირსეულად მიჩნევის განმაპირობებელია და პატრიარქატის გამამართლებელი;
– სქესების უთთიერთმიმართებაში კონფლიქტურობის მომენტის აუცილებლობა (სქესობრივი ქცევის ადამიანისთვის ბუნებრივ ბიოლოგიურ მოდელთან კულტურის მოდელის შეუთანხმებლობის საფუძველზე), რაც სქესების ურთიერთობის ტოტემისტურ ინტერპრეტაციაში, ვერძის, როგორც მამრობითი საწყისის ტოტემის, და გველის, როგორც მდედრობითი საწყისის ტოტემის, ბრძოლის (ვერძის და მას შემოხვეული გველის) ხატით შეიძლება წარმოდგენილ იქნას.
– საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის „იგივეობის საფუძველზე ერთობის პრინციპზე“ დამყარებულობა, რაც საერთო ინტერესის განცდის გამახვილებული უნარის, საზოგადოებრივი კონსოლიდაციის მაღალი ხარისხის, საზოგადოებრივი ერთობის დიდი სიმტკიცის განმაპირობებელია და ამგვარ საზოგადოებრივი ერთობის, მასში სხვადასხვა სქესების ინდივიდების არსებობის ფაქტის ნიველირებით, ერთი ტოტემური ხატით წარმოდგენის შესაძლებლობის განმაპირობებელია, კერძოდ გველის სახით, სხვადასახვა გარემოებათა და მათ შორის მისი სხეულის გრძივად ერთგვაროვნების მომენტის კარნახით. ის ფაქტი, რომ ამავე ღირებულებათა სისტემის მიხედვით, გველი მდედრობითი საწყისის ტოტემიცაა, არ არის თვითშეთანხმებულობის დამრღვევი, რამეთუ საზოგადოება, როგორც პიროვნების წარმომშობი წიაღი, დედის მნიშვნელობით მიემართება მას და ამასთანავე, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ერთობა სქესობრივი სხვაობის მომენტს არ ითვალისწინებს საერთოდ.
პელაზგური და ამდენად, კოლხური (მართვის მანიის კლასის ერის) ღირებულებათა სისტემის მთავარი მახასიათებლებია:
– სინამდვილის საზრისად მართვის აღიარება;
– სხვადასხვა სქესის პიროვნებების განსხვავებული კრიტერიუმებით, შეფასება და ამდენად, ღირსების მიხედვით ერთის მეორისადმი დაქვემდებარების გამორიცხულობა, რაც სხვადასხვა სქესის ადამიანთა აღსანიშნავად განსაკუთრეაბული ტერმინების – „დედაკაცი“ და „მამაკაცი“ – გამოყენებას ამართლებს, რამეთუ ისინი ახასიათებენ სქესობრივი წყვილის წევრებს არა ერთმანეთთან მიმართების მეშვეობით (ეს მათ ურთიერთმიმართებაში ერთის მეორისადმი დაქვემდებარების მომენტის შემოტანის შესაძლებლობის დამშვები იქნებოდა), არამედ, წყვილის გარეშე ელემენტთან – შვილთან (რეალურთან თუ პოტენციურთან) მიმართების მიხედვით ურთიერთგანსხვავების დაფიქსირებით (დედა – მამა);
– საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის „განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპზე“ დამყარებულობა, რაც საერთო ინტერესის საფუძველზე საზოგადოებრივ კონსოლიდაციას და საზოგადოებრივი ერთობის ინსტიტუციონალიზაციას დიდ პრობლემად აქცევს;
სქესების ფუნქციების განსხვავების დაფიქსირებისათვის შემდეგი ბიოლოგიური საფუძველი არსებობს: მდედრობითი სქესის ადამიანი, ყურადღების განაწილების და ანალიზის ფუნქციის მეტგანვითარებულობისა და მაღალმგრძნობელობის საფუძველზე, სიტუაციის იდენტიფიკაციის უნარის გამახვილებულობით ხასიათდება; მამრობთი სქესის ადამიანი კი, – ყურადღების კონცენტრირებულობის, წარმოსახვის ფუნქციის მეტგანვითარებულობისა და ძალმოსილების საფუძველზე, სიტუაციის გადაწყვეტის ალგორითმების მიგნების და რეალიზაციის უნარის გამახვილებულობით;
ამის გათვალისწინებით, ამგვარ ღირებულებათა სისტემის მატარებელ საზოგადოებრივ ერთობაში, დედაკაცი მიმდინარე ამოცანის იდენტიფიკაციის და ტრანსფარაციის ფუნქციის რეალიზატორად ფიქსირდება; ხოლო მამაკაცი – დედაკაცის (მისი რჩეულის) მიერ განსახიერებულ-მინიშნებული მიმდინარე სიტუაციური თუ სტრატეგიული ამოცანის გადამწყვეტის ფუნქციის რეალიზატორად, რასაც იდეალურად ასახავს ქართული ქორეროგრაფიული მემკვიდრეობა, მაგ, „ცეკვა ქართული“ – დედაკაცის თავისთავადი სვლა; მამაკაცის სვლა – დედაკაცის ამგვარ თვითგამოხატვაში, მისი მიმყოლი ანუ საპასუხო აქტივობის გამოხატულებად, დედაკაცის და მამაკაცის სტატუსების თანაბარღირსეულობის დემონსტრაციად; „ცეკვა ხევსურული“ – დედაკაცის მანდილის ჩამოგდება, როგორც მოქმედების შეჩერების სურვილის ცხადყოფა, ყოველი მოქმედების შეჩერების ურყევი პირობად წარმოდგენილი, დასტურად იმის აღიარებისა, რომ მხოლოდ იმ მოქმედებას აქვს აზრი, რომელიც დედაკაცის არსებით არის ტრანსფარირებული; ეს გულისხმობს მამაკაცის შემფასებელ უმაღლეს ინსტანციად დედაკაცის აღიარებას.
აღნიშნულის საფუძველზე ცხადია, რომ კოლხურ-პელაზგური (მართვის მანიის კლასის ერის) ღირებულებათა სისტემა სქესების ურთიერთმიმართების საკითხში ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებასთან თანხმობაშია სრულად. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ ღირებულებათა სისტემაში სქესების ურთიერთმიმართების საკითხში კონფლიქტურობის მომენტი სრულიად გამორიცხულია.
ამ გრეამოების ადექვატური ასახვაა მამრობითი საწყისის ტოტემად – მუხის მდედრობითი საწყისის ტოტემად კი, – ვენახის (ვაზის) წარმოდგენა: მუხაზე მიშვებული ვენახის ხატით განსახიერება სქესების ურთიერთმიმართებისა, გამორიცხავს როგორც კონფლიქტის მომენტის ასევე, ერთის მეორისადმი დაქვემდებარებულობის მომენტს საგულვებელობას – ვენახი არას ავნებს მუხას და ორივე მცენარის გვირგვინი, ცასა და მიწას შორის, ერთ სიმაღლეზე იშლება.
ამასთანავე, ისინი სწორედ რომ სათანადოდ მიემართებიან ერთიმეორეს:
– მუხა საყრდენის მოვალეობას უწევს ვენახს, ანუ პასუხობს მისი პლასტიკით (ზროს დრეკადობით და სისუსტით) ნაკარნახევ საჭიროებას – ვენახის მწვანე გვირგვინის სათანადო სიმაღლეზე გაშლილობის უზრუნველყოფას.
მუხის და ვენახის ვარჯების თავისებურება, ტოტების სხვადასხვა მიმართულებით ზრდაში გამოხატული, შესაძლებელყოფს განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის ტრანსფარაციას, ამდენად, მუხა და ვენახი ამავე ღირებულებათა სისტემის მატარებელ საზოგადოებრივი ერთობის წარმომდგენ ტოტემათა წყვილადაც შეიძლება მოაზრებულიქნენ, ამგვარი საზოგადოებრივი ერთობის მამრობითი და მდედრობითი სქესების სათანადო ასპექტების დაცალკევების აუცილებლობის გათვალისწინებით.
* * *
ახლა შეგვიძლია საფუძვლიანად განვიხილოთ მედეას ფენომენით პერსონიფიცირებული მოვლენის როლი კოლხი (ქართველი) ერის ისტორიაში.
ხსენებულ ორ, ეგეოსური ცივილიზაციის ისტორიის დასახელებულ ეტაპზე, თანაბრად აქტუალურ ღირებულებათა სისტემებს შორის წონასწორობის დარღვევა ჯერ ეგეიდაში დაფიქსირდა. ამის გამოხატულებაა პელაზგურ სამყაროში სქესთა ურთიერთობის სფეროში კონფლიქტის მომენტის აქტუალიზაცია:
– ბეოტიის ქალაქ ორხომენის მეფემ, ქარების ღმერთის ეოლის ძემ, აფამანტმა სახლიდან განდევნა საკუთარი მეუღლე, ღრუბლების ქალღმერთი ნეფელე. შემდეგ ახალი ცოლის, კადმოსის ასულის, ინოს სივერაგის ხელშეწყობით სასიკვდილოდ (მსხვერპლად შესაწირად) გაიმეტა თავისი შვილებიც – ფრიქსე და ჰელა.
აქ, აქეურ ღირებულებათა სისტემის გავლენაზე მიმანიშნებელია ის მითოსური ფაქტი, რომ ინოს მამა, კადმოსი, ქალაქ ფივის დამაარსებელი და ამდენად, საზოგადოებრივი ერთობის ერთ-ერთი მითოსური პერსონიფიკაცია, საბოლოოდ გველად გადაიქცა.
ნეფელე ჰერმესის დახმარებით ახერხებს თავისი შვილების დახსნას და ოქროსბეწვიანი მფრინავი ვერძით კოლხეთში აგზავნის მათ.
ეს მითოსური ფაქტი ასახავს წონასწორობის დარღვევის ტენდენციის კოლხეთშიც შეღწევას. აქ, ჰერმესი ამ ტენდენციის ინიციატორად წარმოგვიდგება, ნეფელე კი, მისი შვილების, თუნდაც მხოლოდ ფიზიკურად, გადარჩენის პრობლემის გამოყენებით, იძულებითაა ჩათრეული ამ მოვლენაში. ის გარემოება, რომ ჰელე კოლხეთში მისვლამდე იღუპება (ის მფრინავი ვერძიდან ჩამოვარდა და ზღვაში დაინთქა), ამ გავლენას მდედრობითი სქესის საზოგადოებრივი სტატუსის ნიველირების ტენდენციის განვითარებად წარმოგვიდგენს, რასაც კოლხური სამყაროში დიდი რეზონანსი მოჰყვა, წარმოდგენილი მეფე აიეტის რეფორმებით.
აიეტმა ჰერმესის მფრინავი ვერძი მსხვერპლად შესწირა ზევსს. მისი ოქროს ტყავი – ოქროს საწმისი, როგორც მამრობითი საწყისის კულტის საგანი, მუხის კენწეროზე ჩამოჰკიდა და დარაჯად დაუყენა გველი (გველეშაპი), მდედრობითი საწყისის ტოტემურ განსახიერებად, რომელიც, ნაცვლად ვენახისა, მუხის ძირს შემოხვეული მუდამ ფხიზლად დარაჯობდა ამ, მთავარ კულტის საგანს.
ამით მუხას წაერთვა ტოტემური კულტის ობიექტის სტატუსი და, აქეურ ღირებულებათა სისტემის შესაბამისად, მდედრობითი საწყისის მამრობითი საწყისისადმი დაქვემდებარებულობის გამომხატველი ვერტიკალის წარმოდგენის საშუალებადღა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს კოლხური ღირებულებათა სისტემის სათანადო ტოტემური კულტის ლიკვიდაციას და მისი აქეურ ღირებულებათა სისტემის სათანადო ტოტემური კულტით ჩანაცვლებას.
აიეტის ინიციატივის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც აღინიშნა, გველი აქეურ (ძლევის მანიის კლასის ერის) ღირებულებათა სისტემის მატარებელი საზოგადოებრივი ერთობის ტოტემური ექვივალენტია, ოქროს საწმისის კულტით, მასთან დაკავშირებულ გველის კულტის მეშვეობით ჩანაცვლებულ იქნა მუხის და ვენახის კულტის მეორე ასპექტიც, რომლის მიხედვითაც მუხა, მისი ძირითადი ტოტემური ფუნქციის საფუძველზევე, საზოგადოებრივი ერთობის ქმედებითი პოტენციის, ანუ მამრობითი სქესის სათანადო, მისი ასპექტის (აქ, კოლხ მამაკაცთა ერთობის) ტოტემაა (მაგ. როგორც ჰიმნიში – „მუმლი მუხასა“), ვენახი კი, საზოგადოებრივი ერთობის შემფასებლობითი პოტენციის, ანუ მდედრობითი სქესის სათანადო, მისი ასპექტის (აქ, კოლხ დედაკაცთა ერთობის) ტოტემაა (მაგ. როგორც ჰიმნიში – „შენ ხარ ვენახი“).
მითის მიხედვით, აიეტის ინიციატივებს ბიძგი მისცა ეგეიდიდან მომდინარე გავლენამ, რომლის ფრიქსეს სახით პერსონიფიცირება, აიეტთან მისი მიმართების გათვალისწინებით, გამოხატავს ამ მოვლენაში კოლხური საზოგადოების წინასწარი მზაობით და ინიციატივის მიტაცების მცდელობის მნიშვნელობითაც კი, ჩართვას. ამგვარი დადებითი უკურეაქციის და მის ინიციატორად კოლხეთის მეფის დაფიქსირებას საფუძველად ის გარემოება იგულისხმება, რომ აქაეური ღირებულებათა სისტემა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის და ინსტიტუციონალიზაციის განუზომლად უფრო მაღალუნარიანობის განმაპირობებელია (ამ გარემოების გავლენით აიეტი აქამდეც იყო უცხო კულტურის გავლენის შემოტანის ინიციატორი კოლხეთში: მასთან ასოცირებული მზის კულტის შინაარსში მზის მამრობითი ბუნების ფენომენად მოაზრება ეგვიპტურ ამონ-რას კულტთან მისი ასოცირების პირობაა)
გარეგანი გავლენის იმპულსის ათვისება და ინიციატივის მოხელთების მცდელობა წარმატებული გამოდგა, რასაც ასახავს ის ფაქტი, რომ, მითის მიხედვით, აიეტი, ამქვეყნად უდიდეს გმირად ანუ უძალმოსილეს ინდივიდურ ფენომენად არის წარმოდგენილი, კოლხეთი კი, უმძლავრესი სამხედრო ინსტიტუტების (მათ შორის სამხედრო საზღვაო ფლოტის) მქონე სახელმწიფოდ. სწორედ, ამის უტყვ აღიარებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ, არგონავტების მითის მიხედვით, ღმერთები ჰერაკლეს აიეტთან შეხვედრას არიდებენ (ჰერაკლე მიზიაში ჩამოშორდა არგონავტებს). აიეტის ამ, ძირითადი ფუნქციური სტატუსით აიხსნება ის, რომ იგი არ ცდილობს პრომეთეს განთავისუფლებას. პირიქით, მითის მიხედვით, ერთგული ძაღლი ყურშა ლოკავს პრომეთეს ჯაჭვს და როცა გაწყვეტის პირამდე მიიყვანს, მჭედლები მთელს კოლხეთში ერთობლივად შემოჰკრავენ უროს გრდემლს და ჯაჭვი კვლავ მრთელდება – ეს მოქმედება, მისი მასშტაბური კოლექტიური ხასიათის მიხედვით, სამეფო ხელისუფლებასთან ასოცირებულ საკულტმსახურო ქმედებადაა წარმოდგენილი.
– პრომეთე კოლხურ ღირებულებათა სისტემაში მამრობითი საწყისის მითოსური პერსონიფიკაციაა, სწორედ ისაა მედეას ნამდვილი მეწყვილე – მედეას მოქმედება პრომეთესგან მომდინარე უნარების აქტუალიზაციაში (მის სისხლისგან აღმოცენებული მცენარეების გამოყენებაში) მდგომარეობს.
აიეტის ინიციატივები მიმართულია დედაკაცის იმ ფუნქციური სტატუსის გაუქმებისკენ, რომლის მიხედვითაც, კოლხურ ღირებულებათა სისტემის შესაბამისად, დედაკაცი მამაკაცის შემფასებელ უმაღლეს ინსტანციად ფიქსირდებოდა. ამას გამოხატავს აიეტის მიერ მამაკაცური ღირსების ღირებულებათა აქეური სისტემის სათანადო კრიტერიუმების საფუძველზე და დედაკაცის მონაწილეობის გარეშე შეფასების ახალი ინსტიტუტის დაწესება, რაც წარმოდგენილია იმ დავალებების შინაარსით, რომელთა შესრულება ოქროს საწმისის მაძიებელ იაზონს დაეკისრა:
– ცეცხლისმფრქვეველი ხარების ძალით დამორჩილება (და არა გაწვრთნით დაყოლიება, როგორც მოითხოვს ამას კოლხური ღირებულებათა სისტემა);
– სამი დღის სახნავის ერთ დღეში მოხვნა (ძალმომრეობა მიწის მიმართ, მასზე, მისი ნაყოფიერების მაინიცირებელი ზემოქმედებისადმი დაყოლის მის ბუნებრივი უნარის შესაბამისზე მეტი ინტენსივობით ზემოქმედება);
– გველეშაპის კბილების დათესვით აღმოცენებულ მებრძოლთა მრავალრიცხოვანი რაზმის ძლევა (გველეშაპის კბილებთან ასოცირებით მინიშნებული, აქეურ ღირებულებათა სისტემის მატარებელი საზოგადოებრივი ერთობის სიმტკიცის გადალახვის უნარის ვაჟკაცობის უმაღლეს გამოხატულებად წარმოდგენილობა);
გარდა ამისა, აიეტი თვითონ ურჩევს საქმროს თავის ქალიშვილს, ქალკიოპეს. მან ის შერთო ფრიქსეს, რომელიც, მითის სიუჟეტის მიხედვით, კოლხურ სინამდვილეში ვერ ჩაერთო და თავის სამშობლოში, ეგეიოდაში დაბრუნებაზე ოცნებით მიიცვალა და, ამდენად, რომელიც ვერ იქნებოდა ქალკიოპეს, როგორც სამეფო ოჯახის წევრის, კოლხეთის ცხოვრების შუაგულში ჩართული პირის, რჩეული. ფრიქსემ მისი სულსიკვეთება გადასდო თავის შვილებსაც, რომლებმაც მისი სიკვდილის შემდეგ სცადეს მამის ოცნების აღსრულება და ზღვით მალულად გაიპარნენ, დატოვეს დედა და კოლხეთი, მის მიმართ მათი, ასევე, გარეგან ელემენტად დარჩენის გამოხატულებად.
კოლხეთში აქეურ ღირებულებათა სისტემის დამკვიდრებით კოლხეთი აქაველთა სამოქმედო ასპარეზადაც იქცა. სწორედ ამას გამოხატავს არგონავტების ლაშქრობა – აქეური გავლენის ზრდის ტენდენციის ლოგიკურ დასასრულზე, კოლხთა სრული ასიმილაციის საფრთხეზე მიმანიშნებელი მოვლენა.
არგონავტების მითის მიხედვით, მედეა განასახიერებს კოლხურ-პელაზგური და აქეურ ღირებულებათა სისტემების დაპირისპირებაში, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, აიეტის ინიციატივით უკვე თვით კოლხეთშიც დარღვეული პარიტეტის აღდგენის მცდელობას. ეს გულისხმობს კოლხეთში აქეურ ღირებულებათა სისტემის ყოველგვარი გამოხატულებების ლიკვიდაციას, აქეთკენაა მიმართული მედეას ინიციატივა არგონავტებისადმი დახმარებაში ასახული. მისი შეწევნით იაზონი იოლად ასრულებს აიეტის დავალებებს, აყენებს მას ოქროს საწმისის დათმობის და მაშასადამე, კოლხეთში შესაბამისი კულტის ლიკვიდაციის იძულების წინაშე. აიეტის წინააღმდეგობის მიუხედავად მედეა, აფსირტეს გაწირვის ფასად, კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოტაცებით თვითონ აღწევს ამას. მედეამ (პრომეთეს ძალით), ოქროს საწმისთან ერთად, მუხას ჩამოაცილა გველიც, რითაც მუხა აღდგენილიქნა კულტის ობიექტის მნიშვნელობით.
ამრიგად, ოქროს საწმისის კოლხეთიდან გატაცება არის არა საგანძურის ან საიდუმლო ცოდნის გატანა, არამედ კოლხეთში აქეური ღირებულებათა სისტემის სათანადო კულტების ლიკვიდაცია, აიეტით განსახიერებულ თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციის დაძლევა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ოქროს საწმისი აქეურ სამყაროში მისი დაბრუნებით კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას – იქ, ის არავითარ სიახლეს არ წამოადგენს. აქეურ სამყაროში აქტუალურია თვითონ მედეას ფენომენი, რომლის აქტიურობა ეგეიდაში კოლხი ერის გავლენის ფაქტორის აქტუალიზაციას განასახიერებს.
მედეას ინიციატივით წარმოდგენილ, ეგეიდაში ღირებულებათა ორ სისტემას შორის პარიტეტის აღდგენის მცდელობას, აქ, იმთავითვე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ამ გარემოებას ასახავს, ოქროს საწმისის კოლხეთში დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, ფეაკიელთა მეფის, ალკინოის მოთხოვნით, მედეას იძულებითი ქორწინება იაზონთან, რომელიც აქამდე მხოლოდ მოკავშირე იყო მისი. ქორწინების შედეგად, აქეურ ღირებულებათა სისტემის მიხედვით, მედეა იქცა იაზონის ხელშეუხებელ საკუთრებად, მისი მდევარი კოლხებისთვისაც, რომლებიც ამავე ღირებულებათა სისტემის შესაბამისად მოქმედნი უნდა ყოფილიყვნენ, ამ (მდევართა) როლში.
მედეას მოქმედება სიყვარულით რომ ყოფილიყო მოტივირებული, მაშინ კოლხური ფლოტის მიერ არგონავტების დევნა საერთოდ აზრსმოკლებული იქნებოდა, რამეთუ ორფეოსი, რომელმაც, როგორც ქურუმმა, აღასრულა მედეას და იაზონის ქორწინების რიტუალი, კოლხეთშიც თან ახლდა არგონავტებს და, ამდენად, ამ რიტუალის აღსრულება შესაძლებელი იყო ნებისმიერ მომენტში. მედეა ქორწინებზე დათანხმდა მხოლოდ მაშინ, როდესაც კოლხურმა ფლოტმა არგონავტებს მეორე მხრიდანაც მოუჭრა გზა (ამჯერად, თესალიაში სამხრეთიდან დასაბრუნებელი) და ოქროს საწმისის კოლხეთში დაბრუნების აცილების სხვა საშუალება არ დარჩა.
იაზონის მეუღლის და, მითის მიხედვით, იოლკოსის სამეფო მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში მისი თანამებრძოლის სტატუსში, მედეა არა კოლხი ერის, არამედ, გარეგნულად (მხოლოდ გარეგნულად) აქეურ ღირებულებათა სისტემის შესაბამისად მოქმედ სუბიექტად წარმოგვიდგება. მისი საწყისი ინიციატივის საბოლოოდ ჩაშლა მედეას და იაზონის ორი ძის, როგორც კოლხურ-აქეური ორმაგი ეფექტის ფენომენის ორი კომპონენტის სამომავლო პერსონიფიკაციების, ბედით არის წარმოდგენილი. ამრიგად, ლოგიკურია მათი დახოცვა არა მედეას, არამედ მისით პერსონიფიცირებული ინიციატივის არ მიმღები აქეური საზოგადოების წარმომადგენელ, კორინთოს მოქალაქეთა მიერ.
მითის მიხედვით, კორინთოში განვითარებული მოვლენები მედეას ინიციატივის დათრგუნვის ტენდენციის უკიდურეს ზღვარამდე, პელაზგურ-კოლხურ ღირებულებათა სისტემის ყოველგვარი ფენომენური გამოვლენის სრული ლიკვიდაციის მცდელობამდე მიღწეულობას გამოხატავენ:
– იაზონი ცდილობს კორინთოს მეფის, კრეონტის ასულზე, გლავკაზე დაქორწინებას, თვითონ კრეონტი კი, მედას კორინთოდან წასვლას უბრძანებს. მედეა დროებით თავს აფარებს ათენს, სადაც მას, მეფე ეგეოსთან შეუღლების შედეგად შეეძინა ვაჟი, მედეონი, მაგრამ ათენში ეგეოსის უფროსი ძის, თეზევსის დაბრუნების შემდეგ იგი საბოლოოდ იდევნება ეგეიდიდან და, მითოსური ტრადიციის მიხედვით, მკვიდრდება მიდიაში. ეს რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კოლხურ სამყაროს და თრიალეთის კულტურის გავრცელების არესაც მოიცავს, როგორც მისი იგივური, მომთაბარე მესაქონლეობის კულტურის გავრცელების არის მნიშვნელობით. ამდენად, მედეას მისია ჩაშლილი ეგეიდაში გაგრძელებას პოულობს სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში, რაც აღნიშნავს ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში ორმაგი ეფექტის ლოკალური, კავკასიური ფენომენის ჩამოყალიბებას. ამის რეალური გამოხატულებაა საგარეჯოს რაიონში უკანასკნელ ხანს აღმოჩენილი მინოსური ხანის გრანდიოზული ნაქალაქარები, კოლხური კულტურის დიდ გავლენაზე მიმანიშნებელი არქეოლოგიური მასალით.