დიდ ინფლაციას ბევრი ქვიშა სჭირდება

დიდ ინფლაციას ბევრი ქვიშა სჭირდება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მკვეთრად გაზრდილ ფასებთან დაკავშირებული დაპირისპირება თანდათან პიკს აღწევს. პარალმენტში თუ მის გარეთ უკვე ყოველდღიურად ერთი და იმავე თემა ტრიალებს - ინფლაცია და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. უმრავლესობის წარმომადგენლები კანტი-კუნტად უაზრო კომენტარებს ან სულაც ქვიშას ეძებენ თავის ღრმად ჩასარგავად. რაც უფრო მზარდია ფასები, ხელისუფლებას მით უფრო ბევრი ქვიშა სჭირდება.

 

ქართული დასის ლიდერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით სამთავრობო საათის გამართვას ითხოვს. როგორც ბაღათურიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში არსებული ვითარება ძალიან მძიმეა, ფასები გაიზარდა და ხალხის მდგომარეობა დამძიმდა.

 

ბაღათურიამ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ სამთავრობო საათზე დაიბარონ პრემიერ-მინისტრი, რადგან 2 მილიონამდე ადამიანი პრაქტიკულად შიმშილობს და დეპუტატებს ასეთ ვითარებაში მოსვენების უფლება არ აქვთ.

 

დეპუტატის აზრით, ფასების ზრდა მონოპოლიებით არის გამოწვეული და აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს სასურსათო კალათს და მინიმალურ პენსიას. პედაგოგების საბაზისო ხელფასი კი აუცილებლად უნდა გაიზარდოს 500 ლარამდე. თუ ადამიანი პედაგოგია, ის მათხოვრად არ უნდა გამოიყურებოდეს, - განაცხადა ბაღათურიამ.

 

საპარლამენტო უმცირესობა კი სასურსათო პროდუქტზე ფასების კატასტროფულ ზრდასთან დაკავშირებით, პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.

 

მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ფასების ზრდას საქართველოში კატასტროფული მდგომარეობის შექმნა მოჰყვა, თუმცა ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობა მხოლოდ სტატისტის მდგომარეობაში აღმოჩნდა და მხოლოდ ფაქტებს ადასტურებს, - განაცხადა დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ.

 

თარგამაძის შეფასებით, მდგომარეობა მხოლოდ კატასტროფულად შეიძლება შეფასდეს და მისთვის გაუგებარია, ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკური წარმატებით რატომ ტრაბახობს. რატომ ვერ ხვდება იმპორტის პრემიერი, რომ მთავრობის სხდომაზე ერთხელ მაინც განიხილოს სასურსათო ფასების ზრდის პრობლემა?“ - კითხულობს თარგამაძე.

 

ლეიბორისტული პარტიამ ლაპარაკს საქმეც მოაყოლა და ზღვრული ფასების დაწესებას უკვე საკანონმდებლო დონეზე მოითხოვს. საამისოდ პარტიაში შესაბამისი კანონპროექტიც მომზადდა.

 

პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განაცხადებით, ქვეყანაში, ხელისუფლების დამსახურებით, მოსახლეობის სასურსათო გენოციდი მიმდინარეობს, რომლის შეჩერებაც საკანონმდებლო დონეზე მიღებული მკაცრი კონტროლით შეიძლება. საქართველოს მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდას და შიმშილი გარდაუვალია.

 

კანონპროექტის თანახმად, სამომხმარებლო ზღვრულ ფასებს თვეში ერთხელ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, რომელიც სავალდებულო უნდა გახდეს მეწარმე სუბიექტებისათვის.

 

ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოში სასურსათო საგნებზე მონოპოლია სახელისუფლებო ჯგუფებს აქვთ, რომლებიც ქვეყანაში სხვადასხვა მსხვილ  ბიზნესებს ფლობენ.

 

სამთავრობო ვერტიკალი მთლიანად მაფიოზურია და მთავარი კრიმინალების გამოვლენა პრეზიდენტის ოჯახიდან და პარლამენტარებიდან უნდა დაიწყოს.

ქვეყანაში ხორცისა და თევზის ბიზნესში აქტიურადაა ჩართული ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მამა, პურპროდუქტების ბიზნესს მთლიანად აკონტროლებს პარლამენტარი არჩილ გეგენავა, შაქრის ბიზნესში ინტერესები გააჩნია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს, ხოლო ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე სრულ კონტროლს ახორციელებს საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი, - აცხადებენ ლეიბორისტები.

 

ლეიბორისტების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უკვე გაეგზავნა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ინტერესებს, ნათელაშვილის თქმით, რომელიმე ოპოზიცონერი დაიცავს.

 

ამ აურზაურის ფონზე უმრავლესობის წარმომადგენლები კომენტარს ერთბაშად გაზრდილ ფასებზე კი აკეთებენ, არამედ ოპოზიციის ქმედებებზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციის პროტესტს ფასების კატასტროფულ ზრდასთან დაკავშირებით დებატების გაჩაღების და ცეცხლის დანთების სურვილად მიიჩნევს.

 

ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები არაკომპეტენტურობიდან გამომდინარეობს.

მაშინ, როდესაც მთავრობა რეალურად მუშაობდა, ამას ოპოზიცია სატელევიზო შოუებს უწოდებს. ისინი წამოწოლილები იყვნენ პლაჟებზე და ალბათ სიენენის-გან იგებდნენ, რა ხდებოდა, - განაცხადა ცისკარიშვილმა და ამით ფასების დარეგულირების საკითხი, მისი აზრით, ერთი ხელის მოსმით გადაჭრა.