საია გლობალ ტვ-ის   ქონების   დაყადაღებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს განცხადებას ეხმიანება

საია გლობალ ტვ-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს განცხადებას ეხმიანება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე დარიცხული ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ 2012 წლის 24 ივნისს გლობალ ტვ-ის დაყადაღებასთან დაკავშირებით, განცხადება გამოქვეყნდა. სადაც აღნიშნული განჩინების კანონიერება სხვა გარემოებებთან ერთად, შეფასებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151–ე მუხლის საფუძველზე და აღინიშნა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება მიღებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

საიას ინფორმაციით, აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ანტიკორუფციულმა საბჭომ სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სსსკ–ის 151–ე მუხლზე. ამის გათვალისწინებით, საიამ საჭიროდ მიიჩნია, რომ დამატებითი პოზიციის წარმოდგენისას მათი მსჯელობა  მხოლოდ სსსკ–ის 151–ე მუხლით შემოფარგლულიყო.

საიამ პირველ რიგში განიხილა ის შემთხვევები, რომელსაც სსსკ–ის 151–ე მუხლი განსაზღვრავს და ითვალისწინებს სამ ალტერნატიულ შემთხვევას, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლებელია ქონებაზე ყადაღის დადებას. მათ შორის საიას ცნობით, არის დაყადაღება, როცა არსებობს ქონების გადამალვისა, დახარჯვის ან ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვება, მეორე - ყადაღის დადება 323–330 და 3311 მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთღებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას. და მესამე - ყადაღა როცა არსებობს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის მიერ ქონების  მოპოვება.

საია მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება შეფასებულიყო როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისი, აუცილებელი იყო ყადაღის დადების განჩინებაში დასაბუთებული ყოფილიყო სამი ალტერნატივიდან ერთ–ერთი მაინც.

საქალაქო სასამართლოს განჩინებაში, რომელსაც ეყრდნობოდა საია–ს მიერ მომზადებული პირველი განცხადება, მითითებული იყო, რომ:

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“–ს ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომლებიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს უნდა დაედოს ყადაღა.“

„განჩინებაში წარმოდგენილი არ ყოფილა მსჯელობა სსსკ–ის 151–ე მუხლის რომელი ნაწილის არსებობა განაპირობებდა კონკრეტულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადებას. წარმოდგენილი არ ყოფილა არც იმ ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რაც სასამართლოსთვის ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს მომავალში დანაშაულის ჩადენისა და შესაბამისად, ქონების დაყადაღების საჭიროების შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, სსსკ–ის 151–ე მუხლი სამ ალტერნატიულ შემთხვევას იცნობს, რომელთაგან ერთ–ერთის არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება. შესაბამისად, სწორედ სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა განესაზღვრა არსებული ვითარება ქმნიდა თუ არა ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს და ამასთან, სასამართლოს მოვალეობა იყო ნათლად და ცალსახად მიეთითებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151–ე მუხლის რომელი ნაწილის საფუძველზე იღებდა ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ვერც ერთ ზემოთწარმოდგენილ შეკითხვას ვერ პასუხობს, იმის გასარკვევად თუ რა სამართლებრივ საფუძველს მოიაზრებდა მოსამართლე შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონების დაყადაღებისას.

„განჩინებაში, ქონებაზე ყადაღის დადების ერთადერთ საფუძვლად განსაზღვრულია ქონების გამოყენება დანაშაულის, კერძოდ ამომრჩევლის მოსყიდვის, ჩასადენად. სასამართლოს სხვა არგუმენტაცია განჩინებიდან არ იკითხება. სასამართლოს მხრიდან ნახსენები არ არის კორუფციული ქონება. მითუმეტეს არ არის წარმოდგენილი მსჯელობა ამომრჩევლის მოსყიდვას, კორუფციულ დანაშაულსა და კორუფციულ ქონებას შორის არსებულ კავშირებზე და მათ არსებობაზე კონკრეტულ საქმეში“, - განაცხადეს საიაში.

ბოლოს საია განმარტავას, რომ წარმოდგენილი მოსაზრებების მიზანი არ არის ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებული სამართლებრივი ანალიზის შეფასება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მასში წარმოდგენილი მსჯელობა სრულიად სხვა სიბრტყეზეა სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებასთან შედარებით. ამასთან, საია აცხადებს, რომ ანალიზში მოყვანილი არგუმენტაცია, მათი ხარისხის მიუხედავად, ვერ გამოდგება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების განსამარტად და მითუმეტეს, გასამყარებლად.