გიორგი ვაშაძე: ID ბარათების აღება არ არის ანტირელიგიური და ეს საპატრიარქომაც დაადასტურა

გიორგი ვაშაძე: ID ბარათების აღება არ არის ანტირელიგიური და ეს საპატრიარქომაც დაადასტურა

"მთავარი არის ის, რომ ID ბარათი არის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს რელიგიას, ჩვენს მრწამს არ ეწინააღმდეგება", - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ანტიკორუფციული კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ სინოდის მიერაც აღინიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომლის აღებაც ყველას შეუძლია.

„საქართველოს საპატრიარქომ ცალსახად განაცხადა, რომ ID ბარათი არ არის არაქრისტიანული“, - განაცხადა ვაშაძემ.

 აქვე მინისტრი აღნიშნავას, რომ მათ, ვისაც აქვს ძველი პირადობის მოწმობები, არ აქვთ ვალდებულება აიღონ ID ბარათები და აცხადებს, რომ ეს ვალდებულება მათ არც კანონში არ ჩაუსვამთ.

რაც შეეხება წმინდა სინოდის თხოვნას, რომ ID ბარათების გარდა ხელისუფლებამ პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული საშუალება დაუშვას, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ არ იცის და ყველა უნდა დაელოდოს წმინდა სინოდის ოფიციალურ განცხადებას. 

წმინდა სინოდს მიაჩნია, რომ სასურველია ხელისუფლებამ პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული საშუალება დაუშვას. ამის შესახებ წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სინოდის განჩინება ჟურნალისტებს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.
"წმინდა სინოდი აცხადებს, რომ სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ რადგანაც ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ შესაძლებელია დაშვებულ იქნას, ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები", - ნათქვამია განცხადებაში.