[ნინო მიქიაშვილი]
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საათზე მეტ ხანს ელოდნენ 23 წლის მომაკვდავი პატიმრის, იოსებ წიკლაურის მშობლები, ადვოკატი, უფლებადამცველები და ჟურნალისტები პასუხს იმაზე, თუ რატომ ჭიანურდება ასე უსაშველოდ დასკვნის გაცემა, რომლითაც 23 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს. ბიუროდან არც არავინ გამოსულა და არც ტელეფონით გაუციათ პასუხი, თუ რატომ არღვევენ კანონს და რატომ არ გადასცემენ პატიმრის მშობლებს და ადვოკატს დასკვნას, რომლის მიღების შემდეგ შეიძლება მიმართონ სასამართლოს, სასჯელის გადავადების მოთხოვნით.
18 ივლისს 12 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში, ახლადშექმნილი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, გია ცაგარეიშვილმა, ზურაბ წიკლაურთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელს კატეგორიულად მოსთხოვა მისცენ დასკვნა პატიმრის მშობლებს და ადვოკატს. დილით პარლამენტარები - გია ცაგარეიშვილიდ და დიმიტრი ლორთქიფანიძე უკვე წერილობით მოთხოვნას ჩააბარებენ, ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფისში.
აღსანიშნავია ის, რომ სანამ ბრიფინგი და შემდეგ აქცია დაიწყებოდა, იოსებ წიკლაურის უფლებების დამცველმა ადვოკატმა, ჯუმბერ მილორავამ წერილობით მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს. ასე რომ ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები დეტალურად და თან წერილობით არიან ინფორმირებულები. მანამდე ანალოგიური შინაარსის წერილები პატიმარ იოსებ წიკლაურის მამამ ჩააბარა, ზემოხსენებულ უწყებებში და მან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრის მშობლები ერთადერთ რამეს ითხოვენ - ექსპერტიზის ბიურომ გასცეს დასკვნა, რომლითაც 23 წლის ახალგარდას შეიძლება სასჯელი გადაუვადდეს.
პატიმრის მამის, ზურაბ წიკლაურის თქმით, მის შვილს ფეხბორკილი ადევს - ანუ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, მომაკვდავი ახალგაზრდა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს საწოლზე ბორკილებით ჰყავთ მიბმული, მაშინ, როცა ამ ადამიანს უჭირს მეტყველება, საკვებს ვერ იღებს და ფეხზე ვერ დგება.
დღეს, პატიმრის მშობლებმა, ადვოკატმა, პარლამენტარებმა, უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა, 23 წლის ახალგაზრდის გადასარჩენად, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთობლივი აქცია გამართეს. იქ იყვნენ: გია ცაგარეიშვილი, დავით ლილუაშვილი, დაჩი ცაგურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, რუსიკო მუმლაძე, ჯაბა ჯიშკარიანი. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები: „მოგვეცით ექსპერტიზის დასკვნა! ნუ მომიკლავთ შვილს! გადავარჩინოთ 23 წლის იოსებ წიკლაურის სიცოცხლე!“ აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.
19 აგვისტოს, დილით პატიმრის მამა, ზურაბ წიკლაური, ადვოკატ ჯუმბერ მილორავასთან ერთად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივა და კიდევ ერთხელ მოითხოვს დასკვნას.
ამასთან, 19 ივლისს 15 საათზე, ვაკეში, სახალხო დამცველის ოფისთან ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვინც 23 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ამ აქციის ორგანიზატორია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენელი, დავით ლილუაშვილი, რომლის განმარტებითაც ისინი შეეცდებიან მიიღონ პასუხი სახალხო დამცველისგან იმაზე, თუ რისი გაკეთება ხელეწიფება ამჟამად გიორგი ტუღუშს, იოსებ წიკლაურის სიცოცხლის გადასარჩენად.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მედია-კავშირ „ობიექტივში“ დარეკა ზურაბ წიკლაურმა და დახმარება ითხოვა. როგორც მან აღნიშნა, შვილის მონახულების უფლებას არ აძლევდნენ. მისი თხოვნის საფუძველზე, „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელი, ჯუმბერ მილორავა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში დაუყოვნებლივ მივიდა და მოგვიანებით, სახალხო დამცველის რწმუნებულთან ერთად ავადმყოფი პატიმარი მოინახულა.
როგორც ჯუმბერ მილორავამ გვითხრა, მათი შეშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტელეფონით დაუკავშირდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას.
ასე ჩაერთო იოსებ წიკლაურის საქმეში ჯუმბერ მილორავა. მან 16 აგვისტოს წერილობით მიმართა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, კონკრეტული კითხვებით, რომელიც ბუნებრივია, მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა. ადვოკატმა პასუხი დაუყოვნებლივ მიიღო. ცნობაში „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №1159” შავით თეთრზე წერია, რომ „ავადმყოფი ფილტვების ტუბერკულოზით ავად არის 2010 წლიდან“. ანუ, დაკავებისას მას ტუბერკულოზი არ სჭირდა და იგი ციხეში დაავადდა.
იოსებ წიკლაური 2009 წლის 30 ივლისს გორში დააკავეს და სასჯელის შეკრებითობის პრინციპით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ხულიგნობა და იარაღის უკანონო ტარება დასდეს.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბლანკზე დაბეჭდილ წერილში, რომელზეც იმ კითხვებზეა პასუხი გაცემული, რომელიც ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ დასვა, წერია, რომ „მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და კეთილსაიმედო პროგნოზის გაკეთება რთულია“.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით წიკლაურებმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელშეკრულება 6 ივნისს გააფორმეს და თანხაც (230 ლარი ) გადაიხადეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ჟურნალისტებს დაგვირიგეს.
ხელშეკრულების მეორე მუხლის მეორე პუნქტში გარკვევით წერია, რომ ვალდებულები არიან დასკვნა 30 დღის განმავლობაში გასცენ - „საექსპერტო, ან სპეციალური სამუშაო იწყება დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო მასალების წარდგენის, ანდა ობიექტზე დაშვების დღიდან და მთავრდება 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში“.
ამავე დოკუმენტის მეოთხე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ „შემსრულებელი ვალდებულია ხარისხიანად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში“. ანუ 30 დღის ვადაში. დღეს 18 აგვისტოა, 23 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნას გაცემას აჭიანურებს და თან ისე, რომ არც განმარტებას აკეთებს, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ, ჟურნალისტებმა ვცადეთ დაკავშირება ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, მაგრამ ვერც ეს შევძელით.