თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედის, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორის, რობერტ სტურუას, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან ქსენოფობიური გამონათქვამების საბაბით გათავისუფლება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეპყრობა თავისუფალ აზრს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, სხვათა შორის, თუ მისი ცალკეული გამონათქვამების მიხედვით ვიმსჯელებთ, თვითონ არის ქსენოფობიისაკენ მიდრეკილი.
ეს ფაქტი, ჯერ ერთი, სააკაშვილის პირადი შურისძიების გამოვლინებაცაა, რაც ასევე ორგანულადაა მისთვის დამახასიათებელი და, მეორეც, მკაფიოდ ავლენს სააკაშვილის პანიკურ შიშს კონიუნქტურისა და პოლიტიკურ-იდეოლოგიური ჩარჩოებისაგან თავისუფალი ხელოვნებისა და ხელოვანთა წინაშე.
სააკაშვილს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ რობერტ სტურუას ამ გადაწყვეტილებით რამეს დააკლებს, რადგან თვითონ თანამდებობის გარეშე უპერსპექტივო არსებობისთვისაა განწირული. ისტორია კი დიდ შემოქმედთან სააკაშვილისა და მისი მმართველობის სამარცხვინო, ნეობოლშევიკური მეთოდებით ბრძოლასაც სათანადოდ შეაფასებს.
„ქართული აკადემია“ თანადგომას უცხადებს ბ-ნ რობერტ სტურუას და გამოთქვამს რწმენას, რომ ჩვენი დროის გამოჩენილი ხელოვანი ახალი შთამბეჭდავი სპექტაკლებით გაამდიდრებს როგორც ქართულ, ისე მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებას.