[მანანა ნოზაძე]
„სვაბოდაზე ვარ! The Freedom! – ეს ქართველი ამერიკელებისთვის“, – აღნიშნა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან მისი გათავისუფლების შესახებ Facebook-ზე გაკეთებულ კომენტარში. ალბათ ამ „ქართველ ამერიკელებში“ გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილიც იგულისხმა. ამ უკანასკნელმა ხომ მის სპექტაკლებში ვერაფერი ღირებული ვერ დაინახა და მეტიც, „ფაშისტური“ გამონათქვამების გამო სტურუას სპექტაკლების ბოიკოტირებაზე ალაპარაკდა.
აღსანიშნავია, რომ რობერტ სტურუა, თითქმის, ყველა ცნობილი რეჟისორის კარიერისთვის თანამდევ ასეთ ფინალს ელოდა კიდეც. მართლაც, ის არ ყოფილა გამონაკლისი და მასაც დაატოვებინეს საყვარელი თეატრი. ოღონდ აქ განსხვავება ერთია, ამ შემთხვევაში, რეჟისორებს შორის შემოქმედებითი პაექრობა და ამის გამო თეატრიდან გაძევება არაფერ შუაშია. უბრალოდ, ხელისუფლებამ ამჯობინა, სტურუას გარეშე შეხვედროდა ახალ თეატრალურ სეზონს, რადგან მის მიერ გამოთქმული თამამი შეხედულებები, როგორც სპექტაკლებში, ისე ვერბალურ დონეზე, მათ უკმაყოფილებას იწვევდა. ხელისუფლებისთვის ამას მხოლოდ მხილების ელფერი დაკრავდა.
ბოლო რამდენიმე წელიწადია, თამამი შეხედულებების გამო რობერტ სტურუას მორალურად დასჯას ცდილობდნენ. არსენალში სხვადასხვა სასჯელი იყო: სპექტაკლების ბოიკოტირება, მისი რასისტის ფსევდონიმით შემკობა... თეატრთან განშორების შიში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაწერილ სტურუასეულ ჩანახატებშიც იკითხება.
„ზოგჯერ ღამით მეღვიძება და შეშინებული ვიხსენებ ჩემს ბოლო სპექტაკლებს, ვაითუ, გამომაძევეს იმ საოცარი სამყაროდან, ვაითუ განვიკურნე და ცხოვრებას აუღელვებლად გულგრილად ვუყურებ“, –წერდა რობერტ სტურუა.
ერთგან კი ეს დიდი რეჟისორი აცხადებდა, „ბუნებით მებრძოლი არ ვარ, უფრო მორცხვი ვარ. თუმცა, მიუხედავად ამ თვისებისა, არასოდეს მიღალატია სიმართლისთვის... ეს სიმორცხვე ხომ უნდა გადავლახო რაიმეთი? ამაში თეატრი მეხმარება. ამიტომაც სპექტაკლებზე საკმაოდ თამამი, ხელაღებული და ზოგჯერ ხულიგანიც კი ვარ“.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა რობერტ სტურუას გათავისუფლებას მის მიერ გამოთქმულ „ეთნიკურ მეტაფორებს“ უკავშირებს. მინისტრის თქმით, სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ხოლო ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს.
ნიკა რურუას თუ ვერწმუნებით, „ტირაჟირებული ქსენოფობიის“ გამო რობერტ სტურუას მწვანე შუქი ჩაუქრეს და თანაც ბოლშევიკები და ნაცისტები გაუხსენეს.
„ადამიანების დაყოფა კლასებად – ეს იყო, რასაც აკეთებდნენ თვის დროზე ბოლშევიკები და ეს იცის ბატონმა სტურუამ, ის იცნობდა ბოლშევიკებს, ამას აკეთებდნენ თავის დროზე ნაცისტები“, – განაცხადა მინისტრმა.
მსახიობი გია ბურჯანაძე პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსახიობების უმეტესობა კომფორმისტია და საკუთარი ცოლ-შვილის დაჭერაზეც კი ხმას არ ამოიღებს, რომ არაფერი ვთქვათ, რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვებაზე.
როგორია თქვენეული ვერსია, რატომ გაათავისუფლეს რობერტ სტურუა სამსახურიდან?
– რობერტს არ სურს, და რომელ ქართველს სურს, რომ საქართველოს სომეხი პრეზიდენტი ჰყავდეს? ან კიდევ, სომხებს უნდათ, რომ ქართველი ჰყავდეთ პრეზიდენტად? მარტო სომხობა რომ იყოს, კიდევ არაფერი, მაგრამ ქვეყანას ანგრევს ეს კაცი და რობერტი სწორედ ამას ამბობდა. ვერ აიტანეს ავტორიტეტული ადამიანისგან მხილება. ერის სირცხვილია, როდესაც რობერტს ათავისუფლებენ სამსახურიდან. მაინტერესებს, რა ნამუსით აკეთებენ ამას? 10-20 წლის შემდეგ რას ეტყვიან საკუთარ ოჯახებსა და შთამომავლებს?
როგორ ფიქრობთ, რობერტ სტურუას თეატრიდან ჩამოცილება ნიკა რურუას დონეზე გადაწყდა?
– რამე წყდება სააკაშვილის გარეშე? ანდა, საერთოდ, რომელიმე ხელისუფალი ცალკე რამეს წყვეტს? ხელისუფლება არის ერთი. არ არსებობს, რურუა კარგი ბიჭია და თურმე მიშაა მარტო ცუდი. სააკაშვილით დაწყებული და ელემენტარული „პადიეზდის ნასედკებით“, კოორდინატორებით დამთავრებული, სუყველა დამნაშავეა, თანაც მარტო რობერტის წინაშე კი არა. რობერტს რა უჭირს, იგი ბედნიერი კაცია, რომ ამდენი რამ შექმნა და მსოფლიო სახელი აქვს. ვაი, ჩვენს მომავალ თაობას და ვაი, იმ ერს, სადაც ასეთი ხელისუფლებაა, დაწყებული პრეზიდენტისგან, დამთავრებული „პადიეზდის ნასედკებამდე“, რომლებიც ამას ჩადიან.
ბატონ რობერტს საქართველო არ ეთმობოდა და საზღვარგარეთული მიწვევების მიუხედავად, ძირითადად ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობდა.
– მსოფლიოში ყველა თეატრის კარი ღიაა რობიკოსთვის. ამხელა შემოქმედი ყველას სჭირდება, ქართველებისა და უფრო სწორად, საქართველოს ხელისუფლების გარდა. თორემ ქართველებს როგორ არ სჭირდებათ? ძალიანაც გვჭირდება ეს დიდი რეჟისორი და ნეტავ, ბევრი მისცეს საქართველოს ყველა სფეროში სამი-ოთხი რობერტისნაირი.
თქვენი აზრით, სად გააგრძელებს მოღვაწეობას?
– სად უნდა გააგრძელოს? რობერტი სპექტაკლებს დადგამს – ეს იქნება თბილისში თუ სადმე სხვაგან. ნეტავ, სულ თბილისში დადგას სპექტაკლები. წესით, კარგმა რეჟისორმა სხვაგანაც უნდა დადგას სპექტაკლები. ეს ჩვენი, საქართველოს სახელია.
თეატრალური საზოგადოება რამდენად კონსოლიდირებული იქნება და დაუჭერს თუ არა მხარს რობერტ სტურუას?
– თეატრალური საზოგადოება არასდროს ყოფილა კონსოლიდირებული, რადგან მათთან 100 კაცში 80 კაცი არის კომფორმისტი. ასე რომ, თეატრალური საზოგადოების კონსოლიდაციას ნუ ეძებთ. პიროვნებები წყვეტდნენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს თეატრალურ საზოგადოებაში. რეჟისორთა გილდია კი არ გაუთავისუფლებია ხელისუფლებას, არამედ გაათავისუფლეს რობერტ სტურუა, ამაშია საქმე. ხელისუფლების ლოგიკით, ეს ნიშნავს, რომ, თუ შეიძლება რობერტს შეეხონ, დანარჩენი ვიღა არის ავტორიტეტული? ამიტომაც სუყველას შეეხებიან. ეს მარტო ამ სფეროში კი არა, ყველა სფეროში ასე მოხდება.
განსხვავებულად მოაზროვნე ხელოვანი ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლების მორიგ ტალღას კიდევ ელით?
– თავიანთ ხელქვეითებსა და შემსრულებლებს დააძალებენ, რომ ამა და ამ პიროვნებასთან გააგრძელონ ხელშეკრულება, სხვასთან კი არ გააგრძელონ და ისინიც ჩამოიშორებენ ნიჭიერ ადამიანებს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ რომელიმე ხელოვანი დაიჩაგრება ამის გამო, თავად ხელისუფლება დაიჩაგრება, როდესაც ასეთ რამეს აკეთებს და ცუდია ეს ქვეყნის სახელისთვის. მაგრამ, მთავარია, რომ უბედურია ის ერი, რომელიც ამ ყველაფერს იტანს. ასეთ ერს მომავალი არ აქვს და დაფიქრდნენ ახალგაზრდა თაობები ამაზე. რობერტმა თავისი სიცოცხლის მანძილზე ძალიან დიდი კვალი დატოვა მსოფლიო კულტურის ისტორიაში. ვაი, იმ უბედურებს, ახალგაზრდები რომ მოდიან და დღეს რომ ძიგძიგებენ სადღაც კლუბებში, ანდა, რომ ეტმასნებიან და ეტენებიან ზოგიერთებს. ამ შემთხვევაში, ხელოვან ადამიანებს ვგულისხმობ.
რაც შეეხება სომხების თემას, უამრავი კარგი სომეხი არსებობს. უბრალოდ, კაცმა თქვა, მე არ მინდა, საქართველოს სომეხი პრეზიდენტი ჰყავდეს, ისევე, როგორც სომხებს არ უნდათ, ჰყავდეთ ქართველი პრეზიდენტი. განა გერმანელებს უნდათ, ჰყავდეთ თურქი კანცლერი?! რა არის ამაში გასაკვირი? მაგრამ მარტო ეგ არ არის, არამედ ყველაფერი ის, რასაც რობერტი საერთოდ აფიქსირებდა. გახსოვთ ალბათ, მან ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო განსხვავებული აზრის გამოთქმა – შიში ტრიალებსო საზოგადოებაში. როდესაც ასეთი დონის ხელოვანი და ავტორიტეტი ამოიღებს ხმას, ამის შემდეგ ძნელია, თქვა, რომ, ის დაჩაგრული ადამიანია და სწორედ ეს ალაპარაკებს. სხვათაშორის, ყველა ნიჭიერი ადამიანი ლაპარაკობს სიმართლეს. სწორედ დაჩაგრულები და მონები არიან ჩუმად, რადგან უფრთხილდებიან თავიანთ ლუკმას. თორემ ნიჭიერ კაცს რა გააჩერებს, ნიჭიერი კაცი იმისთვისაა, რომ უნდა ილაპარაკოს, თუმცა ნიჭიერებშიც არიან კომფორმისტები.
მისმა სპექტაკლებმა ხომ არ გააღიზიანა ხელისუფლება?
– 1975 წელს დადგა რობიკო სტურუამ „კავკასიური ცარცის წრე“, მანამდე 1974 თუ 1973 წელს დადგა „ყვარყვარე“. ამ სპექტაკლის ნაწყვეტები თუ გაქვთ ნანახი, ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ბრეჟნევი დაცანცარებდა, „გონკებს“ აწყობდა, ისეთ ჯანზე იყო. საბჭოთა კავშირი კი ანგრევდა ქვეყანას და მსოფლიო ჰეგემონად ითვლებოდა. ანდროპოვი და კაგებე მძლავრობდა, აი, მაშინ დადგა რობიკომ „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდი“... კომუნისტები იყვნენ და მათ არ გაუბედავთ ასეთი რამის გაკეთება. ჩვენი ხელისუფალნი კი ძალიან პატარები არიან, რადგან ავტორიტეტების ეშინიათ. რობერტი ძალიან დიდი ავტორიტეტია, მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. იცით, ამას რამხელა რეზონანსი ექნება მისი გათავისუფლების ამბავს, მსოფლიოში რომ გაიგებენ? რადგან ათ საუკეთესო რეჟისორთა შორისაა რობიკო დასახელებული. ახლა რომ შეიტყობენ, რომ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი თეატრიდან გამოაგდეს რობიკო, მერე იხტუნაონ სააკაშვილმა და რურუამ.
რით ახსნით იმ ფაქტს, რომ მსახიობები კომფორტმისტები არიან?
– ეს იმით აიხსნება, რომ მსახიობები მეტწილად უნიჭოები არიან და უნიჭო კაცი თავის პატარა ლუკმას უფრთხილდება. რობიკოს გამო კი არა, ცოლ-შვილი რომ დაუჭირონ, იმაზე არ ამოიღებენ ხმას. სოსო ჯაჭვლიანი უკანონოდ იყო დაჭერილი, 30 დღე შიმშილობდა, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე გახლდათ და მაშინ არ მოაწერეს მსახიობებმა ხელი. რობიკოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი კი, საბედნიეროდ, არ დგას, არამედ ეს არის ქართველების ღირსების ამბავი. თორემ რობიკოსთვის ეს დიდი პრობლემა არ არის. სიმართლე ვთქვათ, მსახიობები გმირებს რომ თამაშობენ სცენაზე, მართლა გმირები ნუ გგონიათ. ვინც გმირია, ისედაც ყველამ იცის, ვინ არის. გმირობას არ უნდა განსაკუთრებული სპეციალობა. მსახიობია ეს მათემატიკოსი, მენაგვე თუ სპორტსმენი, გმირი გმირია, მას პროფესია არ აქვს. თუმღცაღა, მე ვთვლი, რომ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით ხმის ამოღება გმირობა კი არ არის, ეს თითოეული მოქალაქის ვალია, რათა უსამართლობის წინააღმდეგ და სამშობლოს მომავლისთვის იბრძოლოს.