[ნინო მიქიაშვილი]
ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, 23 წლის მსჯავრდებული, იოსებ წიკლაური მეხუთე დღეა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება - მას ტუბერკულოზის მძიმე ფორმა და სეფსისი აქვს. როგორც პატიმრის მამამ, ზურაბ წიკლაურმა გვითხრა, მისი შვილი საპატიმროში შესვლამდე სრულიად ჯანმრთელი იყო და ახლა მისი მშობლები ერთადერთი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
16 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მედია-კავშირ ”ობიექტივში” მსჯავრდებულის მამამ, ზურაბ წერეთელმა დარეკა და დახმარება ითხოვა. როგორც მან აღნიშნა, შვილის მონახულების უფლებას არ აძლევდნენ. მისი თხოვნის საფუძველზე, ”ობიექტივის” ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელი, ჯუმბერ მილორავა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში დაუყოვნებლივ მივიდა და მოგვიანებით, სახალხო დამცველის რწმუნებულთან ერთად ავადმყოფი პატიმარი მოინახულა.
როგორც ჯუმბერ მილორავამ გვითხრა, მათი შეშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტელეფონით დაუკავშირდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას.
ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ”ობიექტივის” გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ჩვენ 23 წლის პატიმრის მამას ვესაუბრეთ. ამ ეტაპზე ზურაბ წიკლაური ერთადერთ რამეს ითხოვს - ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრიდან დასკვნის დროულად მიღებას. იგი იმედოვნებს, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მის ერთადერთ შვილს სასამართლო სასჯელს გადაუვადებს, რა დროსაც მას შვილის სათანადო მკურნალობის და გამოჯანმრთელების იმედი აქვს.
ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ყოფნისას, ”ობიექტივმა” შეიტყო ისიც, რომ დეკემბრიდან თებერვლამდე ამ საავადმყოფოდან 14 პატიმარი გამოასვენეს, რომელთა ასაკი 30-დან 40 წლამდე მერყეობდა. ეს ინფორმაცია ყოფილმა პატიმარმა, სახელად ანზორმა მოგვაწოდა, რომელიც ამჟამად ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მკურნალობს. მან ამ ფაქტის ირგვლივ ვიდეოკამერის წინ, ღიად ისაუბრა. ამ ჩანაწერის მოსმენას და ყურებას ”ობიექტივის” ვებგვერდზე უახლოეს დღეებში შეძლებთ.
რაც შეეხება 23 წლის იოსებ წიკლაურს - მამის, ზურაბ წიკლაურის განმარტებით, იგი 2009 წლის 30 ივლისს, საკუთარ დაბადების დღეზე დააკავეს. მანამდე იგი პრობაციონერი იყო - პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და პოლიცია 11 საათის შემდეგ გარეთ გამოსვლას უკრძალავდა. 2009 წლის 30 ივლისს, ღამის თორმეტის ნახევარზე დააკავეს, მოგვიანებით გაასამართლეს და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გამოყენებით, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ზურაბ წიკლაური ადვოკატ ჯუმბერ მილორავასთან ერთად ხვალ, 17 აგვისტოს, 20 საათზე ”ობიექტივის” პირდაპირ ეთერში, მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ დააკავეს მისი ერთადერთი შვილი, როგორ აღმოჩნდა მის საქმეში ავტომატი, როგორ და სად დაავადდა იოსებ წიკლაური და ახლა როგორ დაატარებენ უმძიმეს ავადმყოფს აქეთ-იქით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ პატიმრის მამის და მისი უფლებების დამცველი ადვოკატის საუბარი პირდაპირ ეთერში ნახოთ და მოისმინოთ, შემდეგ ინტერნეტმისამართზე www.obieqktivi.net და რადიოეთერში, FM 105.0-ზე.
ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, მსჯავრდებული მოინახულა სახალხო დამცველის რწმუნებულმა. მან ჩვენს კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა და სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, ნინო ერემაშვილთან გადაგვამისამართა. ”ობიექტივის” პროდიუსერი ნინო ერემაშვილს ტელეფონით ესაუბრა და სთხოვა ხვალინდელ გადაცემაში სტუმრად მოვიდეს სახალხო დამცველი, ან მისი ის რწმუნებული, რომელმაც მსჯავრდებული იოსებ წიკლაური მოინახულა.
როგორც ერემაშვილმა გვითხრა, 17 აგვისტოს, სამუშაო საათებში საქმის ვითარებას გაეცნობა და გვეტყვის შეძლებს თუ არა სახალხო დამცველი, ან მისი წარმომადგენელი ჩვენს ეთერში მოსვლას და საუბარს.