„ირაოს“ ხელმძღვანელობას დაპატიმრებებმაც ვერ ასწავლა ჭკუა

„ირაოს“ ხელმძღვანელობას დაპატიმრებებმაც ვერ ასწავლა ჭკუა

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

პრესაგე.ტვ-ის რუსთავის სს. N1 დიაგნოსტუკური ცენტრის თანამშრომლები დაუკავშირდნენ. მათი თქმით უკვე ორი თვეა რუსთავში სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შემსრულებელი  კომპანია „ირაო“,  მათ კუთვნილ თანხებს არ ურიცხავს. მედპერსონალი სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ანაზღაურებას ითხოვს. 

პრესაგე.ტვ აღნიშნული არაოფიციალური ინმფორმაციის გადამოწმებას შეეცადა.

„შემიძლია გითხრათ, რომ დაჭერების შემდეგ, რომელიც ახლო წარსულში სადაზღვევო კომპანიებში განხორციელდა, სიტუაცია ბევრად გამოსწორდა. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ თვე-თვეზე იხდიან. არის გარკვეული დავებიც, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივია სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევოს ურთიერთობისთვის. რაც შეეხება „ირაოს“, რომელიც სახელმწიფო დაზღვევას ახორციელებს შემიძლია კიდევ ერთხელ დავაზუსტო რამდენი თვის დავალიანება აქვს ჩვენი“ – ამბობს,  რუსთავის სს. N1 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ბესიკ სარიშვილი.

ორ წუთში ბრუნდება და საუბარს აგრძელებს. „სამწუხაროდ „ირაოს“ ორი თვის დავალიანება აქვს დღეის მდგომარეობით. თუმცა, სიტუაცია ზამთარში ბევრად უარესი იყო. ახლა კიდე გამოსწორდნენ“. -  დასძენს სარიშვილი.

მისი თქმით  „ირაოსთან“ და სხვა სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ზამთარში სხვა მიზეზითაც ეძაბებათ.

„მოგეხსენებათ ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციები აქტიურდება და შესაბამისად მომართვიანობაც იზრდება. ამ დროს სადაზღვეო ქმნის პრობლემებს. გვედავება, თუ  საიდან მოვიდა ამდენი პაციენტი და ა.შ. თუმცა ეს დავები მოგვარებადია“ – ამბობს ბესიკ სარიშვილი.

„ირაოს“ მუშაობით კმაყოფილია რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, პაპუნა ბახტაძე.  „ირაო  არის საუკეთესო გადამხდელი იმ სადაზღვეოებთან შედარებით, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ერთი წელია ჩვენი კუთვნილი თანხები არ გადმოუგზავნია  „არქიმედეს“. ასევე ჩვენთან არაკეთილსინდისირად თანამშრომლოს „ალფა“. რაც შეეხება, „ირაოს“ , მას ბოლო ორი თვის თანხა სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულების მომსახურებისთვის, ჩვენთვისაც ჩასარიცხი აქვს. ეს დაგვიანება, მათი ბრალი არაა. სახელმწიფოსგან როგორც კი წამოვა ამ თვეების დაფინანსება გადაგვიხდიან“. - გვითხრა ბახტაძემ.

„ირაოს“ მხრიდან, აღნიშნული პროგრამით დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის დაგვიანებაზე ინფორმაციის მისაღებად, მათ წარმომადგენელს რუსთავში, ხათუნა ცხვედიაშვილს ვუკავშირდებით. ცხვედიაშვილთან საუბარში ვიგებთ, რომ რეგიონში „ირაოს“ სამედიცინო წარმომადგენელს ჩვენ უკვე ვესაუბრეთ.

აღმოჩნდა, რომ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე თავადაა ირაოს თანამშრომელი და მათი სამედიცინო წარმომადგენელი ქვემო ქართლში.

ამ შემთხვევაში გასაგები ხდება, რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელისგან განსხვავებით ბახტაძე, რატომ არ გამოთქვამს უკმაყოფილებას „ირაოს“ მიმართ.

ჩვენ ბახტაძის საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ „ირაოს“ ივნის-ივლისის დაგვიანება სახელმწიფო თანხების „გადმოურიცხაობით“ არის გამოწვეული  ჯანდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ.

 

„ჩვენ არასოდეს, ერთი თეთრის გადაგზავნაც არ დაგვიგვიანია „ირაოსთვის“. არც ახლა და არც ზამთრის თვეებში. მინისტრის მოადგილე ესაუბრა ამ წუთას ამ საკითხთან დაკავშირებით „ირაოს“ ხელმძღვანელს და ის აღშფოთებულია. ალბათ, პრობლემა სადაზღვევოსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის არსებობს.

ჩვენ, ჩვენის მხრივ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თანხას აღნიშნული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისთვის დროულად ვაგზავნით – ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნიკა ჩანადირი.

„ირაოსა“ და ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარების მოსმენის შემდეგ ჩვენ მეორედ მივდივათ რუსთავის სს. N1 დიაგნოსტიკური ცენტრში.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ „ირაოს“ სახელმწიფო დაზღვევის მქონე მოქალაქეებისთვის, ჩვენს მიერ გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის ორი თვის თანხა აქვს გადმოსაგზავნი. როგორც მოგეხსენებათ ,,ირაოს” ახლორციელებს რუსთავში აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამას. როდესაც ვუკავშირდები და ვთხოვ თანხის დროულ გადმოგზავას მეუბნებიან, რომ ფული ჯერ სახელმწიფოს მხრიდან არ არის მათთვის ჩარიცხული. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ დავალიანების არსებობაში, შეუძლია მობრძანდეს და შესაბამის დოკუმენტაციას გავაცნობ.

მე არ ვიცი რა ხდება, სახელმწიფო აგვიანებს ჩარიცხვას, თუ რაიმე სხვა მიზეზებია. ფაქტია, რომ უკმაყოფილო და უხელფასო ექმიმებთან მიწევს ყოველდღე ურთიერთობა. წმინდა ადამიანური გაგებით არ მინდა სასამართლოში ვიჩივლო. ყველანი მაინც კოლეგები ვართ, მაგრამ ეს საქმე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს“. - ამბობს ბესიკ სარიშვილი.

ასეა თუ ისე, მაინც გაურკვეველი დარჩა ვისი ცუდი მუშაობის შედეგად ემსახურებიან სოციალიურად დაუცველ რუსთაველებს უხელფასო ექიმები.