სომხებმა დააკონკრეტეს, თუ რატომ სურთ გარეგინ მეორის გადადგომა

სომხებმა დააკონკრეტეს, თუ რატომ სურთ გარეგინ მეორის გადადგომა

[მარიამ ლოლაშვილი]

სოციალურ ქსელ Facebook-ზე მოქმედმა სამოქალაქო ინიციატივის წევრებმა, სახელწოდებით „მოვითხოვთ კათალიკოსის გადადგმას“ სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, სადაც დააკონკრეტეს, თუ რატომ სურთ გარეგინ მეორის გადადგომა.

სომხებს საკუთარი კათალიკოსის მიმართ მრავალრიცხოვანი პრეტენზია დაუგროვდათ. თუმცა იმ აურაცხელ პრობლემათა მიუხედავად, რის გამოც სომხები საკუთარი კათალიკოსის გადადგომას ითხოვენ, მიმართვა მხოლოდ რამდენიმე პუნქტით შემოიფარგლება.

„იმის გამო, რომ ოპონენტთა მხრიდან ჩვენს მიმართ მხოლოდ უსაფუძვლო და დემაგოგიური განცხადებები ისმოდა, საჭიროდ მივიჩნიეთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი მოთხოვნების შესახებ,“ ნათქვამია სომხური სამოქალაქო ინიციატივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.    

განცხადებაში ჩამოთვლილია ის შვიდი ძირითადი პუნქტი, რის გამოც გარეგინ მეორე უნდა გადადგეს. კერძოდ:

1. კათალიკოსის გულგრილობა სომხური ენისა და სომეხი ხალხის მომავალთან დაკავშირებით, რაც იმ დროს გამოჩნდა, როცა სომხურ ენასთან მიმართებით პარლამენტის მიერ მოღალატურ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების დამტკიცებისას კათალიკოსმა სრული დუმილი არჩია.

სამოქალაქო ინიციატივის წევრების თქმით, „განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ პირველი  პუნქტის მნიშვნელობა, რადგანაც საუკუნეების მანძილზე სწორედ სომხური ენა და მესროპის დროინდელი დამწერლობა იცავდა სომეხ ერს, ხოლო ჩვენს ეკლესიას ეროვნულობას სძენდა. ამ კანონპროექტის მიღებით სომხეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ და კათალიკოსის დუმილით გამოხატულმა გულგრილობამ ჩვენი ერის დაღუპვის ნიადაგი შექმნა“.

2. შუა საუკუნეების სომხურ ეკლესია-მონასტრებთან მიმართებით კულტურული გენოციდის მოწყობა (ევრორემონტის სახით), რაც გარეგინ მეორის აღსაყდრების დროიდან განხორციელდა.

3. სასულიერო პირების კორუმპირებულობა, რაც სომხეთის ეკლესიის მომავალს საფრთხეს უქმნის.

4. უდიდესი ბარიერის შექმნა სომხურ ეკლესიასა და ხალხს შორის, რაც ასუსტებს ეკლესიას და სხვადასხვა სექტანტურ ორგანიზაციას სტიმულირების საშუალებას აძლევს.  

5. ადამიანებში ეკლესიისადმი უნდობლობისა და უპატივცემულობის ფორმირება, რომლის მიზეზიც აშკარაა.

6. სომხურ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ჩამოყალიბებული არაბუნებრივი და ეჭვის გამომწვევი „ძმობა“.  

7. ეკლესიის ჩართვა ბიზნესის სამყაროში.

ამ შვიდპუნქტიანი ინიციატივის ავტორები ეროვნული საეკლესიო საბჭოსაგან ზემოთჩამოთვლილი საკითხების შესახებ წერილობით განმარტებას მოითხოვენ.  

როგორც აღვნიშნეთ, სომხებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა გარეგინ მეორის მიერ 2010 წლის ივნისში სომხურ ენასთან დაკავშირებით გამოჩენილი გულგრილობა, რაც კათალიკოსის წინააღმდეგ ბრალდებათა პირველ პუნქტში დააფიქსირეს კიდეც. როცა სომხები საკუთარი პარლამენტის მიერ ენასთან დაკავშირებით კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ და მთელი ერევანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, გარეგინ მეორე დუმდა. იმ დროს კი ერევანში გაკრული იყო ლოზუნგები: „შეინარჩუნე შენი გენი და შენი ენა“. სომხები მრავალათასიან მიტინგებს აწყობდნენ და თავიანთ ქვეყანაში ყველა უცხოური სკოლის, მათ შორის, რუსულის გახსნას ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი განათლების მინისტრის გადადგომასაც მოითხოვდნენ, რომელმაც უცხოენოვანი სკოლების გახსნის იდეა წამოაყენა.

სხვათაშორის, სომხეთი ერთადერთია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, სადაც უცხოენოვანი სკოლების გახსნა იკრძალება, რადგან სომხები ამას საკუთარი ენის შეურაცხყოფად და უპატივცემულობად აღიქვამენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ მღელვარების ფონზე, გარეგინ მეორე საკუთარ ხალხთან არ დადგა.  

რაც შეეხება ძველი ისტორიული ძეგლებისადმი გულგრილობას, ამის გამო გარეგინ მეორეს ლამის ანათემა მოუწყეს. კათალიკოსს არ აინტერესებდა მთებში მიტოვებული ეკლესიები. არადა, ისტორიული ძეგლები (და არა მხოლოდ საკუთარი) სომხების განსაკუთრებული ტკივილია. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიაში იწერებოდა და დღესაც იწერება აშოტ პოღოსიანის რეპორტაჟები ციკლიდან „მიტოვებული სომხეთი: საეკლესიო ძეგლების, ისტორიისა და კულტურის გაჩანაგება“. სტატიათა ციკლში ავტორი საუბრობს სომხეთის მთებში უყურადღებოდ მიტოვებულ სანაინის მონასტერზე, რის გამოც გარეგინ მეორემ სომხების უკმაყოფილება დაიმსახურა. 

ამ რეპორტაჟების ციკლში მოხვდა ახტალაც, როგორც უპატრონოდ მიტოვებული მონასტერი. სომეხი მეცნიერის სამოელ კარტაპეტიანის თქმით, 90-იან წლებში თითქოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აქტიური პოლიტიკა დაიწყო არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთშიც მდებარე „სომხური“ ძეგლების მისათვისებლად. რეაქციული მეცნიერის მტკიცებით, თითქოს ქართველებმა, სხვა „სომხურ“ ძეგლებთან ერთად სათავისოდ სწორედ ახტალა შეარჩიეს და „სომხური ქალკედონური მონასტრები“ საკუთარ სიაში შეიტანეს. 

სომხური გადმოცემის თანახმად, ეს სწორედ ის ახტალის მონასტერია, სადაც ინახებოდა წმიდა ჯვარი, რომლითაც იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა.  

სინამდვილეში, ეს ის ახტალაა, რომელიც (კახეთს გარდა) საქართველოსგან წართმეულ ლორეში (ლორე-ტაშირის რეგიონში) მდებარეობს, ორჯონიკიძემ სომხებს რომ გადაულოცა. ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ახტალის სამონასტრო კომპლექსის დაარსება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. მართალია, ვახტანგ გორგასლის დროინდელი ეკლესიის კვალი აღარ არსებობს, მაგრამ სწორედ აქ დაუარსებია გორგასალს აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა. 1920-იან წლებამდე ლორე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობისა და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად ითვლებოდა, რომ არა ორჯონიკიძის გულუხვობა...