[ჯი-ეიჩ-ენი]
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრის ბრძანება #1/64-ში, რომელსაც მინისტრი ნიკოლოზ რურუამ ხელი მოაწერა 2011 წლის 9 აგვისტოს.
რობერტ სტურუა თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს სოციალური ქსელშ "ფეისბუქში" ერთი სიტყვით - "მომხსნეს" - ადასტურებს.
ინფორმაცია რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებას სურდა მისდამი კრიტიკული პოზიციის გამო რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან წასულიყო, რის გამოც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმებას გეგმავდა.
შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო თავად რობერტ სტურუასთვისაც. სტურუა აღნიშნავდა, რომ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება.
"არ ვმალავ ჩემს შეხედულებას, ხოლო, ხელისუფლება კრიტიკულ აზრს ვერ იტანს", - აცხადებდა სტურუა და აღნიშნავდა რომ სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას შესაძლოა, სწორედ მის გამო აუქმებენ, ამიტომ, კოლეგების წინაშე თავს დამნაშავედ მიიჩნევს. "ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ ამ თანამდებობას გააუქმებენ, თეატრიდან წავალ. მე თეატრიდან წასვლას არ ვაპირებ, სულ არ მაღელვებს რა მერქმევა", - განაცხადა სტრურუამ.
სახელმწიფო თეატრების საქმიანობას „სახელმწიფო თეატრების შესახებ კანონი" არეგულირებს, რომლის მიხედვითაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა.
რობერტ სტურუა 1938 წელს თბილისში, ცნობილი მხატვრის რობერტ სტურუას ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი - მისი სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.
1965 წელს რუსთაველის თეატრისსცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის. სეილემის პროცესი, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა.
თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, რომელიც ასევე თანამედროვე ქართული თეატრის გამოჩენლ რეჟისორთან თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგა.
მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა მის სპექტაკლს „ხანუმა".
1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება "რობერტ სტურუას თეატრი".
მას გამორჩეული აღიარება მოუტანა პ. კაკაბაძის „ყვარყვარემ", ბ. ბრეხტის კავკასიური ცარცის წრემ (1975), და უ. შექსპირის რიჩარდ III-მ (1979).
1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერია სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება თ. ჭილაძის როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის (1980), მ. შარპოვის ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე(1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის ვარიაციები თანამედროვე თემაზე (1981), რ. იბრაგიმბეკოვის დაკრძალვა კალიფორნიაში (1983) და ა.შ.
1987 წელს სტურუა დგამს მეფე ლირს.
1994 წელს სტურუა გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დგამს სპექტაკლს იაკობის სახარება. 1996 წელს იქმნება ლამარა, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილისპიესის მიხედვით დადგმული მერე რა, რომ სველია სველი იასამანი.
1998 წელს ახალგაზრდა რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუა დგამს კ. გოცის პიესას ქალი-გველი. ამავე წელს მოსკოვშითეატრ "სატირიკონში" იდგმება სტურუას ჰამლეტი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი.
2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში "Et cetera" იდგმება შეილოკი (უ. შექსპირის ვენეციელი ვაჭრის მიხედვით).
რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია. საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996), სსრკ სახელმწიფო პრემია (1979), რუსეთის ფედერაციის სახელწიფო პრემია (2000), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976), შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981), მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია (1997), ალ. ყაზბეგის სახელობის პრემია (1999) და სხვა. 2008 წელს სტურუა დაახელებულ იქნება წლის ადამიანად და "ოქროს პერგამენტის" ლაურეატი გახდა.