ნუთუ არ შეგვიძლია მშვიდად თანაცხოვრება?

ნუთუ არ შეგვიძლია მშვიდად თანაცხოვრება?

[The Economist   ჯი. ი]

რუსეთ-საქართველოს ომი, სამი წლის შემდეგ

ახლახანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიხეილ სააკაშვილს „პათოლოგია და ქართველებს შორის ანომალია უწოდა“. საქართველოს პრეზიდენტი „უზრდელია“ დასძინა ლავროვმა.

ნუ გაკიცხავთ, მან მხოლოდ მისი პრეზიდენტის მაგალითს მიბაძა. ხანგრძლივ ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სააკაშვილი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს და რუსეთი არ აღადგენს საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს მანამ, სანამ ის ხელისუფლებაში იქნება.

მედვედევმა ასევე ივარაუდა, რომ აშშ გარკვეულ როლს თამაშობდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხანმოკლე ომში და ზოგიერთ ამერიკელ სენატორს, რომლებმაც ახლახანს რუს ჯარისკაცებს მოუწოდეს, დატოვონ საქართველოს აჯანყებული აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის რეგიონები, „ასაკოვნები“ უწოდა.

მიუხედავად ამისა, რუსული სტანდარტებით, ეს განცხადებები მაინც საკმაოდ თავშეკავებული გახლდათ. სამი წლის წინ, მაშინ როდესაც რუსული ტანკები ქართულ არმიას მიწასთან ასწორებდნენ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სააკაშვილს „კვერცხებით“ დაკიდებდა.

ჩუმად არც ქართველები დარჩნენ. რუსეთი – ამტკიცებდა გუშინ სააკაშვილი – კვლავ 2008 წლის ომს აწარმოებს. ის უარს ამბობს სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაზე და საქართველოს მთავრობის დამხობა უნდა – სთქვა მან. საქართველოს მთავრობის სპიკერმა დასძინა, რომ ბატონი მედვედევი „დასავლური კონსპირაციით“ ცდილობს „ეთნიკური წმენდის და ოკუპაციის“ გამართლებას.

დრო თითქოს ყველაფრის მკურნალია, მაგრამ „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის“ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ფაქტობრივად გაუარესდა.

ეს ორი ქვეყანა კვლავ ვერაფრით ვერ თანხმდება აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის თემაზე. რამდენიმე დღის წინ ბ-მა პუტინმა ისიც კი არ გამორიცხა, რომ სამხრეთ-ოსეთი შეიძლება რუსეთის ფედერაციას შეუერთდეს, თუმცა საქართველო ასევე წუხს რუსეთის მზარდ სამხედრო წარმომადგენლობაზე ორივე რეგიონში: მაგალითად, თბილისისთვის დარტყმაა ცხინვალთან, სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქთან ახლოს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების განთავსება. ამავდროულად, რუსეთის დაჟინებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს საქართველოს კონფლიქტის ნაწილი არ არის, ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაბრკოლებაა.

ბრალდებები და კონტრ-ბრალდებები სურათს კიდევ უფრო ამძიმებს. თბილისი ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოში აგენტურულ ქსელს მართავს და ომის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით ათობით ადამიანი გაასამართლა. 9 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ჟურნალისტი დააპატიმრეს. თავდაპირველად ისინი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდნენ, თუმცა მოგვიანებით დანაშაული აღიარეს, რაც ვიდეო ჩანაწერის სახით ტელევიზიით გადაიცა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებამ აღიარებები ზეწოლის გზით მოიპოვა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ჯაშუშომანია“ მთავრობის საიდუმლო დღის წესრიგის ნაწილია. ჩინოვნიკები ორივე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

საქართველოს მთავრობა ჩივის, რომ მოსკოვი ოპოზიციის რადიკალურ წევრებს აფინანსებს, რომელთა ქუჩის დაუმორჩილებელმა აქციებმა მაისში ვერ შესძლო სახალხო აჯანყების გაღვივება. ის ასევე ამბობს, რომ რუსეთი დგას იმ აფეთქებების სერიის უკან, რაც საქართველოში გასული წლის განმავლობაში განხორციელდა. ერთი 2010 წლის სექტემბერში, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მეორე კი, ორი თვის შემდეგ, ამერიკის საელჩოსთან მოხდა. ამერიკის დაზვერვის სამსახურის ჩინოვნიკი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ამ ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთის აგენტია, თუმცა მათ უშუალოდ კრემლისთვის ხელი არ დაუდიათ. 28 ივნისს საქართველოს სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით 15 ადამიანი გაასამართლა.

რუსეთი საკუთარ წყენას ელოლიავება. ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ საქართველო ეხმარება ისლამისტ მებრძოლებს რუსეთის არასტაბილურ ჩრდილოეთ-კავკასიაში, თუმცა უცხოელ დიპლომატებს ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ უნახავთ. რა თქმა უნდა, საქართველო უარს არ იტყვის რუსეთს მგრძნობიარე ადგილებში ტკივილი მიაყენოს. შარშან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა ჩრდილოეთ-კავკასიას მოუწოდა მიბაძოს „საქართველოს სვლას“ თავისუფლებისკენ.

ჩრდილოეთ-კავკასიის მოქალაქეებისთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, ვიდრე ორი თვის შემდეგ ქართველმა ჩინოვნიკებმა რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქეზე არ გაავრცელეს. მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1860 წლის მოვლენებს ჩერქეზთა გენოციდი უწოდა. მოსკოვის თვალში ეს 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობა იყო.

თუმცა ქვეყნები მაინც ახერხებენ თანამშრომლობისთვის გზების გამონახვას. საქართველო განაგრძობს ექსპორტს რუსეთში, რომელიც მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან სიდიდით მეხუთეა – ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და სასოფლო- სამეურნეო პროდუქციაზე რუსეთის ემბარგოს მიუხედავად. რუსული კომპანიები დღემდე სდებენ ინვესტიციებს ქართულ ეკონომიკაში, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში. შარშან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარესიებიც აღდგა.

შემდეგი დიდი ტესტი – რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების წინადადებაა, რაშიც მას საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება. მსო-ში გაწევრიანებისთვის, რუსეთმა უნდა გააუქმოს ებარგო ქართულ პროდუქციაზე, რაც თავის მხრივ საქართველოს მყიფე ექსპორტის სფეროსთვის სერიოზული სარგებელია. ამ საკითხში ერთი შებრკოლების ლოდი საქართველოს წინადადებაა, რომელიც თავის საბაჟო კონტროლს მოითხოვს რუსეთს, აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს შორის საზღვრებზე.

გასულ თვეში, მოლაპარაკებებში, რომელშიც შუამავლები შვეიცარელი დიპლომატები არიან, ბ-მა ლავროვმა არ გამორიცხა, რომ შეთანხმება საბაჟო პუნქტებთან დაკავშირებით „რეალიზებადია“, მაგრამ ბატონი მედვედევის თქმით, რუსეთი არ უარყოფს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარების ფაქტს საქართველოს მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ორ ქვეყანას შორის, მთელი რიგი ძალიან სერიოზული წინააღმდეგობებია, მაგრამ ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი გვიჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ თანაცხოვრება როცა ამას მოისურვებენ – მიუხედავად მოსკოვის შინაგანი სიძულვილისა სააკაშვილის მიმართ და ორივე მხარისთვის გაცილებით სასარგებლოა გაუმჯობესებული ურთიერთობები. ამიტომ, როგორც „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი“ ამტკიცებს, სულ უფრო მეტი საფუძველი არსებობს წყენის გვერდზე გადადებისა და შეხების წერტილების ძიების დასაწყებად.
foreignpress