[ნინო მიქიაშვილი]
იმაზე, თუ ვინ არის „ბურატინოს სახლის“ მთავარი არქიტექტორი; როგორ ინგრევა და შენდება ისტორიული ღირებულების მქონე შენობები ბათუმში; როგორი ფიგურები ხიბლავს მიხეილ სააკაშვილს; სად აშენებს ახალ რეზიდენციას და რა დაჯდა „ეშმაკის ბორბლის“ ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, „ობიექტივი“ ბათუმში ერთდღიანი სტუმრობისას შეხვდა და ესაუბრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თანათავმჯდომარეს, ავთო ბერიძეს, რომელიც ამავდროულად, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს წევრია.
დამეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ბათუმში ახლადაშენებულ და რეაბილიტირებულ თითქმის ყველა შენობას მინარეთის ფორმის წაწოწოლავებული ფიგურები ადგას თავზე?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მთავარ არქიტექტორს აზიური სტილი - მინარეთის მაგვარი წოწოლიკები ძალიან მოსწონს. შიგადაშიგ, ეგრეთ წოდებული ლუკავიცა, ანუ ხახვისებური ფორმებიც გამოურიეს.
ვინ არის ბათუმის მთავარი არქიტექტორი?
- ამ წუთას ბათუმს ნომინალურადაც და იურიდიულადაც მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს. ეს თანამდებობა 2-3 თვეა თავისუფალია და ასე რომც არ იყოს, მას ვინ შეეკითხება რამეს?! დღეს ფაქტიურად ბათუმის „მთავარი არქიტექტორი“ არის მიხეილ სააკაშვილი.
გაივლის ქუჩაში, შეხედავს რაღაცას, არ მოეწონება და ბრძანებს - „არ დავინახო ხვალ მე ეს აქ“. მიადგებიან მითითებულ შენობას და აწმინდავენ. ანდა იტყვის - „რას ჰგავს ეს? ამას დააშენეთ ერთი სართული“, ან ვთქვათ, „გაუკეთეთ ეს“. პირდაპირ დავალებებს იძლევა. ამას ზეპირად არ ვამბობ, ის ერთ კაცს კი არა, 10-15-ს ელაპარაკება. ვიღაცას ესმის და შემდეგ ეს ამბავი გარეთ გამოდის.
მემედ აბაშიძისა და გამსახურდიების ქუჩების კვეთაში, კონსტიტუციური სასამართლო, რომ არის, იმის გამოღმა იყო ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლი, სახელმწიფო ბანკის შენობა, რომელზეც ამ ჩვენმა ქალაქის „არქიტექტორმა“ რაღაცეების დაშენება მოინდომა. იქ ახლაც რომ მიხვიდეთ და იკითხოთ რა შენდება, ვერავინ გიპასუხებთ.
ერთ მშვენიერ დღეს ალბათ, სახელმწიფო ბანკის შენობასთანაც ჩაიარა ამ ჩვენმა „არქიტექტორმა“, განკარგულება გასცა და ეს ისტორიული ღირებულების მქონე შენობა „ბურატინოს სახლად“ გადააქცია - წოწოლიკა ქუდები ჩამოაცვეს, ტროტუარზე გამოვიდნენ და წინ მომრგვალებული ფორმის ნაგებობა, კოშკი მიაშენეს. ამას არ დასჯერდა, ახლა შიშველი კაცების ქანდაკებები მოიტანა და ზედ მიაწება.
თან მოოქროვილი, ხომ?!
- ყოველ შემთხვევაში, ასე გამოიყურება – მე არ მომიფხეკია და ზუსტად ვერ გეტყვით. საერთოდ, ამ კაცს შიშველი ადამიანის ფიგურა მოსწონს. თეატრის წინ ხომ დადგა ასეთი ფიგურა?! რომ გავივლი, იქით მხარეს არ ვიყურები. თავს ნამეტანი ჩამორჩენილად არ ვგრძნობ, მაგრამ უბრალოდ, მეუხერხულება. არიან ადამიანები, რომლებიც იმ ფიგურასთან დგებიან და ფოტოს იღებენ, რომლებიც შემდეგ „ფეისბუქში“ მინახავს. უბრალოდ, სირცხვილია და მეტი არაფერი - იმასთან რა გადამაღებინებს სურათს, როცა ირგვლივ ასეთი მშვენიერი ბუნებაა?!
სახლში წიგნი მაქვს, რომელზეც „ბურატინოს სახლია“ დახატული. სახელმწიფო ბანკის ყოფილი შენობა ახლა ძალიან ჰგავს „ბურატინოს სახლს“, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. ეს შენობა დამთავრებული არ არის, უკანასკნელი შტრიხები კეთდება, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად რაღაც ახალი ემატება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს „მთავარ არქიტექტორს“ ახლა ეს შენობა აღარ მოსწონს, რადგან ვინც კი ჩამოვიდა და შეხედა, ყველამ დაიწუნა - „ეს რას გავსო?!“
ურეზიდენციოდ რჩება?
- არა ბატონო, ახლა ამბობენ, რომ კიდევ ერთ ისტორიულ შენობას დაადგა თვალი - ყოფილ პირველ საავადმყოფოს, სადაც ადრე საქართველოში ნომერი პირველი ტროპიკული ინსტიტუტის შენობა იყო განთავსებული. აი, შეხედეთ, ყველაფერი დაანგრიეს და მხოლოდ გალერეა დატოვეს. ჩამოუვლია და უთქვამს - „აქ მინდა რეზიდენციაო“.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი აქვს, რომელიც განიხილეს და დაამტკიცეს. იტყვის „გამიკეთეთ!“ და დამთავრდა – ყოველგვარი პროექტის გარეშე. მერე დააბრალებენ იმ იტალიელს, რომელიც იღლიაში ამოდებული ჰყავს - აქ ერთი კაცია, რომელსაც ყველგან დაარბენინებენ, „ეს არის არქიტექტორიო“. შეიძლება ეხმარება რაღაცაში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბათუმს არქიტექტორი არ ჰყავს, აჭარას თავისთავად.
ყოფილი პირველი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, როგორც ჩანს ხედს გაუფუჭებს და ამიტომ, უბრძანებია - „წინ ერთი კვარტალი უნდა აიწმინდოსო“. ჩემი ანგარიშით 50-60 ოჯახს იქიდან ალბათ, აყრა მოუწევს. რა ენაღვლება მოსახლეობა?!
საგარეო სესხს ვღებულობთ და შემდეგ იმას უაზრობაში ვხარჯავთ. მე ასე მგონია - ოჯახისთვის ფულს რომ ვისესხებ, იმით არავითარ შემთხვევაში ეზოში ასფალტს არ დავაგებ. ეზოში ჭანჭყოფში შეიძლება ვიარო და ფული კი ვისესხო, ღმერთმა ნუ დამაჭირვოს და წამლისთვის, ან საჭმლისთვის, ძალიან თუ მომშივდება. მაგრამ ჩვენს სახელმწიფოში ცოტა სხვანაირადაა - ვიღაც-ვიღაცეებმა თვალი, რომ ასეირონ და გული გაიხარონ, ამისთვის იხარჯება მილიონობით ლარი. ხომ ნახეთ ხუთმილიონნახევრიანი ნალი?
რა ნალს გულისხმობთ?
- ხუთმილიონნახევარი ლარი დაჯდა ახალი შეიხის ქუჩაზე რკინის „არკა“, რომ დგას. ბათუმელები ნალს ვეძახით. შიგ რკინაა, მეტი არაფერი. საკრებულოში უმრავლესობა ხუმრობდა, „შიგნით ოქროა და რომ დაგვემალა, იმიტომ დაჯდა ხუთმილიონნახევარიო“.
„ეშმაკის ბორბალის“ ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა მილიონნახევარი, რომ დაჯდა, ეს იცით?!
უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სად გადაიტანეს „ეშმაკის ბორბალი“?
- სად და „რედისონთან“. ეს სასტუმრო თქვენ გახსნილი ხომ არ გგონიათ?! –„რედისონი“ არ მუშაობს.
ხომ გახსნეს?
- გახსნეს, მაგრამ მხოლოდ ფასადი.
ნუ, ალბათ, მეორედაც გახსნიან.
- რატომ მეხუთედ არა?! „შერატონი“ ხუთჯერ გაიხსნა. ჯერ მშენებლობა გახსნეს, შემდეგ სართულების აყვანა, მერე ფასადი და ასე შემდეგ. დაქირავებულ პერსონალს „რედისონში“ უთხრეს, „სამსახურში 15 აგვისტომდე ნუ გამოხვალთო“. ამ წუთას „რედისონი“ არ მუშაობს, თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ. ფასადის გახსნის დღეს სასტუმროს მეორე სართულზე კონფერენცია ჩაატარეს და ევროპელი სტუმრები სიცხისგან კინაღამ დაიხრჩვნენ, რადგან კონდიცირების სისტემა არ იყო. ეს იმ ღამეს მოხდა, გია ბარამიძეს ფეხი, რომ მოტყდა.
რამდენად ახლოსაა სიმართლესთან, აუზში მომხდარი ინცინდენტი?
- ხალხი ამბობს და სხვათა შორის, პაპარაცები...
თქვენ ნახეთ იმ დღეს გადაღებული კადრები, ან ფოტოები?
- არ მინახავს. ამბობენ, რომ ვინც გადაიღო, ის ციხეში შეაგდეს და მერე გამოუშვეს. „შერატონის“ აუზი, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე უკანონოდაა შეჭრილი, ალბათ, ნანახი გაქვთ - აუზი შემოღობილი არ არის, იქ ღია სივრცეა, შეგიძლიათ დადგეთ და უყუროთ.
როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ გაუძალიანდა სუსტი სქესის წარმომადგენელი - „ღია სივრცეში ვართ. აქ უხერხულიაო“ და ამაზე ამტყდარა ერთი ამბავი. ახლა მაგას ნუღარ მომაყოლებთ, ინტერნეტი აჭრელებულია მაგ ამბებით. მე არ მიყურებია, მხოლოდ გადმოცემით ვიცი და რომ მოხდა, ამის მხილველები არიან, რადგან იმ ბულვარში დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდეც ხალხია. იქ ხალხი დადის, სეირნობს, ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას. ჰოდა, ყვირილის და ჩხუბის ხმა გაიგონეს, დაინახეს, რაც მოხდა და გამოვიდა ეს ამბავი. სხვათა შორის, ბულვარში არის დაცვის პოლიცია, რომელიც ღამით პატრულირებს. ანუ ბევრ ადამიანს ესმის, რაც ხდება და ბევრიც ხედავს.