რატომ აშინებთ სომეხ ქალებს რუსი ქალები?

რატომ აშინებთ სომეხ ქალებს რუსი ქალები?

[მარიამ ლოლაშვილი]

სომხეთი მოსახლეობისგან იცლება. ამ ინფორმაციას კი სომხეთის ხელისუფლება უმალავს როგორც საკუთარ ხალხს, ისე ისტორიულ მტრებს, განსაკუთრებით - აზერბაიჯანლებს. სომხეთში გოგონების გათხოვების შანსი სულ უფრო ნაკლებია, შობადობა კი მამაკაცების გადინების კვალდაკვალ, მცირდება. სომხეთი ამაზონების იმედად რჩება. ყველაფერ ამის ფონზე უცნაურია დიადი სომხეთის მომავალზე ფიქრი და გაუგებარია ჯავახეთის სომხურ პროვინციად გამოცხადება.

სანამ რეაქციულად განწყობილი სომხების ნაწილი მეზობლების კუთვნილი მიწების დაპატრონებაზე ოცნებობს, საკუთარი ქვეყანა უპატრონოდ რჩებათ.       

ამერიკული გამოცემა Huffington Post-ი იტყობინება, რომ სომხეთიდან მამაკაცების მიგრაციამ მასობრივი ხასიათი მიიღო. უკეთესი ცხოვრების საძიებლად ყოველწლიურად სომხეთს 60 ათასი მამაკაცი ტოვებს. ამან კი ახალი ფენომენი წარმოშვა: სომხეთის სოფლები თითქმის მხოლოდ ქალებითაა დასახლებული.

როგორც წესი, სომეხი მამაკაცები რუსეთში მიეშურებიან, რათა თავიანთი ოჯახები და შვილები უზრუნველყონ. Huffington Post-ის ცნობით, სომეხმა ორშვილიანმა დედამ დასავლელ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სომეხი ქალები შიშობენ, მათმა მეუღლეებმა რუსეთში მეორე ოჯახები არ შექმნან, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე.   

ბი-ბი-სის ცნობით კი, სომხეთის მცხოვრები მილენა კაზარიანი აღიარებს, რომ მართლაც, სომეხი ქალები დაშინებულნი არიან.  

„ყოველ დილა-საღამოს ვურეკავთ მეუღლეებს, რათა გავარკვიოთ, რითი არიან ისინი დაკავებულნი. ძალიან ძნელია, იმარჩიელო, დაგვიბრუნდებიან თუ არა ისინი. ბევრი ქალი ღელავს, რადგან ფიქრობენ, რომ რუსეთში ყველა ქალი ლამაზია. პრობლემა კი ისაა, რომ ჩვენი ქმრები ძალიან ბევრს მუშაობენ და რასაკვირველია, დასვენება სჭირდებათ. აი, რატომ არიან სომეხი ქალები შეშინებულნი,“ - აცხადებს მილენა კაზარიანი.  

სომეხი ქალების თქმით, მათი სურვილია, სომხეთში სამუშაოები შეიქმნას, რათა მამებმა ნახონ, როგორ იზრდებიან მათი ბავშვები. „ოჯახი მხოლოდ დედისგან არ შედგება, ჩვენს შვილებს მამებიც სჭირდებათ“, - აღნიშნავენ სომეხი დედები.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, მამაკაცების უკმარისობა უკვე შობადობაზეც აისახა და სომხეთში გაცილებით ნაკლები ბავშვი იბადება. მართალია, სომხეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ ადგილობრივი საზოგადოება და დემოგრაფიის სპეციალისტები შეშფოთებულნი არიან. სომხეთში გოგონების ახალი თაობა იზრდება, რომელთაც გათხოვების შანსი აღარ აქვთ, რადგან მამრობითი სქესის ყველა ახალგაზრდა ქვეყანას ტოვებს.

შობადობასთან ატეხილი განგაშის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი შეეცადა, მასობრივი მიგრაციის მონაცემები შეემცირებინა და სახელმწიფოს მხრიდან შობადობის მხარდაჭერაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, მიგრაცია სულაც არაა ისე ფართო, როგორც ამას ადგილობრივი მედია აღნიშნავს.

„დღესდღეობით სომხეთში მუდმივად სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ორი ამდენი კი საზღვარგარეთაა. ეს ჩვენი ხალხის მობილურობაზე მიუთითებს, რადგან მათ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება,“ - ციტირებენ სომხური სააგენტოები ტიგრან სარქისიანის ინფორმაციას.

სარქისიანის აზრით, მრავალი სომეხი მამაკაცი სეზონურ მუშად მიემგზავრება რუსეთში და ისინი მალევე დაუბრუნდებიან სამშობლოს.  

რაც შეეხება სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს, იგი მოსახლეობისგან სომხეთის დაცარიელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. ამასთან, სერჟ სარგსიანი არც თავის მტრებს - აზერბაიჯანლებს ივიწყებს და მათ გასაგონად აცხადებს, რომ ისინი სომხებისგან ქვეყნის დაცლას ვერ მოესწრებიან.

„სომხეთის დაცარიელებასთან დაკავშირებული აბსურდული თეზისი ჩვენს პოლიტიკურ მინდორზე უკვე გაცვდა და უნებურად გადაიქცა აზერბაიჯანის „იდეა ფიქსად“, რომელიც მუდმივად იმეორებს, რომ იმ დღეს მოესწრებიან, როცა სომხეთი დაცარიელდება და ჩვენთან პრობლემებს თავად გადაწყვეტენ. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო თეზისია, რომელიც ღიმილს იწვევს“,  - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.   

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მიგრაციის შესახებ ზუსტი მონაცემები მხოლოდ მოსახლეობის აღწერის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც მალე ჩატარდება.

მართალია, სომხეთში შობადობის გაუმჯობესების მიზნით, მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს 430 ათას დრამას აძლევს, რაც 1100 დოლარია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. სომეხი დემოგრაფი რუბენ ეგანიანი ქვეყანაში შობადობის შემაშფოთებელ რიცხვს პროგნოზირებს უახლოეს ათ წელიწადში.     

ეგანიანი შობადობის პრობლემას სომხური ოჯახის მოდელის ცვლილებასაც უკავშირებს. თუ საბჭოთა პერიოდში სომხურ ოჯახში ორი ან სამი ბავშვი იზრდებოდა, დღესდღეობით მხოლოდ ერთი შვილის ყოლას ამჯობინებენ.   

ცნობისთვის, დღესდღეობით სომხეთში მუდმივად 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლამდე მათი რიცხვი 4 მილიონი იყო, 6 მილიონი სომეხი კი ამჟამად საზღვარგარეთაა.

სომხებმა ყველაზე შორეული ამერიკის მიწა-წყალიც აითვისეს. თავის დროზე ამერიკაში შექმნილ სომხურ დიასპორაზე რომ არაფერი ვთქვათ, უკანასკნელ წლებში გადინებულმა სომხებმა სამხრეთ ამერიკასაც მიაკითხეს. მარტო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში 100 ათასი სომეხი ცხოვრობს. მათ შორის, სომხები უპირატესობას ანიჭებენ არგენტინას, ბრაზილიასა და ურუგვაის. მათთვის ახლა მთავარია, ამ ქვეყნებში შეინარჩუნონ სომხური სკოლები, რადგან ბავშვებს თითქმის დაავიწყდათ სომხური ენა.

მართალია, სომეხ დემოგრაფებს მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება აფრთხობთ, მაგრამ, თუ სხვადასხვა ქვეყნებში სომხების მრავალრიცხოვან დიასპორას გავითვალისწინებთ, მათ არც ისე საგანგაშოდ უნდა ჰქონდეთ საქმე. გავრცელებული ინფორმაციით, მარტო მეზობელ თურქეთში, კერძოდ, სტამბულის 15 მილიონიან მეგაპოლისში, 70 ათასი სომეხი ცხოვრობს. ამასთან, თურქი-სომხები ახალი სამშობლოს დატოვებას სულაც არ აპირებენ.