5 ივლისს მოლდოვაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ეს იყო რიგით მეხუთე არჩევნები 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც მოლდოვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოლდოვაში ირჩევდნენ 898 მერს და 11.740 ადგილობრივი საკრებულოს წევრს, მათ შორის 1118 მეორე დონის და 10.622 პირველი დონის წევრს 4 წლის ვადით.
საბჭოების წევრები აირჩევიან პროპორციული სისტემით, მერები კი ორ რაუნდიანი მაჟორიტარული სისტემით. იმისათვის, რომ არჩევნები შედგეს, აუცილებელი პირობაა მოსახლეობის 25%-იანი აქტივობა.
წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი უღიმღამოდ აიღო, თუმცა ბოლო ეტაპზე საკმაოდ აქტიური ხასიათი მიიღო. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ფოკუსი კეთდებოდა ადგილობრივ საკითხებზე და კარდაკარ შეხვედრებზე, აქტიურად მიმდინარეობდა მცირე ჯგუფებთან შეხვედრები, პოსტერებისა და ფლაერების დარიგება და ა.შ. ზოგიერთმა მონაწილემ უპირატესობა უფრო აქტიურ ტექნიკებს მიანიჭა, როგორიცაა ამომრჩევლებთან მაილით, ინტერნეტის საშუალებით და ტელეფონით კონტაქტი.
არჩევნების მიჯნაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაერთიანება გადაწყვიტა. ალიანსი ჩვენი მოლდოვა გაერთიანდა ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან, ლიბერალური პარტია კი ევროპულ მოძრაობასთან. არასაპარლამენტო პარტიებმა „გაერთიანებული მოლდოვის პარტია“ და „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ და მოძრაობამ „ახალი ძალა“ ჩამოაყალიბა ბლოკი „მესამე ძალა“. ექსპერტთა შეფასებით ზემოთ ნახსენები კოალიციების შექმნის საჭიროება დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 2007 წელს კომუნისტურმა პარტიამ მოიპოვა ქალაქების მერებისა და საკრებულოს დეპუტატების ადგილების დაახლოებით 1/3. შესაბამისად, ამჟამინდელ არჩევნებში მსგავს გაერთიანებებს შესაძლოა გაეწია უფრო დიდი კონკურენცია მოლდოვის კომუნისტური პარტიისათვის.
არჩევნების დღეს მოლდოვაში გაიხსნა 1955 საარჩევნო უბანი, რომლებიც მუშაობდნენ 07:00-დან 21:00 საათამდე. ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 2.7 მილიონი ადამიანია შესული, ხოლო არჩევნებისთვის 7.5 მილიონი ბიულეტენი დაიბეჭდა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მოსახლეობის აქტივობამ 54% შეადგინა. არჩევნებს აკვირდება 130 საერთაშორისო და 1000-ზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი.
რაც შეეხება შედეგებს, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო ხმათა მეოთხედი მერების არჩევნებში, მას მცირედ ჩამორჩება კომუნიტური პარტია (23.78), მესამე ადგილზე 21.67%-ით კი მოლდოვის დემოკრატიული პარტიაა. საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია ლიბერალურმა პარტიამაც და მოიპოვა ხმათა 11.58 %. სოციალ-დემოკრატებმა და სახალხო ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა დაახლოებით 1% მიიღეს.
მუნიციპალური საბჭოს პირველი და მეორე დონის წევრების არჩევნებში დაახლოებით მსგავსი სურათი დაფიქსირდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ ლიდერობენ კომუნისტები ხმათა დაახლოებით მესამედით, მეორე ადგილი კი ლიბერალ დემოკრატებს უჭირავთ 25%-იანი მხარდაჭერით. საბოლოო ჯამში, კომუნისტურმა პარტიამ შეინარჩუნა ლიდერობა.
უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტთა დაახლოებით ნახევარში მერობის კანდიდატებმა ვერ მოახერხეს 50%-იანი ბარიერის გადალახვა, რის გამოც დაინიშნა მეორე ტური. 4 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებმა ზუსტად ხმათა 50% მიიღეს, სამმა მერობის კანდიდატმა და ერთმა მუნიციპალიტეტის წევრმა მიიღო ხმათა 100%, ვინაიდან საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ისინი იყვნენ წარდგენილნი.
ყველაზე მწვავე ბრძოლა გაიმართა კიშინოვის მერის პოსტისთვის. ამ ადგილისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა ძირითადი პოლიტიკური ძალებიდან. კომუნისტური პარტიის წარმომადგენელს, იგორ დოდონს, ხმა მისცა ამომრჩეველთა 48.06%-მა (166 232 ამომრჩეველი), ლიბერალური პარტიის კანდიდატმა, დორინ კირტოაკემ მიიღო 46.51% (160 827 ხმა), ხოლო ვალენტინ ბულიგმა დემოკრატიული პარტიიდან მიიღო ხმათა მხოლოდ 2.56 %. იმის გამო, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა ბარიერი, 19 ივლისს დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რის შედეგადაც მერის პოსტი მოიპოვა დორის კირტოაკემ ერთ პროცენტიანი უპირატესობით კომუნისტების კანდიდატთან (არჩევნების მეორე ტურში ხმათა უმრავლესობის მქონე მხოლოდ ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას). შედეგებს საკმაოდ მწვავე შეფასება მოჰყვა მოლდოვის კომუნისტური პარტიის მხრიდან:
„ერთ პროცენტიანი განსხვავება არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც დამარცხება, მეტიც, კიშინოვის მოსახლეობამ მშვენივრად იცის, რომ არჩევნების ორივე ტური გაყალბებული იყო მთავრობის მიერ“ - განაცხადა იგორ დოდონმა არჩევნების მეორე დღეს.
ექსპერტების შეფასებით, არჩევნების მეორე რაუნდი კიშინოვში პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციისა და თანამშრომლობის მშვენიერი მაგალითი იყო, რამაც შედეგად ლიბერალური პარტიის წარმომადგენელს, დორის კირტოაკეს გამარჯვება მოუტანა.
OSCE/ODIHR-ის ერთობლივი მისიის მიერ არჩევნები მოლდოვაში საკმაოდ დადებითად შეფასდა. მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველა პარტია თანაბარ პირობებში იყო ჩაყენებული და ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლება დაცული იყო.