ბათუმის ოპერა მინარეთის ფორმის წაწოწოლავებული ფიგურებითაა „დამშვენებული“

ბათუმის ოპერა მინარეთის ფორმის წაწოწოლავებული ფიგურებითაა „დამშვენებული“

[ნინო მიქიაშვილი]

თურქულ ქალაქად ქცეულ ბათუმის შესასვლელში, ოპერისა და ბალეტის თეატრად გადაკეთებულ ხელოვნების ინსტიტუტის ყოფილ შენობაში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც ბათუმელებმა ასე აგვიხსნეს - „ახლახანს აქ სააკაშვილი იყო მოსული. მუშები გაამწკრივა და უთხრა, „ამ შენობას 14 აგვისტომდე თუ არ ჩააბარებთ, მე კოტე ვიქნები და თქვენ ქეთოებიო“. ეს მუქარა პირდაპირი ეთერით გადაიცა, ჩვენი თვალით ვუყურეთ და მოვისმინეთ, მაგრამ შემდეგ, საინფორმაციო გამოშვებებში „ქეთოს და კოტეს“ სუპერახლებული ვერსია აღარ გაუმეორებიათ“.

რადგან ჩვენს დროში ღირებულს თითქმის ვეღარაფერს ქმნიან - ვეღარც ოპერას წერენ, ვეღარც სიმღერას და ვეღარც ცეკვას დგამენ, იმის გადაკეთება და გათანამედროვეობა დაიწყეს, რამაც დროს გაუძლო. ამჯერად ვიქტორ დოლიძის ოპერას, „ქეთოს და კოტეს“ მიადგნენ.

თანამედროვე ვერსიის პრემიერა 14 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობის მიხედვით, ახლებური ვერსიის ავტორია რეჟისორი დავით დოიაშვილი, მიუზიკლის მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკა მემანიშვილი, ქორეოგრაფიულ ნაწილს კი ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

წინასწარ ვიცით ისიც, რომ 14 აგვისტოს პრემიერაში მონაწილეობას 200-ზე მეტი მსახიობი და მომღერალი მიიღებს. ქეთოს როლს სოფო ნიჟარაძე შეასრულებს, კოტეს - ბათუმელი მომღერალი ნიკა ბერიძე. ხანუმას როლში კი არც მეტი, არც ნაკლები, ნანი ბრეგვაძე მოგვევლინება.

ეს როლები იმ ვერსიისთვისაა განაწილებული, რომელსაც რეჟისორი დავით დოიაშვილი ხელმძღვანელობს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპერისა და ბალეტის ახალი შენობა 14 აგვისტომდე ვერ დასრულდება.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალ შენობაში კომპანია „ანაგი“ ბოლო სამუშაოებს ახორციელებს, ოპერის შენობის დიზაინი და არქიტეტურა კი ლადო ხმალაძეს ეკუთვნის.

ბათუმის ოპერის შენობის არქიტექტორის ვინაობით 7-8 აგვისტოს, ბათუმში ყოფნისას დავინტერესდით და არა იმიტომ, რომ შენობის არქიტექტურით მოხიბლულები დავრჩით. ამ შენობას, პირვანდელი იერი მთლიანად დაკარგული აქვს. ახალი შენობის თავზე მინარეთის ფორმის უთვალავი წაწოწოლავებული ფიგურააა დადგმული. შენობის წინაც იგივე ფიგურებია აღმართული. ჯერ არ ვიცით როგორია შენობის ინტერიერი, მაგრამ გარეგნულად ჩვენი აზრით, ეს შენობა თურქული ოპერისა და ბალეტის შენობად უფრო გამოდგება.

შეგახსენებთ, რომ ოპერისა და ბალეტის ახალი შენობა ბათუმის შესავლელში დგას, რესტორან „ოქროს თევზის“ მოპირდაპირე მხარეს. ეს ის რესტორნია, რომელსაც „შორტებში“ გამოწყობილი მიხეილ სააკაშვილი კატერით ხშირად სტუმრობს ხოლმე.