„კალაძის კანონიერ ქურდებთან კავშირი „ჯიბის ტელევიზიების“ მოგონილია

„კალაძის კანონიერ ქურდებთან კავშირი „ჯიბის ტელევიზიების“ მოგონილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, კახი კალაძის პრესსამსახურის  ხელმძღვანელი, ოთარ ჩრდილელი გავრცელებულ ინფორმაციას, კახი კალაძის ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ  „ჯიბის ტელევიზიების“ მიერ გამოგონილ ამბავს უწოდებს.

„ სისულელეა და ის მხოლოდ „ჯიბის ტელევიზიების“ მიერ გამოგონილია. ყველამ კარგად ვიცით, ეს ტელევიზიები ვისაც ეკუთვნის. ისაუბრონ, არ არის პრობლემა. ხალხმა სიმართლე იცის და მაღლიდან ღმერთი იყურება. ეს კალაძის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის გაგრძელებაა და მიზნად მისი, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დისკრედიტებას ისახავს “-განაცხადა მან.

ჩრდილელის განმარტებით, კალაძე თბილისში იმყოფება და არავითარი საერთო ე.წ. კანონიერ ქურდებთან არ აქვს.

ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, კახი კალაძე რამდენიმე დღის წინათ მილანში ქართველ კანონიერ ქურდებს შეხვდა.

როგორც მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან, ჯემალ მიქელაძესთან, თეიმურაზ ნემსიწვერაძესა და ვლადიმერ ჯიბლაძესთან კალაძის შეხვედრა ერთ ერთ პრესტიჟულ უბანში შედგა.

აქვე მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ კალაძე მილანში ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ აქციამდე იმყოფებოდა.