მალე საქართველოში ოქრო გაძვირდება

მალე საქართველოში ოქრო გაძვირდება

[რეზონანსი მარი ჩიტაია]

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს მიმართ მოთხოვნა პიკზეა. აშშ-ს საკრედიტო რეიტინგის დაცემამ ინვესტორები იმდენად შეაშინა, რომ კაპიტალს მასობრივად აბანდებენ ოქროში. ინვესტორების არნახული გააქტიურების შედეგად ოქრო იმდენად გაძვირდა, რომ პლატინის ღირებულებასაც გასცდა. ასეთი უპრეცედენტო ფაქტი საერთაშორისო ბირჟებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა, როცა 1 უნცია ოქრო ერთბაშად 61 დოლარით გაძვირდა და 1770 დოლარს გადააჭარბა. ეს ისტორიული რეკორდია, რომელიც ოქროს ფასმა დაამყარა.

სპეციალისტების შეფასებით, ინვესტორებში ძირითადი ვალუტების - დოლარის და ევროს - მიმართ ნდობა სულ უფრო ეცემა და ურჩევნიათ თავიანთი კაპიტალი ოქროში დააბანდონ. ოქროს ფასის რეკორდულად მაღალ ნიშნულს სპეციალისტები მსოფლიო ეკონომიკის მიმართ შიშის ფაქტორით ხსნიან.

2010 წლის დასაწყისიდან ოქრო 22-25 პროცენტითაა გაძვირებული. როგორც ვარაუდობენ, ოქროს ფასის ზრდა, შესაძლოა, 10 წელი გაგრძელდეს, რაც 1920 წლის შემდეგ ყველაზე გრძელვადიანი პერიოდი იქნება.

კრიზისის დროს ინვესტორებისთვის ეკონომიკაში ოქრო განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს. ძვირფას ლითონს განიხილავენ, როგორც საიმედო ალტერნატივას არასტაბილურ ვალუტასთან შედარებით. ხშირად გლობალურ ეკონომიკაში არასტაბილურობის პერიოდში ოქრო ინვესტორებს ეხმარება არა მხოლოდ შეინარჩუნონ თავისუფალი ფულადი რესურსები, არამედ გაზარდონ კიდეც.

ახალი ეკონომიკური კრიზისის მოახლოების შიშმა რუსეთისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეები იმდენად შეაშფოთა, რომ აქტიურად დაიწყეს ოქროს ლითონისგან დამზადებული მონეტების შეძენა. 8 აგვისტოს, როდესაც რუსეთის საფონდო ბაზრებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა, ოქროზე, ვერცხლსა და პლატინაზე მოთხოვნა 10%-ით და მეტად გაიზარდა.

საერთაშორისო ბაზრის ტენდენცია "ზარაფხანას" ფასებზე ჯერჯერობით არ ასახულა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოქრო ქსელში არ გაძვირებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ოქროს "ზარაფხანაც" გააძვირებს.

"საერთაშორისო ტენდენციები ქართულ ბაზარზე მოგვიანებით აისახება ხოლმე. ამასთან, დღეს ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა დაბალია და მომწოდებელი ცდილობს, დაბალი ფასი შეინარჩუნოს.

ამ ეტაპზე ჩვენთან 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი 100 ლარია, ბაჯაღლო - 110 ლარი ღირს. 1 გრ ვერცხლი 1,10 ლარამდეა გაძვირებული. ცოტა ადრე მისი ფასი 80 თეთრი იყო. ოქროს ფასმა კორექტირება 4-5 თვის წინათ განიცადა და საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ცვლილებები მას შემდეგ არ აუსახავს. ახლა უპრეცედენტოდ მაღალი ფასებია და იძულებული ვართ, ცვლილება ჩვენს ქსელშიც განვახორციელოთ. უახლოს პერიოდში ჩამოვყალიბდებით და ტარიფებს შევცვლით", - ამბობს კომპანიის თანამშრომელი.

ქართველი ექსპერტების ვარაუდით, ოქროზე ფასის ზრდა შიდა ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ჯერჯერობით ვერ მოახდენს, ასეთი ტენდენცია არ შეიმჩნევა. როდესაც მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ძვირდება და აქტიური შესყიდვებია, ქართული ბაზარი ამ ცვლილებას გაზრდილი ფასით და შეჩერებული რეალიზაციით ასახავს. თუმცა, ახლა ექსპერტები მაინც უშვებენ იმის ალბათობას, რომ ოქროზე მოთხოვნა მცირედით მაინც გააქტიურდეს. რაც შეეხება ზოგადად ოქროს გაძვირების გავლენას, არ არის გამორიცხული, ასახვა მან იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე მოახდინოს.

"ვფიქრობ, აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის დაცემა საქართველოზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. მთავარი, რაც აისახება ქართულ ბაზარზე აშშ დოლარის შესუსტებაა, რომელიც რეიტინგის შემცირების შემდეგ გრძელდება. ამ ფონზე გრძელდება ოქროს გაძვირების პროცესი, რაც ასევე ასახვას ჰპოვებს ქართულ ბაზარზე", - აცხადებს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.

ექსპერტი ავთო სილაგაძე კი ნაკლებად ვარაუდობს, რომ ოქროს ფასი ქვეყნის შიდა ეკონომიკურ ვითარებას შეცვლის, თუმცა არ გამორიცხავს, მორიგი გაძვირების შემთხვევაში მან უბიძგოს ფასების ზრდას, რაც განსაკუთრებით იმპორტირებულ ნაწარმზე მოახდენს გავლენას.

"საერთოდ, ოქროს გაძვირება მსოფლიო მასშტაბით 2 წელი მიმდინარეობდა. არა მგონია, ჩვენს ბაზარზე მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. მით უფრო, რომ ანგარიშსწორებას ოქროთი ვერ ვახდენთ, ეს უფრო დაგროვების საშუალებაა. ის, ვინც კაპიტალს ფლობს, ოქროზე მოთხოვნას არ შეამცირებს თუ არ გაზრდის. განსაკუთრებით ის კატეგორია, ვინც უცხოურ ვალუტაში თანხის დაბანდებას არ ენდობა. ამიტომ სრულად შესაძლებელია, ოქრო დაბანდების საშუალებად გამოიყენონ. ამას მოსახლეობა ვერ გააკეთებს.

რეალურად ოქროთი დაინტერესება მეტია, ვიდრე ვთქვათ, უძრავი ქონებით. ასეთი ტენდენცია უკვე დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, რაც უნცია ოქროს ღირებულება 1000 დოლარს გასცდა. მარტივი პრინციპია, რომ დღეს გასაყიდი ხვალ უფრო ძვირად გაიყიდება", - განმარტავს სილაგაძე. მისი ვარაუდით, ოქროს ფასის ზრდა ყიდვა-გაყიდვის გააქტიურებამ გამოიწვია, რასაც პლატინის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა და ამიტომ მოხდა ფასში გასწრება.

"ოქრო დღეს პლატინაზე მეტად არის ყიდვა-გაყიდვის საშუალება. პლატინა, თავისთავად, ყოველთვის ძვირი იყო და მხოლოდ ვიწრო წრე ყიდულობდა. სამომავლოდ ასეთი სხვაობა ტენდენციას შეცვლის: პლატინაც გაძვირდება ან ოქროს ფასი დაიწევს. უფრო მაინც პლატინის გაძვირებას ვვარაუდობ, არა მგონია, ოქრო გაიაფდეს", - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ოქროზე ფასის ზრდა ბოლო პერიოდშიც იყო, მაგრამ მას ფასებზე გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, შესაძლოა, იმპორტირებულ ნაწარმზე ფასის ზრდას უბიძგოს, რადგან საქართველო, ძირითადად, ასეთი პროდუქციის მომხმარებელია.

"ძალიან დიდ როლს ასრულებს ოქროს ფასი ქართული ვალუტის უზრუნველყოფაზე. როგორც წესი, მის სიმტკიცეს განაპირობებს წარმოებული პროდუქტი და ოქროს მარაგი. ეს უკანასკნელი რამდენად მეტი იქნება წარმოებული, ბუნებრივია, კურსიც მეტად გამყარდება", - აცხადებს ავთო სილაგაძე.